სულხან-საბა ორბელიანი
ორბელიანთა დიდი ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელი, მრავალმხრივი კულტურული და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, მწერალი, ლექსიკოგრაფი.
სულხან-საბა ორბელიანი საკუთარ ბიოგრაფიას გადმოსცემს ავტოგრაფულ ნუსხებში – “ქილილა და დამანას” ანდერძში, “ძლისპირის” და ლექსიკონის ავტოგრაფულ ხელნაწერებში (H_1658); შემონახულია მისი მიმოწერა საერო და სასულიერო პირებთან, მემუარული ჩანაწერები და სხვ. ეს მასალა დოკუმენტურად ასახავს მის კულტურულ და პოლიტიკურ მოღვაწეობას, უაღრესად ფართო თვალსაწიერს და ეროვნულ მიზანსწარფვას.
სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა სოფელ ტანძიაში 1658 წლის 24 ოქტომბერს. იგი იყო ვახტანგ ორბელის – “საქართველოს ბრჭეთ მთავრისა და მოსამართლეთუხუცესის” ოჯახში; იყო მეფე არჩილ II-ის, გიორგი XI-ისა და ლევან ბატონიშვილის (ვახტანგ VI-ის მამა) დედის ძმისწული. მისი დედა თამარი ზაალ არაგვის ერისთავის ასული იყო.
სულხანმა, რომელიც მაღალ არისტოკრატულ წრეს ეკუთვნოდა, ჩინებული სასულიერო და საერო განათლება მიიღო. იგი გიორგი XI-ის “შვილურად გაზრდილი და განსწავლებული” ყოფილა. ყრმობიდან შესდგომია “ძლისპირთა და გალობათა სწავლას”, მამისგან დაუფლებია კალიგრაფიის ხელოვნებას, შეუსწავლია უცხო ენები – სომხური, თურქული, ბერძნული, ლათინური, რასაც მოწმობს მის მიერ შედგენილი ლექსიკონი და ავტორისეული მინიშნებები ავტოგრაფულ ხელნაწერებში.
სულხანი გიორგი XI-ის ერთგული თანამებრძოლი იყო ეროვნულ ბრძოლაში ყიზილბაშებისა და რენეგატი ნაზარალი-ხანის (ერეკლე I-ის) წინააღმდეგ. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ვახტანგ ბატონიშვილთან (მომავალი ვახტანგ VI) იყო მისი აღმზრდელი, გულშემატკივარი და პოლიტიკური მრჩეველი იმ ურთულეს ხანაში _ მუსლიმთა მოძალების, ქართველ თავადთა ძალმომრეობისა და მედროვეთა მოღალატური პოლიტიკის პირობებში. სულხანი ეკუთვნოდა მოღვაწეთა იმ დასს, რომელიც იღვწოდა ფეოდალთა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის, სახელმწიფო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგებისა და ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის. მათი უმთავრესი მიზანი საქართველოს ერთ სამეფოდ გადაქცევა იყო (ნ. ბერძენიშვილი).
სულხან-საბას ბიოგრაფია ასახავს ქვეყნის რთულ, შიდა და გარე წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდს. 1688 წელს, როდესაც ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, სულხანი იძულებული იყო გასცლოდა ქართლს. იგი იმყოფებოდა ჯერ იმერთში, შემდეგ სამცხეში. 1698 წელს კი ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტერში საბას სახელით.
1713-1715 წლებში საბა ვახტანგ VI-ის დავალებით ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს დიპლომატიური მისიით, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში. ვახტანგ VI ამ დროს ქირმანშია დატყვევებული. საქართველო მტრულ მუსლიმურ გარემოცვაშია; ირანის, ოსმალეთის, ამიერკავკასიის სახანოებისა და დაღესტნელთა მოძალების პირობებში ქვეყანა ვერ ახერხებდა თვითმყოფადობის შენარჩუნებას საკუთარი ძალებით. ვახტანგ VI და სულხან-საბა გამოსავალს ევროპის ქვეყნებთან დაახლოებასა და მათგან დახმარების მიღებაში ეძებდნენ. საბამ კათოლიკობაც მიიღო გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით. ამან ძალიან გაართულა მისი მდგომარეობა საქართველოში როგორც სასულიერო, ისე საერო წრეებში.
