მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

შანშე ერისთავი,  XVIII საუკუნის პირველი ნახევარი

ქართველი თავადი, ოსმალთა და ირანელთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის  ერთ-ერთი წინამძღოლი.

 

      როდესაც ვახტანგ ჯანიშინმა (შემდგომში ვახტანგ VI-) ქვეყანაში მტკიცე წესრიგის დამყარება განიზრახა, ახლად შექმნილი სამეფო გვარდიით ქსნის ხეობაზე გაიარა და დვალეთში შევიდა ქართლის ჩრდილოეთი საზღვრების გასამაგრებლად. ამ დროს თავის ნებაზე მიშვებულ არაგვისა და ქსნის ერისთავებს, გიორგის და დათუნას, შიში დაეუფლათ, რომ ვახტანგი მათ თვითნებობასაც ალაგმავდა და შაჰს მისწერეს: “არა გვნებავს ვახტანგ, არამედ მოგვივლინე იესე”. ასეთი იყო განწყობილება დიგვაროვან ფეოდალთა  ერთ-ერთი ძლიერი დაჯგუფებისა, რომელიც უკმაყოფილო იყო ვახტანგის ცენტრალისტური პოლიტიკით და მხარს უჭერდა ვახტანგის უმცროს ძმას, გამაჰმადიანებულ უპრინციპო იესეს. რომ არა ასეთი ადგილობრივიშინაგანმზრახნი”, ასე არ გაჭიანურდებოდა შაჰის კარზე ვახტანგის გამეფების საკითხი (ვახტანგი ირანში გააჩერეს 1712-1716 წლებში). იესემ მართლაც მიიღო ქართლის მმართველობა, მაგრამ თავისი უკიდურესი სპარსოფილობით, უზნეობით და მმართველისათვის შეუფერებელი საქციელით ყველას თვალში დაკარგა ავტორიტეტი. 1716 წელს შაჰმა ვახტანგს დაუმტკიცა მეფობა, მაგრამ ისევ ირანში დატოვა, ხოლო ქართლის მმართველობა ბაქარ ბატონიშვილს ჩააბარა. ბაქარის ირგვლივ შეიკრიბნენ ვახტანგის ძველი თანამოაზრენი _ იმდროინდელი ქართლის საუკეთესო შვილები.

      ბაქარმა საქმიანობა მამის ორგული და მმართველობისათვის შეუფერებელი ადამიანების შევიწროებით დაიწყო. მათ შორის აღმოჩნდა დათუნა ქსნის ერისთავიც. მას ბაქარმა სახლთუხუცესობა ჩამოართვა. ამის გამო ქსნის ერისთავთა სახლი განუდგა ბაქარს. ბაქარმა მათ დასასჯელად თავისი ძმა ვახუშტი ბატონიშვილიMგაგზავნა ქსნის ხევში. სწორედ ამ დროს დათუნა გარდაიცვალა. ქსნის საერისთავოში ვახუშტიმ წესრიგი აღადგინა, დათუნას ძე შანშე კი ჯერ კახეთს გადაიხვეწა, შემდეგ კი ირანში შაჰის კარზე ჩავიდა. აქ მყოფმა ვახტანგ VI- შანშე შაჰს გამოსთხოვა. ვახტანგმა იგი დააპატიმრა და ბაქარს გაუგზავნა თბილისში. ბაქარმა შანშე თბლისის ციხეში დაამწყვდია. ვახტანგის ქართლში დაბრუნების შემდეგ (1719 .) შანშე ციხიდან გაიქცა და თავის მამულში გაგრდა. ვახტანგი გადამწყვეტ ზომებს იღებს და შანშეს წინააღმდეგ ჯარს აგზავნის. შანშე დამორჩილდება და ვახტანგს ეახლება. ვახტანგი მას შეუნდობს და თბილისში თან იახლებს. შანშე კვლავ გარბის და ისევ თავის მამულში იკეტება.

      შანშე ერისთავის ასეთი საქციელიტიპიურიაფეოდალისათვის, რომლის მსგავსი არაერთი იცის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიამ. იგი პატრონის ერთგულია მანამ, სანამ მის საკუთარ მამულს საფრთხე დაემუქრება. პოლიტიკურად ჩაკეტილი სივრცე, როგორშიც ამ დროს საქართველო იმყოფებოდა და, იმავდროულად, კულტურული განვითარების შესუსტება ახშობდა იმდროინდელი საზოგადოების თვალსაწიერს და შესაბამისად აღვივებდა კარჩაკეტილობის ცნობიერებას. სწორედ ეს ცნობიერება უთხრიდა ძირს სახელმწიფოებრივ შეგნებას, მაგრამ  მის დაძლევას მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ, ისიც დიდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური რყევების ხარჯზე. შანშე ერისთავი ერთი იმათთაგანია, რომლის პირად ბედში სიმბოლურად აირეკლა გზა, რომელიცგანკერძოების ცნობიერებამსახელმწიფოებრივ ცნობიერებამდე განვლო.

