მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

შუშანიკ დედოფალი

V საუკუნის II ნახევარი, საქართველოს ეკლესიისა და სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე 17 ოქტომბერი (ძვ. სტილით).

 

 

 

      შუშანიკი წარმოშობით მიეკუთვნოდა უძლიერეს სომხურ ფეოდალურ ოჯახს _ მამიკონიანთა საგვარეულოს, რომელსაც  VIII -ის 80-იან წლებამდე უპირველესი ადგილი ეჭირა სომეხ წარჩინებულ საგვარეულოთა შორისშუშანიკის მამა, სომეხთა სახელგანთქმული მხედართმთავარი, ვარდან მამიკონიანი, იყო შვილიშვილი წმ. საჰაკ დიდისა და შთამომავალი არშაკიდთა საგვარეულოს მეფეებისა. ვარდან მამიკონიანი სათავეში ედგა სომხების აჯანყებას მაზდეანური სპარსეთის წინააღმდეგ და გმირულად დაეცა სპარსელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში 451 წელს (.. ვართანანცის ბრძოლა). ვარდანი სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

      შუშანიკის მეუღლე იყო ვარსქენი, ქვემო ქართლის პიტიახში (მმართველი, ერისთავი), ძე არშუშა პიტიახშისა. შუშანიკსა და ვარსქენ პიტიახშს ჰყავდათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

      შუშანიკისა და ვარსქენ პიტიახშის ოჯახი ცხოვრობდა ქვემო ქართლის საპიტიახშოს ადმინისტრაციულ ცენტრში, დაბა ცურტავში, რომელიც მდებარეობდა დღევანდელ ბოლნისსა და რუსთავს შორის, მდინარეების _ მაშავერასა და ხრამის შესართავთან.

      467 წელს შუშანიკის მეუღლე, ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, სპარსეთის მეფის, პეროზის (459-484 წწ.) სამეფო კარზე გაემართა და სრული მორჩილება გამოუცხადა მას. მეფე პეროზისათვის ერთგულების დამტკიცების მიზნით ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა და მაზდეანობა (იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა) აღიარა, რომელიც იმხანად სპარსეთში გაბატონებულ რელიგიას წარმოადგენდა. სპარსეთთან კავშირი ვარსქენ პიტიახშმა კიდევ უფრო განამტკიცა მეფის ასულზე ქორწინების პირობით და აღუთქვა პეროზს, რომ შუშანიკს _ თავის `ბუნებით~ მეუღლესა და შვილებსაც მიაღებინებდა მაზდეანობას.

             სპარსეთიდან დაბრუნებულ ვარსქენს შუშანიკმა მტკიცე უარი განუცხადა მაზდეანობის მიღებაზე და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ერთგული ქრისტიანული სარწმუნოებისა.

                ვარსქენი არაერთხელ შეეცადა თავისი მეუღლის სულიერი სიმტკიცის გატეხვას მოციქულების მიგზავნით, სიტყვიერი მუქარითა თუ სასტიკი მოპყრობით. პიტიახშმა რამდენჯერმე სცემა თავისი მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით, სახალხოდ შეურაცხყო იგი, მაგრამ მისმა ყველა ცდამ ამაოდ ჩაიარა; ბოლოს ვარსქენმა ციხეში დაამწყვდია შუშანიკი, სადაც მან სრული ექვსი წელი გაატარა. ციხეში შუშანიკი ცხოვრობდა ისე, როგორც ქრისტიანი ასკეტილოცულობდა, მარხულობდა და ხორცის დათრგუნვით ზრუნავდა სულის გადარჩენაზე. Aშუშანიკმა ციხეშივე შეიტყო, რომ მისმა შვილებმა უღალატეს ქრისტიანულ სარწმუნოებას და მაზდეანობის მიმდევარნი გახდნენ, რამაც უდიდესი ტკივილი მოჰგვარა მას. ამის შემდეგ დედოფალს შვილების სახელის ხსენებაც კი აღარ უნდოდა. შვილებიც უფრთხოდნენ დედასმანამდე ისინი ხშირად დადიოდნენ დედის სანახავად საპატიმროშიმაზდეანობის მიღების შემდეგ კი სირცხვილით ვეღარ ბედავდნენ დედასთან გამოჩენას

      შუშანიკის სიმტკიცემ და ქრისტიანული სარწმუნების ერთგულებამ მას შორს გაუთქვა სახელი. პიტიახშის მეუღლესთან იწყეს მოსვლა მნახველებმადიდებულმა აზნაურებმა და უბრალო ხალხმა. აქვე გამოაჩინა შუშანიკმა სასწაულთა აღსრულების უნარიც _ იგი ლოცვით კურნავდა მასთან მისულ ავადმყოფებს

      ციხეში ცხოვრების სასტიკმა პირობებმა და ადგილობრივმა არაჯანსაღმა ჰავამ დაღი დაასვა დედოფლის ჯანმრთელობასპატიმრობის მეშვიდე წელს შუშანიკი მძიმედ დაავადდა. მომაკვდავ შუშანიკთან გამოსათხოვებლად მივიდნენ ერისკაცები და სამღვდელოების წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ ვარსქენის ძმა, ჯოჯიკი მთელი თავისი ოჯახობით, აფოც და იოანე ეპისკოპოსები, დედოფლის პირადი მოძღვარი იაკობ ხუცესი.

