წმ. აბო თბილელი
აბულეთისძენი
კახეთის დიდგვაროვან ფეოდალთა საგვარეულო. მამულებს ფლობდა
თეძმის ხეობაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს
პოლიტიკურ ცხოვრებაში XII-XIII სს.-ში.
აბულეთისძეთა ერთ დროს დიდებული საგვარეულო შუა საუკუნეების საქართველოში ცნობილი იყო გამოჩენილი სარდლებითა და საეკლესიო მოღვაწეებით. ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ სამეფო ხელისუფლებას, აქტიურ მონაწილეობასაც იღებდნენ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ გარკვეულ პერიოდში თავიანთი მოქმედებით დაუპირისპირდნენ კიდეც საქართველოს მეფეებს, რაც ზოგჯერ ანგარიშსწორებით მთავრდებოდა. საქართველოში სახელის “აბულეთი” ადრეულ გავრცელებას ადასტურებს X საუკუნით დათარიღებული შიდა ქართლის სოფ. ზედა ლისის (ყოფ. ზნაურის რაიონი) ეკლესიის სამშენებლო წარწერა. Aაქ სახელი “აბულეთი” პირველად არის მოხსენიებული. XII საუკუნის არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკის თხზულების “მაიაფარიკინის და ამიდის ისტორიის” ცნობებზე დაყრდნობით გამოთქმულია მოსაზრება (გოჩა ჯაფარიძე), რომ “აბულეთისძეთა ფეოდალური სახლი XI ს.-ის დამდეგს არა მარტო უბრალოდ არსებობდა, არამედ ის უკვე საკმაოდ ძლიერი და გავლენიანიც იყო”.
ქართული წყაროების მიხედვით, აბულეთისძეთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელია აბულეთი, კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი. იგი იყო დავით აღმაშენებლისა და დემეტრე I-ის სარდალი, რომელმაც 1110 წელს ივანე ორბელთან და გიორგი ჭყონდიდელის დისწულ თევდორესთან ერთად თურქთაგან გაანთავისუფლა სამშვილდე. აღნიშნულ ბრძოლაში აბულეთის მონაწილეობა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს საგვარეულო უფრო ადრე იყო დაწინაურებული და დაახლოებული სამეფო კართან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელი “აბულეთი” ხშირად მეორდება აბულეთისძეთა საგვარეულოში, ალ-ფარიკის მიერ მოხსენიებული “მალიქი” აბულეთი უეჭველად შეიძლება მივიჩნიოთ ამ საგვარეულოს ფუძემდებლად. სავარაუდოა, რომ 1110 წლისათვის აბულეთისძეთა სახლს “არანაკლებ ერთი საუკუნის ისტორია მაინც უნდა ჰქონოდა (ჯაფარიძე)..”
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის გადმოცემით, 1123 წლის 20 აგვისტოს დავით აღმაშენებელთან მივიდნენ თურქთაგან შევიწროებული ანისის მოციქულები და მეფეს ქალაქის ჩაბარებას შეჰპირდნენ. დავითმა “მყის წიგნები წუევისაი მომოდაისრბოლა და მესამესა დღესა სამეოცი ათასი მხედარი წინაშე უდგა. წარემართა და მესამესა დღესა აღიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი”.
XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ვარდან აღმოსავლელი კი იუწყება, რომ შემოერთებული ანისი მეფემ აბულეთს და მის ძეს ივანეს ჩააბარა, ანისის ადრინდელი მმართველი აბულსუარი კი, შვილებითურთ საქართველოში ჩამოიყვანა. ამ აბულსუარის ხორასანში მყოფმა ერთ-ერთმა ვაჟმა (ფადლონმა) “გაიგო რა მამისა და ძმების ამბავი და დავითის სიკვდილი, მოვიდა და ვედრებით სთხოვა აბულეთს და ქალაქის უხუცესებს მამისეული ქალაქი ანისი. რადგანაც ქალაქი დიდ საშიშროებაში იყო თურქთაგან, აბულეთმა დაუთმო მას (ანისი), ზრუნავდა რა ქრისტიანებზე და უფრო მეტად თავის შვილ ივანეზე, რომ არ დაღუპულიყო ხშირი ბრძოლების დროს. თვითონ კი დაბრუნდა სახლში”
დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთებისავის ბრძოლას არ შეიძლებოდა აბულეთისძეთა ინტერესები არ შეწირვოდა. დავით აღმაშენებლის ანდერძის მიხედვით, აბულეთისძეთა საგვარეულოს მეფემ ჩამოართვა მიტაცებული მუხრანი და შიომღვიმე და სამეფო დომენს შეუერთა.
ქართულ ისტორიოგრაფიაში აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენლად არის მიჩნეული XII ს.-ს I მეოთხედის მღვდელთმთავარი, მოდისტოს აბულეთისძე, რომელიც დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკის წინააღმდეგი იყო და თავის ძმასთან, ძაგან აბულეთისძესთან ერთად გმობდა ქვეყნის ცენტრალისტურ პოლიტიკას. ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეთა სამეფო გვარის წინააღმდეგ გამოსვლის შესასწავლად საყურადღებოა დავით აღმაშენებლის ანდერძი, გაცემული შიომღვიმის მონასტრისადმი 1123 წელს.
