მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

ერეკლე I

ქართლის მეფე 1688-1703 წლებში.

 

      ერეკლე I იყო დავითის ძე, შვილიშვილი კახეთის მეფის თეიმურაზ I-ისა. 1654 წელს 10 წლის ერეკლე ბატონიშვილი დედასთან ერთად თეიმურაზმა მძევლად გაატანა იმერეთში ჩამოსულ რუსეთის მეფის, ალექსი მიხეილის ძის ელჩებს. თეიმურაზის ჩანაფიქრით ერეკლე (მას რუსეთში ნიკოლოზად მოიხსენიებდნენ), ბატონიშვილი უნდა დაენიშნათ ალექსი მიხეილის ძის დაზე, ტატიანა ალექსის ასულზე. მაგრამ ეს ნიშნობა რუსეთის მეფეს არ ჩაუთვლია მიზანშეწონილად. ერეკლეს და მის დედას დედოფალ ელენეს რუსეთში მათი წარმომავლობის შესაფერისი პატივით ეპყრობოდნენ

      1659 წლის აჯანყების შემდეგ კახელებმა ახალგაზრდა ბატონიშვილი მეფედ მოიწვიეს. ერეკლე საქართველოში 1662 წელს ჩამოვიდა. საქართველოდან შორს მყოფი ბატონიშვილი კარგად ვერ ერკვეოდა საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაში. იგი კახეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო და ცდილობდა, ეს უფლებები გამოეყენებინა. მის განზრახვას ხელს უშლიდა ვახტანგ V, რომელსაც ქართლ-კახეთის გაერთიანების ფართო პოლიტიკური პროგრამა ჰქონდა ჩაფიქრებული. ერეკლე თუშების დახმარებით შეეცადა კახეთის ტახტის დაჭერას, მაგრამ ვახტანგმა ქართლიდან გაგზავნლი ჯარით დაამარცხა. ერეკლე ბატონიშვილი დედასთან ერთად თორღას ციხეში შეიკეტა. ვახტანგმა ციხეს ალყა შემოარტყა, მეციხოვნენი ის-ის იყო უნდა დანებებულიყვნენ, რომ ვახტანგთან ციხიდან ფარულად გამოსული ელენე დედოფალი მიუვიდა და გზა სთხოვა. ვახტანგმა თავად გააპარა დედა-შვილი. 1666 წელს დედა და შვილი ისევ რუსეთში წავიდნენ.

      1664 წელს ვახტანგმა კახეთში არჩილი გაამეფა, რომელსაც ცოლად ერეკლე ბატონიშვილის და, ქეთევანი ესვა. ვახტანგმა თვითონ გააპარა. სწორედ იქ დაუკავშირდნენ ირანის ელჩები ერეკლე ბატონიშვილს და შაჰის დანაპირები გადასცეს. შაჰი ვახტანგისა და არჩილის წინააღმდეგ ერეკლეს კახეთის ტახტს სთავაზობდა. ერეკლე 1674 წელს დაბრუნა კახეთში. არჩილმა და ქეთევანმა ერეკლეს არაჩვეულებრივი შეხვედრა მოუწყვეს, საჩუქრებით აავსეს და კახელი თავადების ამალით ირანში გაისტუმრეს. არჩილმა, დარწმუნებულმა იმაში, რომ შაჰი კახეთს ერეკლეს უბოძებდა, 1675 წელს ცოლისძმის სასარგებლოდ თავად მიატოვა კახეთი და ახალციხის ფაშასთან გადავიდა. ირანში ჩასულ ერეკლე ბატონიშვილს, მას შემდეგ, რაც ვახტანგ V გარდაიცვალა (1676 .)  შაჰი  ქართლ-კახეთს შეჰპირდა მაჰმადიანობის მიღების პირობით. ერეკლე რჯულის გამოცვლას არ დათანხმდა. მიუხედავად უარისა, ახალგაზრდა ერეკლე შაჰის კარზე მაინც დატოვეს, რათა თანდათანობით ყიზილბაშურ წესზე მოექციათ და საჭირო დროს საქართველოში დაებრუნებინათ.     