      გარდაიცვალა შუშანიკი 475 წლის 17 ოქტომბერს. დედოფლის ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი უნდა დაეკრძალათ იმ ადგილზე, სადაც იგი პირველად გამოათრია მისმა მეუღლემ, ვარსქენ პიტიახშმა. გარდაცვლილი შუშანიკი დიდი პატივით მიაბარეს მიწას.   

      შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ არც ვარსქენ პიტიახშს უცოცხლია დიდხანს: სომეხი ისტორიკოსის, ლაზარე ფარპელის ცნობით, 484 წელს იბერიის ქრისტიანმა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, დაატყვევა ვარსქენ პიტიახში, რომელიც მტანჯველი და სამარცხვინო სიკვდილით აღესრულა ტყვეობაში იმავე წელს.

      შუშანიკის სულიერ ღვაწლსა და მის მოწამეობრივ აღსასრულზე მოგვითხრობს ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება `წამება წმიდისა შუშანიკისი დედოფლისა~, რომლის ავტორია იაკობ ხუცესი (იგივე იაკობ ცურტაველი), დედოფლის პირადი მოძღვარი.

      ჩვენამდე მოაღწია `შუშანიკის წამების~ ორმა ქართულმა რედაქციამ. ერთი მათგანი, .. გრძელი რედაქცია, V საუკუნეშია შექმნილი; მეორე, მოკლე რედაქცია, თარგმნილია სომხურიდან და შემონახულია ერთადერთ ხელნაწერში, რომელიც X საუკუნით თარიღდება (მისი სომხური დედანი, თავის მხრივ, ქართულიდანაა ნათარგმნი).. გარდა ამისა, არსებობს კიდევ გვიანდელი, ანტონ I კათალიკოსის დაწერილი მარტვილობა, რომელიც შეტანილია მის თხზულებაში `მარტირიკა~ და მოკლე, .. სვინაქსარული რედაქცია, რომელიც მოღწეულია XVIII საუკუნის ხელნაწერით.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1. საქართველოს სამოთხე, გამოცემული გობრონ პავლეს ძე საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882, გვ.182-192;
2. იაკობ ცურტაველი, მარტვილობა შუშანიკისი, ქართული და სომხური ტექსტები გამოსცა ილ. აბულაძემ, ტფილისი, 1938, გვ. 3-47 (ვრცელი რედაქცია); გვ. 63 (სვინაქსარული რედაქცია);
3. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, შედგენილი ს. ყუბანეიშვილის მიერ, თბილისი, 1946, გვ. 34-44;
4. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, თბილისი, 1963, გვ. 11-29;
5. იაკობ ცურტაველი, წამება წმიდისა შუშანიკისი დედოფლია, გამოსაცემად მოამზადა ც. ქურციკიძემ, თბილისი, 1979;
6. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, VI, თბილისი, 1980, გვ. 85-105 (ანტონ კათალიკოსის რედაქცია);
7. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, თბილისი, 1968, გვ. 385 (სვინაქსარული რედაქცია).
8. Сабинин М., Полное жизнеописание святых грузинской церкви, ч. I, СПб. 1871, გვ. 141-152;
9. К. Кекелидзе, памятники древнегрузинской агиографической литературы, Тбилиси, 1956, გვ. 17-27; იგივე: ეტიუდები ძვ. ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, XII, 1974, 83-103; იგივე: Якоб Цуртавели, Мученичество Шушаники, Тбилиси, 1979;
10. Яков Цуртавели, Мученичество Шушаник, перевод В. Дондуа, Введение и примечания З. Алексидзе, Тбилиси, 1978;
11.
P. Peeters. Passio Hiberica. Passio nobilis dominae Susanicae. Analecta Bollandiana, t. LIII, fasc. I et II, Bruxelles, Paris, 1935, 24-40;
12.
 D. M. Lang, Lives and Legends of the Georgian Saints, London, 1956, გვ. 44.
13. ივ. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-VIII სს.), თბილისი, 1945, 45-54; თხზულებანი 12 ტომად, VIII, თბილისი, 1977, გვ. 56-65;
14. კ. კეკელიძე კორნელი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1980, გვ. 113-122;
15. ნ. ჯანაშია, შუშანიკის წამება, ისტორიულ წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა, თბილისი, 1980;
16.
 P. Peeters, Sainte Sousanik, martyre en Armeno-Georgie, Analecta Bollandiana, t. LIII, fasc. I et II, p. 5-8, fasc. 3-4, p. 245-307;
17. შ. ონიანი, იოაკბ ხუცესის “შუშანიკის წამება”, თბილისი, 1978 (აქვე ლიტერატურა უფრო ვრცლად, გვ. 124-126).
 

 

 


მოამზადა თინა ცერაძემ