აღნიშნული ანდერძის მიხედვით შიომღვიმის მონასტრისათვის დავით აღმაშენებელს დიდძალი ქონება შეუწირავს, ამასთანავე განუსაზღვრავს მონასტერში ცხოვრების და სამსახურის წესი და რიგი. ანდერძიდან ირკვევა, რომ დავით აღმაშენებლისაგან განდევნილ და შიომღვიმეს შეფარებული ძაგან აბულეთისძე მემღვიმეებს შეუპყრიათ და გადაუციათ მეფისათვის. მათ მიერ გაწეული სამსახურისათვის დავითმა არსენ ბერს მონასტრის შუა ადგილას ააგებინა ეკლესია.
ძაგანისა და მოდისტოსის მიერ დავით აღმაშენებლის საწინააღმდეგო მოქმედების ფაქტს (აღსართან კახთა მეფისათვის მუხრანისა და ზედაზნის ციხეების გადაცემას) ადგილი უნდა ჰქონოდა დავით აღმაშენებლის მიერ ზედაზნის აღების (1103) შემდეგ. საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა მუხრანი და ზედაზნის ციხე შიომღვიმის მონასტერს უწყალობა.
ზოგიერთი ისტორიკოსი (ა. გოგოლაძე) არ იზიარებს თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული შეხედულებას ძაგანისა და მოდისტოსის აბულეთისძეთა ფეოდალური სახლისათვის მიკუთვნების შესახებ. მისი აზრით, ძაგანი და მოდისტოსი მუხრან-ხერკ-ზედაზნის ქვეყნის მფლობელები იყვნენ – ერთი გიორგი II-ის მიერ ერისთავად დადგინებული, მეორე კი წილკნის ეპისკოპოსი. დავით აღმაშენებლის 1123/24 წლის ანდერძში ძაგან-მოდისტოსის საგვარეულოს შესახებ პირდაპირი მითითება არ არსებობს, არც მათ წინაპრებსა და შთამომავლებზეა რამე ცნობილი, ამიტომ გადაჭრით ძნელია თქმა, ძაგანი და მოდისტოსი რომელ საგვარეულოს ეკუთვნოდნენ.
ივანე აბულეთისძემ დემეტრე I-ის მეფობის პერიოდში (1125-1156 წწ.) თურქთაგან გაათავისუფლა დმანისი. აღნიშნული ფაქტი მითითებული აქვს XIII-XIV სს.-ის სომეხ ისტორიკოსს, სტეფანოს ორბელიანს. საბოლოოდ ივანე აბულეთისძე შეეწირა სამეფო ხელისუფლებასთან დაპირისპირებასა და პოლიტიკურ უთანხმოებას.
XII ს-ის II ნახევარში აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელთაგან ცნობილია აგრეთვე ივანეს ვაჟი, თირქაშ აბულეთისძე, რომელმაც 60-იან წლებში ამირახორ ლიპარიტ ორბელიანთან და ბექა სურამელთან ერთად დაამარცხა თურქების ჯარი და დაეუფლა ანისს.
როგორც ქართული, ასევე სომხური წერილობითი წყაროების თანახმად, დემეტრე I-ს არაერთხელ დაუპირისპირდა მისი შვილი დავით V, რომელიც გრძნობდა მამის კეთილგანწყობას უფრო მეტად უმცროსი ვაჟის გიორგი III-ისადმი (1156-1184 წწ.). როდესაც დავითმა თავის თანამზრახველებთან ერთად აიძულა დემეტრე IO დაეთმო სამეფო ტახტი, მის მხარეზე აბულეთისძეთა საგვარეულოს ზოგი წარმომადგენელიც ყოფილა. ვარდან აღმოსავლელი თავის “მსოფლიო ისტორიაში” დავითის შეთქმულების მონაწილედ ასახელებს ივანეს, რომელსაც თითქოს ამ საქმეში მონაწილეობას საკუთარი მამა, აბულეთი, უშლიდა _ “თეთრ წვერს იგლეჯდა და უკრძალავდა ამას”. იმავე ვარდანის გადმოცემით, Mმეფემ (დემეტრემ) დავითი შეიპყრო და თვალები დასთხარა, ხოლო ივანე აბულეთისძე სიკვდილით დასაჯა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ვარდან აღმოსავლელის ეს ცნობა არ არის სარწმუნოდ მიჩნეული, რადგან არცერთი წერილობითი წყარო დავით დემეტრეს ძეს უსინათლოდ არ მოიხსენიებს. იმავე ვარდანის მითითებით, ივანეს შვილი თირქაში შაჰ-არმენთან წასულა, რომლისგანაც მიუღია არშარუნის ქვეყანა და დაუწყია საქართველოს აოხრება. საბოლოოდ დემეტრე მეფემ შეიპყრო თირქაშ აბულეთისძე, ხოლო დავით დემეტრეს ძემ, სამეფო ტახტის მიტაცების შემდეგ, იგი ციხიდან გაათავისუფლა და ამირსპასალარად დანიშნა. აღნიშნული ფაქტი სწორედ იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ივანე და თირქაშ აბულეთისძენი დავითის მოკავშირენი იყვნენ დემეტრე I-ის წინააღმდეგ და მადლიერმა დავითმა ერთგულებისათვის თირქაშს წყალობა უყო.
