მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

დემეტრე II თავდადებული

საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში.  საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 12 მარტი.

 

            დემეტრე იყო ძე დავით ულუს  და გვანცა  დედოფლისა.  დემეტრე II მამის გარდაცვალების (1270 წ.) შემდეგ, 11 წლის ასაკში მონღოლებმა მეფედ დაამტკიცეს და მცირეწლოვანების გამო მეურვედ დაუნიშნეს მონღოლთა ყაენის ნდობით აღჭურვილი პიროვნება, სადუნ მანკაბერდელი. ჯერ კიდე ყაენის კარზე ყოფნის დროს, 1272 წელს, მცირეწლოვანმა დემეტრემ ზეშთაგონებით სადუნს ათაბაგობა უბოძა.

            1259 წელს დაბადებული დემეტრე II დედის, გვანცა დედოფლის, სიკვდილით დასჯის დროს 3 წლის ბავშვი იყო. მამამისმა, დავით ულუმ,  მესამე ცოლი შეირთო და დემეტრე გასაზრდელად მიაბარა ტარსაიჭ ორბელს. მამის გარდაცვალებისას დემეტრე 11-12 წლის ყმაწვილი იყო.

            14-15 წლის დემეტრე II ტრაპიზონის კეისრის ასულზე დააქორწინეს. მას ოთხი ვაჟიშვილი შეეძინა: დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა და ერთი ასული რუსუდანი. დემეტრემ მეორე ცოლად მონღოლი ნოინის ქალი შეირთო, სოლღარი, რომლისგანაც შეეძინა ორი ვაჟი - ბაადური და იადგარი,  და ერთი ქალიშვილი _ ჯიგდა ხათუნი.

            დემეტრეს მესამე მესამე ცოლიც ჰყავდა,  ბექა ჯაყელის ასული ნათელა, მომავალი  გიორგი ბრწყინვალის დედა.

             დემეტრეს მცირეწლოვანების დროს სადუნ მანკაბერდელი ფაქტიურად მთელ ქვეყანას განაგებდა, აღზევდა, გამდიდრდა, ამირსპასალარიც გახდა. სადუნის გარდაცვალების შემდეგ დემეტრემ  მის შვილს, ყუთლუ-ბუღას ათაბაგობა აღარ მისცა, და მხოლოდ ამირსპასალარობა დაუტოვა. ათაბგობა დემეტრემ თავის გამზრდელს  ტარსაიჭ ორბელს უწყალობა.

            დემეტრე II-ს სამფლობელო მხოლოდ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა, დასავლეთ ნაწილში მეფობდა დავით ნარინი, სამცხე კი უშუალოდ ყაენს ემორჩილებოდა, ეს მხარე  1266 წლიდან  მონღოლებმა “ხასინჯუდ”  გამოყვეს. მეფემ სამცხესთან ურთიერთობის განმტკიცების მიზნით სამცხის მთავარს ბექა ჯაყელს მანდატურთუხუცესობა უბოძა.

            მონღოლთა ბატონობის გამო დემეტრე II-ის მეფობის დროს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1278 წელს მონღოლთა მიერ საქართველოში ჩატარებული აღწერის შედეგად გაირკვა, რომ პირველი აღწერის (1254-1256 წ.) შემდეგ ქვეყნის დიდი ნაწილი აოხრებული იყო. დემეტრე II ცდილობდა დაცემული  ეკონომიკის  გამოსწორებას. მიუხედავად მძიმე საშინაო ვითარებისა, მან შესძლო თბილისში მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის აშენება.

            დემეტრე  II ერთგულად ასრულებდა მონღოლთა მიერ დაკისრებულ სამხედრო ბეგარას - ქართველთა ჯარით მონაწილეობდა მათ ლაშქრობებში. 1277,1280, 1281 წლებში ქართველებმა მონაწილეობა მიიღეს მონღოლთა ბრძოლებში ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ. 1281 წელს ამასიასთან ბრძოლაში მონღოლები დამარცხდნენ, დიდი იყო მსხვერპლი ქართველთა მხრიდან, თვითონ დემეტრე II ძლივს გადაურჩა სიკვდილს. 1289 წელს დემეტრე მეფემ მონაწილეობა მიიღო დარუბანდის ციხე ანიყასთან ჩრდილოეთის ურდოს წინააღმდეგ მონღოლთა ბრძოლაში .   

