მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

 

სარგის ჯაყელი / ციხისჯვარელი, ათაბაგი XIII . მეორე ნახევარი

სამცხის პირველი დამოუკიდებელი მთავარი, სპასალარი, მეჭურჭლეთუხუცესი (1266_1285 წწ. )

 

 

 

სარგის ჯაყელი, წყაროების მიხედვით, იყო `კაცი დიდად ნამსახური, `ნედ შემმართებელი და მრავალჯერ გამოცდილი და სახელოვან-ქმნილი წყობათა შინა, ტანითა ახოვანი, ელოვნად მბრძოლი ცხენსა ზედა, ნე მოისარი, საჩინოდ ნადირთა უცდომლად მმუსრველი~.

სარგის ჯაყელი ულუ დავითის უერთგულესი ვასალი იყო. მისი მითითებით ულუ დავითის მომხრენი იმერეთის დიდებულებსაც თანამოაზრედ იხდიან. როცა ულუ დავითი აჯანყდა და ეგვიპტეში წასვლაზე უარი უთხრა მონღოლებს, მეფის გვერდით ათაბაგი და შავშეთ-კლარჯეთის ერისმთავარნი დადგნენ. სარგის ჯაყელმა მეფე დიდი პატივით მიიღო, `განუსვენა უმეტეს წესითა მეფისათა~ და თავისი ციხე-ქალაქებიც კი შესთავაზა. მეფემ სამცხის სპასალარის პატივის მქონე სარგის ჯაყელი დანიშნა 8000 ქართველის მხედართმთავრად. იგი უნდა გამკლავებოდა არღუნის 20000-იან ლაშქარს, რომელთა რიგებში იდგნენ ქართლის დიდკაცებიც. ძალთა ასეთ დაპირისპირებაში ერთადერთი გამოსავალი მონღოლთა ტაშისკარის ვიწროებში მომწყვდევა იყო, მაგრამ სარგის ჯაყელმა შეცდომა დაუშვა და მტერს ქართლის გაშლილ ველზე შეხვდა. შედეგიც შესაბამისი იყო, დამარცხებულმა მეფემ და მხედართმთავარმა თავი დასავლეთ საქართველოს შეაფარეს, მაგრამ 1264 წელს იძულებულნი გახდნენ ჰულაგუ ყაენს ხლებოდნენ. იქ სამსჯავროზე უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი მეფის ნაცვლად სარგის ჯაყელი წარსდგა. საუბარს `კეთილმეტყუელი~ და `სიტყუამარჯუე~ სადუნ მანკაბერდელი წარმართავდა. სარგის ჯაყელის ნათქვამს `კაზმავდა~ და შელამაზებულად უთარგმნიდა დამსწრეთ. ათაბაგმა აჯანყების მოწყობა, მეფის გადარჩენის მიზნით, თვითონ დაიბრალა: `მეფე უბრალო არის, მე ვარ რომელმაც განვაყენე მეფე კარისაგან თქვენისა~. აჯანყების დაწყების აუცილებლობაც დაასაბუთა, მიზეზად მონღოლ ხარკის ამკრებთა თავგასულობა და მექრთამეობა მოიტანა, ხოჯა აზიზის ბოროტი საქმიანობა ჩამოთვალა. ქართველებს აჯანყების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდათ ამ ვითარების ყაენისათვის შესატყობინებლად, რადგან ხოჯა აზიზს `ქრთამით ჰქონდა კარი ყეენისა შეკრულიო~. კაცმა არ იცის, სარგის ჯაყელის საზრიანობა და მეფისადმი თავდადება რა შედეგს გამოიღებდა, რომ ჰულაგუ ყაენს თავისი მოსისხლე მტრის, ამ დროს დარუბანდს მომდგარი ბერქა ყაენის წინააღმდეგ ქართველების თანადგომა არ დასჭირვებოდა. ყაენმა თავის ჯარს წინ ჩაუყენა ქართველების ლაშქარი მეფისა და ათაბაგის წინამძღოლობით.