აბულეთისძენი XIII საუკუნეშიც იხსენიებიან მაღალი პატივით სამეფო კარზე. 1963 წელს სომხეთში ბარანის ციხეზე აღმოჩნდა ქართული წარწერა, რომელშიც მოხსენებულია აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი ივანე: “ქ. მე ივანე აბულეთისძემან ათაბაგმა და ამირსპასალარმან, დმანისი წავიღე და ციხე ავაგე და კარი თანა ჩამოვიტანე, ესე ქუეყანა დიდთა ჟამთა ოხერი და საშიში იყო. ოთხსა თუესა ესე ციხე ავაგე მეფობასა დიმიტრისათა მეფისასა, და შემდგომად ჩუენსა ღმერთმან თქუენ ესეთი ჟამი მოგეცინ, რომელ სადგომი თქუენი ბაღდადი იყოს ერთგულებასა შინა დიმიტრისასა, ამინ.”
როგორც ირკვევა, ბარანის წარწერაში მოხსენებული ივანე აბულეთისძე, ათაბაგი და ამირსპასალარი, დემეტრე თავდადებულის თანამედროვეა. წარწერა უნდა შეესრულებინათ 1270-1273 წლებს შორის.
ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აბულეთისძეთა საგვარეულოს არსებობას XIII ს-ის II ნახევარშც, არის 1259 წელს გაცემული ძაგან აბულეთისძის დაწერილი მღვიმისადმი.
XV საუკუნის დასაწყისში აბულეთისძეთა საგავარეულო მამულს სამეფო კარი უბოძებს ჯერ მარილელ-აბაზასძეებს, შემდეგ ზევდგინისძე-ამილახორებს.
wyaroebi da samecniero literatura:
1. T. Jordania. Qqronikebi da sxva masala saqarTvelos istoriisa da mwerlobisa. Wigni 2. Tb. 1897
2. qarTuli samarTlis Zeglebi. i. doloZis gamocema. T.2. Tb.1965
3. stefanos orbeliani. sisakanis istoria. Tiflisi. 1910
4. stefanos orbeliani. “cxovreba orbelianTa”-s Zveli qarTuli Targmanebi. qarTul-somxuri teqstebi gamosacemad moamzada e. cagareiSvilma. Tb. 1978, leqsikoni da saZieblebi daurTo m. SaniZem. Tb. 1992
5. vardan arevelci. Msoflio istoria. Zveli somxuridan Targmnes nodar SoSiaSvilma da eka kvaWantiraZem. Sesavali, komentarebi da saZIeblebi daurTo eka kvaWantiraZem. Tb. 2002
6. qarTuli istoriuli sabuTebis korpusi. t. .I. IX-XIII ss. Seadgines da gamosacemad moamzades T. enuqiZem, v. silogavam, n. SoSiaSvilma. Tb. 1984
7. laSa-giorgis droindeli mematiane. qarTlis cxovreba. I. Tb. 1955
8. Tamaris pirveli istorikosi. istoriani da azmani SaravandedTani. qarTlis cxovreba. t. II. Tb. 1959
9. vaxuSti batoniSvili. aRwera samefosa saqarTvelosa. qarTlis cxovreba. t. IV. Tb. 1973
10. iv. javaxiSvili. qarTveli eris istoria. T. II Tb. 1966
11. s. kakabaZe. daviT aRmaSeneblis anderZi SiomRvimis monastrisaTvis dawerili. Tf. 1912
12. n. berZeniSvili. saqarTvelos istoriis sakiTxebi. t. II. Tb. 1965. t. III. Tb. 1966
13. m. lorTqifaniZe. Ffeodaluri saqarTvelos politikuri gaerTianeba. Tb. 1965
14. r. metreveli. Sinaklasobrivi brZola feodalur saqarTveloSi (XII s.). Tb. 1973
15. n. SoSiaSvili. abuleTi, abuleTisZeni. qarTuli sabWoTa enciklopedia. t. I. Tb. 1975
16. e.cagareiSvili. stefanos orbelianis cnobebi saqarTvelos Sesaxeb. “mravalTavi”. t. XXII. Tb. 2007
17. j. stefnaZe. saqarTvelo XII s. da XIII s-is pirvel meoTxedSi. Tb. 1985
18. n. berZeniSvili, v.dondua, m. dumbaZe. saqarTvelos istoria. Tb. 1958
19. g. jafariZe. abuleTisZeTa sagvareulos istoriisaTvis. Saistorio Studiebi. V. Tbilisis ilia WavWavaZis saxelobis enisa da kulturis saxelmwifo universiteti. Tb. 2004
20. n. SoSiaSvili. Llapidaruli warwerebi V_X ss. Tb. 1980