            1289 წელს ილხანთა მონღოლური სახელმწიფოს პირველ ვაზირს, ბუღას, ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება დაბრალდა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს. დემეტრე II, როგორც ბუღასთან დაახლოებული პირი, ყაენის კარზე დაიბარეს, სადაც მის წინააღმდეგ მოქმედებდა განაწყენებული ყუთლუ-ბუღა. დემეტრეს სიკვდილით დასჯა ელოდა, რადგან მონღოლური წესით ისჯებოდა არა მარტო ბრალდებული, არამედ მისი ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები. დემეტრემ დარბაზის წევრებს რჩევა სთხოვა. მათ მეფეს დასავლეთ საქართველოში ან მთიულეთში ურჩიეს გახიზვნა. დემეტრემ კარგად იცოდა, რაც მოელოდა ყაენის კარზე წასვლით, მაგრამ ქვეყნის აოხრებას ისევ თავის გაწირვა ამჯობინა. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, დემეტრემ ასე მიმართა დარბაზის წევრებს: ”თუ არ წავიდე ურდოსა და წარვიდე მთიულეთს... იხილეთ, რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსვრიან. და უკეთუ წარვიდე ყაენის წინაშე, დასტურობით მომკლავს ... მე დავდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არ დავიშლი ურდოს წასვლას”. დემეტრე მეფემ იცოდა, რომ ყაენის კარზე სიკვდილი ელოდა, სამაგიეროდ ”ვგონებ რომე ქვეყანა უვნებელი დარჩესო”. მეფე დემეტრე ურდოში გაემგზავრა ქართლის ქათოლიკოს-პატრიარქ აბრაჰამის (1282-1310 წწ.), სამღვდელოებისა და დიდებულთა თანხლებით. 1289 წლის 12 მარტს,  მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას, დემეტრე II-ს თავი მოკვეთეს. დააწესა. მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალეს სვეტიცხოვლის ტაძარში.

            დემეტრე მეფეს პიროვნული მსხვერპლისათვის შთამომავლობამ თავდადებული უწოდა, ხოლო ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმიდანად შერაცხა. ჟამთააღმწერლის გადმოცემით, ”იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერი, თუალითა გრემან, ბეჭ-ბრტყელ და შეწყობილ სამჴედროთა წესითა, სრული ცხენოსანი და მშვილდოსანი რჩეული, უხჳ, მოწყალე და მდაბალი, გლახაკთ, ქურივთა და დავრდომილთა მოწყალე, რომელ არა სმენილ არს ნათესავი მეფეთა გინა სხუათა კაცთა”.

 

წყაროები da samecniero literatura:

  1. ჟამთააღმწერელი/ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. II. თბilisi, 1959;
  2. სტეფანოს ორბელიანისცხოვრება ორბელიანთასძველი ქართული თარგმანები. ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო . ცაგარეიშვილმა. თბilisi, 1958.
  3. კირაკოს განძაკეცი, სომხეთის ისტორია, ერევანი 1961 (სომხურ ენაზე).
  4. სტეფანოს ორბელიანი, სისაკანის სახლის ისტორია თბilisi, 1910 (სომხურ ენაზე);
  5. .ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, ტფilisi, 1892;
  6. მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა, გამოცემა ალ. გამყრელიძის. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვeTi 33, თბilisii, 1960.
  7. ივ.ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორი,  III. Tbilisi, 1966;
  8. З.В. Анчабадзе, Из истории средневековой Абхазии ( вв), Сухуми, 1959;
  9. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. . III. თბ. 1979;
  10. . ლომინაძე. ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან. სენიორიები. I, თბilisi,  1966.
  11. . მელიქსეთ-ბეგი. ქობეr და მისი სომხური და ქარTული wარwერები, თბilisis უნივერსიტეტისმოამბე”, VII, 1927;
  12. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. . III. თბ. 1979.
  13. Г.Д. Греков,А.Ю.Якубовский, Золотая орда и ее падение, Москва, 1950.

 

 

  moamzada lene ცაგარეიშვილma