სარგის ჯაყელმა ჩრდილოელ ურდოებთან ბრძოლაში თავდადებისათვის ჰულაგუ ყაენისაგან სიგელით (`იარლიყით~) მიიღო კარნუ ქალაქი დამისი მიმდგამი ქვეყანა”. მოშურნე პირებმა `მალემრწმენ~ მეფეს ჩააგონეს, ყაენმა ისე განადიდა სარგის ჯაყელი, რომ `არღარა იქნების მორჩილი მეფობისა თქუენისაო~. ულუ დავითმა დავიწყა ათაბაგის `მსახურება~ და მუდმივი ერთგულება. სიბაზე წასასვლელად თბილისში მოიწვია სარგის ჯაყელი და `შინად ტყუე ყო~. მაგრამ სარგის ჯაყელის `თანამყოლი~ აზნაურების გარჯით ათაბაგი ყაენის კარზე აღმოჩნდა. ცილისწამების მსხვერპლი მეფისაგან სასიკეთოს აღარაფერს მოელოდა. მას თავი მეფის მოსალოდნელი შურისძიებისაგან უნდა ეხსნა, ან სამშობლოში დაბრუნებაზე სამუდამოდ ეთქვა უარი. ათაბაგმა პირველი გზა ირჩია და ყაენს მისი უშუალო მფარველობის ქვეშ მიღება სთხოვა მთელი თავისი სამფლობელოთურთ. ასე გაჩნდა ქართული ფეოდალური მონარქიის წიაღში სამცხის დამოუკიდებელი სამთავრო. ათაბაგის ეს იძულებითი გადაწყვეტილება საქართველოს მთლიანობისა და ძლიერებისათვის საბედისწერო ნაბიჯი იყო. სამცხე მონღოლთა სახასო მამულად, `ხასინჯუდ~ იქცა. როცა დემეტრე II ყაენმა ქართველთა მეფედ დაამტკიცა, მას დაუმორჩილა `ყოველი საქართველო, ნიერ სარგის ჯაყელის სამფლობელოსი~. ისედაც ფაქტობრივად ორ სამეფოდ დაყოფილ საქართველოს, გამოეყო მისი მესამედი ნაწილი, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული მხარე. სათავე დაედო სამეფოსგან სამთავროთა განკერძოებას.

ყაენს დაქვემდებარებული ათაბაგის სამფლობელო მოიცავდა ვრცელ ტერიტორიას `ტაოსკარითგან კარნუ-ქალაქამდის, სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი და უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი, ნიგალის ევი, არტანუჯი, ათორმეტი უდაბნონი, კარნიფორი და ორნივე არტაანი და მრავალნი სოფელნი ჯავახეთსა~.

ისტორიის გადასახედიდან სულ ცოტა ხანში, ათაბაგის სამფლობელომ მოიხსნა `ხასინჯუს~ სტატუსი და იგი ირანის ილხანების ყმადნაფიცი სამეფო გახდა. სარგის I-ის ძე ბექა `ხარაჯას მისცემდა ყაზანს და ლაშქრითა შეეწეოდა~. ასე გახდნენ ჯაყელები `ულუსისანი ვიდრე ჟამამდე მეფეთა შორის ბრწყინვალისა და დიდისა გიორგისთა~. ირკვევა, რომ კავშირი საქართველოს მეფესა და სამცხის მთავრებს შორის გიორგი ბრწყინვალემდეც არ გაწყვეტილა. სარგის ჯაყელი, რომელიც `მორჩილებდეს მეფეს დემეტრეს~, დემეტრე თავდადებულის მეჭურჭლეთუხუცესი გახდა. ბექას კი მამის სიცოცხლეშივე ებოძა მანდატურთუხუცესის სახელო.

თუმცა ძლიერმა მიწისძვრამ ქვეყანა შეარყია და ბევრი რამ მიწასთან გაასწორა, მესხეთი საქართველოს სხვა პროვინციებთან შედარებით ეკონომიურადაც ძლიერი გახდა. 1301 წლის შიმშილობისას ქართველები მხოლოდ მესხეთში პოულობენ `სასყიდლად პურს~. მოსახლეობაც მომრავლდა.

მონღოლთა ყმადნაფიცებს ქრისტეს სჯული ამხნევებდათ და ძლიერ ღვთისმოსავებადაც დარჩნენ. `სენითგან სიბერისათა~ დაუძლურებული სარგის ჯაყელი დაავადებული ყოფილა `სენითა ფერისა ტკივილისათა~. მას სიცოცხლის ბოლო ჟამი, სხვა ფეოდალებისა და მეფეთა მსგავსად, სულიერ `წარუვალ~ საქმიანობაში გაუტარებია. საბას სახელით ბერად აღკვეცილა. მისმა ერთადერთმა მემკვიდრემ დიდმა ბექამ საგანგებოდ მამისათვის ააგო ტაძარი საფარაში იმ წმინდანის სახელობისა, რომლის სახელს ატარებდა ბერადშემდგარი სარგის ჯაყელი.

საფარის წმიდა საბას ტაძარში არის ფრესკული გამოსახულება გრძელწვერიანი შავითმოსილი მოხუცი სასულიერო პირისა, რომელსაც ახლავს წარწერა `საბა ათაბაგი~. სხვაგან `წმიდა საბა პატრონად~ იხსენიება.

 

            წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.  ჟამთაღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო . კიკნაძემ, თბ., 1987.

2. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, . IV, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1973.

3. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, . III, თბ., 1982.

4. კირაკოს განძელი, Киракос Гандзакеци, История Армении, изд. Л. Ханларян. М., 1976.

5. ტეფანოზ ორბელიანის `ცხოვრება ორბელიანთა~- ძველი ქართული თარგმანები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო . ცაგარეიშვილმა, თბ., 1978.

6. . კიკვიძე, სამცხის სამთავროს წარმოშობა საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში, თსუ- შრომები, . 37, თბ., 1949.

7. . ბერძენიშვილი, თათართა ბატონობის ხანა, თბ., 1941.

8. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . III, თბ., 1979.

9. . ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII_XVI საუკუნეები, თბ., 1955.

10. . გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1964.

 

 

 

 

მოამზადა ცისანა აბულაძემ