      ერეკლემ ირანში გაატარა მომდევნო 12 წელი. ხანგძლივი ყოყმანის შემდეგ მაჰმადიანობა მიიღო ნაზარალი-ხანის სახელით. აქ მან იქორწინა ქართველი თავადის ასულ ანა ჩოლოყაშვილზე, რომელთანაც შეეძინა შვილები, რომლებსაც მუსლიმური წესით ზრდიდნენ. 1688 წელს შაჰმა მეფობა ჩამოართვა გიორგი XI- და ქართლის ტახტი ერეკლე-ნაზარალი-ხანს დაუმტკიცა. ქართლთან ერთად ერეკლემ სამართავად მიიღო კახეთის ნაწილიც _ ქიზიყი და თუშეთი.

      რუსეთსა და ირანში გატარებულმა ახალგაზრდობის წლებმა  ნაზარალი-ხანი მოსწყვიტა ქართულ სინამდვილეს. “არამედ იყო ქართლისა და წესთა საქართველოსათა უცნობელი და მეფობისა გამოუცდელი” (ვახუშტი). ქართლში იგი ირანის კარნახით მოქმედებდა. მან სცადა ხელისუფლების განმტკიცება, მაგრამ ამ მიზნით მხოლოდორგულებიშეცვალაერთგულებით”. თანამდებობეიდან გადააყენა გიორგი მეფის დროინდელი ქართლის თავადები და მათ ადგილები მათსავე გაორგულებულ სახლიკაცებს, ან თავის ერთგულ კახელ თავადებს დაურიგა. ასეთივე ცვლილებები ჩაატარა ეკლესიაში _ კათალიკოსობიდან გადააყენა ნიკოლოზ ამილახვარი და მის ნაცვლად თავისი ბიძა, იოანე დიასამიძე დასვა; აღაზევა მისი მწყალობელი ყიზილბაშები. “ამათ მიაგდო საქმენი ყოველნი ქუეყნისანი და თვით მარადის იშუებდა და იხარებდა და ნადირობდა” (ვახუშტი). ნაზარალი-ხანს საიმედოდ იცავდა ქართლის ციხეებში ჩაყენებული ყიზილბაშთა ჯარი.

      ქალაქური ცხოვრების მოსაწესრიგებლად ნაზარალი-ხანმა ზოგიერთი სასარგებლო ცვლილება გაატარა. კერძოდ, გააუქმა თბილისში მოქმედი ბეითალმანობის წესი და მოქალაქეებს საკუთრების უფლება დაუკანონა, გამიჯნა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა ქალაქის ამქრის წედება.

      ნაზარალი-ხანს ქართლში ბევრი უკმაყოფილო ჰყავდა. 1691 წელს იმერეთიდან ქართლში დაბრუნდა გიორგი XI, რომელსაც ქართლის თავადების უმრავლესობა მიემხრო. მომხრეები ჰყავდა გიორგის კახეთშიც. ნაზარალი-ხანი თბილისის ციხეში ჩაიკეტა. ამ დროიდან მოყოლებული 4 წლის განმავლობაში ქართლში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. “ვიეთნი იყვნენ წინაშე ერეკლე მეფისა და ვიეთნიმე წინაშე გიორგი მეფისა” (ვახუშტი). ასეთი დაყოფა ზოგიერთი საგვარეულო სახლსაც შეეხო. ქართლი ურთიერთბრძოლამ და ქაოსმა მოიცვა. საბოლოოდ, ყიზილბაშთა  ჯარის დახმარებით გამარჯვება ნაზარალი-ხანს დარჩა.

      1703 წელს შაჰმა გიორგი XI- ტახტი დაუბრუნა, ერეკლე კი ირანში გაიწვიეს და ფორმალურად კახეთი დაუმტკიცეს, ფაქტობრივად კი შაჰის გვარდიის უფროსად (ყულარაღასი) დაინიშნეს და ირანში დატოვეს. კახეთის მმართველად კი ერეკლეს შვილი, დავით იმამყული-ხანი გამოუშვეს.  1709 წელს ერეკლე ირანში გარდაიცვალა.

 

                წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოც. IV, თბილისი, 1973.

2.     . კაკაბაძე, ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ცხოვრება, საისტორიო მოამბე, . II, თბ. 1925.

3.     . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VI, 1973.

4.     . ჯამბურია, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII . 30-90 წლებში, საქართველოს ისტ. ნარკვევები IV, 1973. 347-351.

5.     . ტატიშვილი, ქართველები მოსკოვში, თბილისი

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