თვით ევროპის ქვეყნებიც იყვნენ დაინტერესებული საქართველოში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით. ევროპის კაპიტალს ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში გზას უკაფავდა ვატიკანი. ამიტომ, ბუნებრივია იმდროინდელი მოღვაწეების მცდელობა, შუამავლად გამოეყენებინათ რომის პაპი ევროპის უდიდეს ქვეყნებთან მოლაპარაკებაში. ვახტანგ VI-ს ირანში ყოფნის დროსაც ჰქონდა კავშირი კათოლიკე მისიონერებთან. დავით ლანგის ცნობით, ფრანგი კაპუცინი პიერ დ’ისუდუნი საფრანგეთის ელჩს კონსტანტინოპოლში სწერდა, რომ ვახტანგ VI-ს გადასცა ლუი XIV-ისა და თვითონ ელჩის წერილები. ვახტანგის პასუხს დაუყოვნებლივ მოჰყვა სულხან-საბას ელჩობა ევროპაში. (ვ. გაბაშვილი). როგორც ცნობილია, “საქართველოს მამად წოდებული” ქართველი მოღვაწე ორჯერ შეხვდა ლუი XIV-ს, დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა მეფის კარზე, ისევე როგორც რომში, კლიმენტი XI-სთან აუდიენციისას, თუმცა საბას და ქართველთა დიდი ნაწილის გულუბრყვილო იმედები არ გამართლდა. საფრანგეთის მთავრობას იმ დროს ირანისა და თურქეთის ბაზრები აინტერესებდა. საბას ელჩობამდე ცოტა ხნით ადრე, 1708 წელს, ირანსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც წინასწარ გამორიცხავდა საბას დიპლომატიურ წარმატებას საფრანგეთის სამეფო კარზე.
1724 წელს მხცოვანი საბა რუსეთში გაემგზავრა ვახტანგ VI-ის ამალასთან ერთად. ვახტანგს ახლდნენ სულხანის ძმებიც. პეტრე პირველის რუსეთი უკანასკნელი იმედი იყო ქვეყნიდან გადახვეწილი ქართველებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერატორს განსაკუთრებული გეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი ჰქონდა საქართველოს მიმართ, რეალური დახმარება არც აქედან ყოფილა. კავკასიონის გადალახვის შემდეგ ვახტანგი დაბანაკდა სოლაღში, საბა კი გაემგზავრა მოსკოვს, რათა მიეღო ნებართვა ვახტანგის ამალის პეტერბურგში ჩასვლის თაობაზე. იგი ვსესვიატსკოეში არჩილის სასახლეში გაჩერდა დარეჯან ბატონიშვილთან. დარეჯანი თავისი პირადი კონტაქტების წყალობით ეხმარებოდა ვახტანგის წარგზავნილ ელჩს პეტრესთან ურთიერთობის დამყარებაში. ჯანმრთელობაშერყეული საბა აქვე გარდაიცვალა 1725 წლის 26 იანვარს. მისი ძმის, დიმიტრის სიტყვებით, “ფრიად მაშვრალი მუშაკი მოკვდა, დაეფლა რუსთ ველსა”.
სულხან-საბა ორბელიანს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული კულტურის, საერო და სასულიერო მწერლობის, ლექსიკოგრაფიის, მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების საქმეში.
იგავ-არაკთა კრებულმა “სიბრძნე-სიცრუისა” სულხან-საბას დიდი მეიგავის სახელი დაუმკვიდრა ქართულ ლიტერატურაში. თხზულება ე.წ. ჩარჩოიანი თხრობის პრინციპითაა აგებული _ მისი სიუჟეტური რკალი შეკრულია და დასრულებული, რომლის შიგნით გარკვეული იდეით ერთმანეთთან დაკავშირებულ იგავებში ავტორი “განათლებული აბსოლუტიზმის” იდეას ქადაგებს; კეთილისა და ბოროტის დაპირისპირების ფონზე იგი ამხელს საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სენს _ სიძუნწეს, ფარისევლობას, ამპარტავნობას, უმადურობას, უმოქმედობას და სხვ. ამავე დროს გონებამახვილური სენტენციების მოშველიებით აღვივებს სიკეთისადმი რწმენას და მაღალზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულების გრძნობას. თხზულება მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვან დოცუმენტს წარმოადგენს იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების შესასწავლადაც (კ. კეკელიძე).
სულხან-საბა ორბელიანის ქადაგებათა კრებული “სწავლანი ანუ ქადაგებანი”, ავტორის სიტყვებით, “უდაბნოს თანა მისვლისათვის და მათთა ნუგეშინის მცემელთათვის ქება”, შემონახულია ერთადერთი ხელნაწერით, რომელიც გადაწერილია სულხანის ძმის ზოსიმეს მიერ მოსკოვში 1729 წელს. კრებული დაწერილია სულხანის ბერობის პერიოდში, დავითგარეჯაში, 1698-1710 წლებში. იგი 46 ქადაგებისაგან შედგება და მოიცავს “სწავლანს” ეკლესიისათვის, აღსარებისათვის, სიმშვიდისათვის, ვერცხლისმოყვარეობისათვის, გიორგობის დღისა და ქართველთა თათრობისათვის და სხვ. “ის ძალზე მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის ისტორიის, სულხან-საბას ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლისათვის და ქართული ჰომილეტიკური მწერლობის ისტორიისათვის (ლ. მენაბდე). გარდა ამისა, მას ეკუთვნის სასულიერო შინაარსის სხვა შრომებიც: ბიბლიის კონკორდანსი ანუ სიმფონია, “წამებანი წმიდისა წინასწარმეტყველთნი”, “სამოთხის კარი” - თქმული “უსწავლელ ბერთა ყრმათათვის” სასწავლოდ” (ხელნაწერი S 2951), “სწავლა მეცნიერთათვის თქმული”.
საბას “სიტყვის კონა”, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, განსაკუთრებული მოვლენაა ქართული კულტურის, ენისა თუ მეცნიერების ისტორიის თვალსაზრისით. მასში დაფიქსირებულია ძველი ქართული სამწერლო ენის ლექსიკა, გამოკრებილი ძველი ქართული ტექსტებიდან, მისი თანამედროვე ენის მონაცემები, მათ შორის ზეპირსიტყვიერებიდან მომდინარე, “სხვათა სიტყვები”. ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის არნოლდ ჩიქობავას სიტყვებით, საბამ “მრავალი სიტყვა, აწ მივიწყებული, ქართულ ენას შემოუნახა და ამით ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართული ენისა და ქართული კულტურის ისტორიას”. ლექსიკონზე მუშაობა სამ ეტაპად მიმდინარეობდა: თავდაპირველად შეიქმნა მოკლე, C რედაქცია (1713 წლამდე, ევროპაში გამგზავრებამდე), B რედაქცია, რომელიც ძირითადად კონსტანტინოპოლში შემუშავდა (1715-1716 წლები), A რედაქცია კი ყალიბდებოდა მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ და ვითარდებოდა მისი სიცოცხლის ბოლომდე. ლექსიკოგრაფიულ მუშაობაში მას დიდ დახმარებას უწევდა ვახტანგ VI – განმარტავდა სპეციალურ ლექსიკას, ავსებდა წყაროებით და დამატებითი ლექსიკური ერთეულებით; და ასევე მისი ძმა ზოსიმე, გადანუსხავდა შევსებულ-შესწორებულ ცალებს (ლ. ქუთათელაძე).
სულხან-საბა ორბელიანმა შექმნა მთელ აღმოსავლეთში ცნობილი იგავ-არაკთა კრებულის “ქილილა და დამანას” სპარსული ენაზე შექმნილი ვერსიის “ანვარე სოჰაილის” C ვერსია. ვახტანგ VI-მ, რომელმაც შეადგინა სპარსული ძეგლის პწკარედული თარგმანი, საბას გაუგზავნა იგი “გასაჩალხავად”, რითაც შემოირიგა უსამართლოდ გარიყული მოძღვარი. სულხანმა შექმნა ქართული ორიგინალური ძეგლის დონის ნაწარმოები, ლექსნარევი პროზის უბადლო ნიმუში. თხზულებაში პოეტური ოსტატობით გამორჩეული ლექსებიცაა ჩართული, მაგალითად ცნობილი ლექსი ”ქალი”, რომელსაც ქართული ლექსის რეფორმატორი მამუკა ბარათაშვილი “უცხოს” უწოდებს. ეს არის პირველი მაგალითი ნოვატორული მეთოდის გამოყენებისა ძველ ქართულ პოეზიაში კლასიკური პერიოდის შემდეგ. “ქალი” დაწერილია ახალი მეტრით, ახალი კომპოზიციური პრინციპის კვალობაზე (ალ. ბარამიძე). ლექსი მდიდარია პოეტური სახეებით, ჟღერადია და ლაღი.
საბამ ორი წელი დაჰყო ევროპაში და თავისი შთაბეჭდილებები ასახა მემუარული ხასიათის ნაშრომში “მოგზაურობა ევროპაში”. ძეგლი დოკუმენტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშია. გარდა ამისა, იგი საკმაო რაოდენობით შეიცავს ცნობებს ქვეყნის (იგულისხმება საფრანგეთი) გეოგრაფიულად დამახასიათებელი ნიშნების შესახებაც. აღსანიშნავია საბას გეოგრაფიული ენის სიწმინდე და მრავალფეროვნება. ძეგლი წარმოაჩენს მის დიდ როლსა და მნიშვნელობას ქართული მეცნიერული გეოგრაფიის განვითარების საქმეში.
წყაროები და samecniero literatura:
სულხან-საბა ორბელიანი, თხზულებათა სრული კრებული, 4 ტომად; თბ. 1962
სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, 2 ტომად, თბ. 1966.
გ. ზარდალიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი, როგორც მოგზაური და გეოგრაფ-კარტოგრაფი, სულხან-საბა ორბელიანი, საიუბილეო კრებული, უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ. 1959
მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ. 1902
ლ. ქუთათელაძე, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის რედაქციები, თბ.1957
ელ. მეტრეველი, ალ. გვახარია, სულხან-საბა ორბელიანის მთარგმნელობითი მეთოდის შესწავლისათვის, სულხან-საბა ორბელიანი, საიუბილეო კრებული, უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ. 1959
მ. თოდუა, ქილილა და დამანას საბასეული ვერსია, თბ.1967
ალ. ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ. 1945
ც. აბულაძე, თურქული ლექსიკური მასალის შესახებ სულხან-საბა ორბელიანის ქართულ ლექსიკონში, თბ. 1962
ალ. ბარამიძე, სულხან-საბა ორბელიანი. ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა, თბ. 1059
ალ. კიკვიძე, სულხან-საბა ორბელიანი და მისი ”მოგზაურობა ევროპაში”, სოხუმი, 1955
ივ. ლოლაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მოღვაწეობიდან, თბ.1959
ლ. მენაბდე, სულხან-საბა ორბელიანი, თბ. 1953
ე. მეტრეველი, სულხან-საბა ორბელიანის უძველესი ავტოგრაფი,
თბ. 1956
i. surgulaZe, sulxan-saba orbelianis politikuri da iuridiuli Sexedulebebi, Tb. 1959
v. gabaSvili, sulxan-saba orbeliani, rogorc diplomati, სულხან-საბა ორბელიანი, საიუბილეო კრებული, saq. mecnierebaTa akademiis gamocema, თბ. 1959
M. Tarchnishvili, J. Assfalg: Geschichte der kirchlichen georgischen literatur, Biblioteca Vaticana, Citta del Vaticano, 1955.
moamzada Tamar abulaZem