      როგორც ცნობილია, ვახტანგ VI- რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს არ უწონებდა ქართლის თავადთა ერთი ნაწილი და მეფეს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. მათ შორის იყვნენ: შანშე ერისთავი, ვამეყ ერისთავი, ბაგრატ ციციშვილი, გივი ამილახორი, თეიმურაზ მაჩაბელი და სხვები. მართლც, ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა. საერთაშორისო მოვლენათა საქართველოსათვის საბედისწეროდ შემოტრიალების შედეგად 1723 წელს ქართლში ოსმალები შემოვიდნენ. მაგრამ ოსმალებმა  მთელი ქართლი ერთბაშად ვერ დაიმორჩილეს. აჯანყების ალი არ ქრებოდა ცალკეულ კუთხეებში. პირველად ქსნისხეველები და არაგვისხეველები აჯაყდნენ. შანშე ქსნის ერისთავს და თეიმურაზ არაგვის ერისთავს თავდაპირველად დაუმარცხებიათ კიდეც ოსმალები, მაგრამ შემდგომში  მათ სამფლობელოებს  საშინელი რისხვა დაატყდა ტავს: ოსმალებმა აიკლეს სოფლები, დაწვეს და დაანგრიეს ციხე-კოშკები, მრავალი სული დაატყვევეს და ტყვედ წაასხეს,  (სეხნია ჩხეიძე). ოსმალებმა არაგვის ერისთავი თეიმურაზი გადააყენეს, ააოხრეს საამილახვროც. ამ დროს შანშე ერისთავი იძულებული გახდა მტერს დაზავებოდა

      1724 წლის ზაფხულში ვახტანგ VI- თავისი მრავალრიცხოვანი და, შემადგენლობის მიხედვით საუკეთესო, ამალით ქართლი დატოვა. ძველმა მოწინააღმდეგებმა გადააფასეს თავიანთი დამოკიდებულება ვახტანგთან. ისინი ხვდებოდნენ, რომ ლეგიტიმური მეფის გარეშეჲ დარჩენილი ქართველებისათვის ერთიორად მძიმე იყო აჯანყების ორგანიზება. შანშე ერისთავი, ვახტანგის ყოფილი მოწინააღმდეგე, კარგად აანალიზებს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. 1724 წლის ბოლოს შანშე ერისთავი ასტრახანში მყოფ ვახტანგს სწერს, რომ დაებრუნებინა ქართლში ბაქარი, რომ იასეს (ვახტანგის რენეგატი ძმა) ნდობა არ შეიძლებოდა, რადგან იგი ქვეყანას ღუპავდა. აფრთხილებდა მეფეს, რომ ასე იგი საერთოდ დაკარგავდა ქართლის ტახტს. 1726 წელს შანშე ურჩევდა დარუბანდის რუს გენერალს და თერგზე რუსების ციხის კომენდანტს, რომ დახმარებოდნენ ქართველებს ლეკების თავდასხმების აღკვეთასა და არაგვის საერისთავოს გამაგრებაში, რათა თურქებს  არაგვის ხეობის სტრატეგიული გზები არ დაეკავებინათ.  1727 წელს შანშე თავადთა ჯგუფთან ერთად (შანშეს ძმა ყულაღარასი იესე, ვამეყ ერისთავი, გივი ამილახორი, ვახუშტი აბაშიძე, ლუარსაბ სახლთუხუცესი, ბაგრატ ციციშვილი, თეიმურაზ მაჩაბელი) უგზავნის წერილს იმპერატორ ეკატერინე I-. ისინი ქართველი და სომეხი ხალხების სახელით ვახტანგ VI-ისადმი და რუსეთის ტახტისადმი ერთგულებას ადასტურებდნენ ითხოვენ ბაქარის გამოგზავნის სამხედრო რაზმით. შანშე ასევე მუდმივ კავშირშია ბაქარ ბატონიშვილთან, აღუწერს ოსმალთა ბატონობის მძიმე შედეგებს და მოვლენათა მიმდინარეობას, არწმუნებს, რომ ჯერ კიდევ იყო ხალხში საბრძოლო განწყობილება.

      რუსეთი დუმდა. რუსეთი არ აპირებდა 1724 წელს დადებული რუსეთ-თურქეთის ზავის დარღვევას, რომლის თანახმად რუსეთმა მთელი საქართველო ოსმალეთის მფლობელობაში ცნო. ამიტომ რუსეთის დიპლომატიური სამსახურები უპასუხოდ ტოვებდნენ ქართველი ელჩების თხოვნებს და, საუკეთესო შემთხვევაში, ოსმალეთის აგრესიისაგან  დაზარალებულ ქართველ მოსახლეობას რუსეთის სამხრეთში  დაუსახლებელ ადგილებზე დასახლებას სთავაზობდნენ. ვახტანგის ან ბაქარის გამოგზავნა, რაც უსათუოდ გააღვივებდა ქართველი და სხვა კავკასიელი ხალხების ანტიოსმალურ მოძრაობას, რუსეთის გეგმებში არ შედიოდა.

      1730-1736 წლებში ირან-ოსმალეთის განახლებული ომის დროს შანშე ერისთავი სისტემატურად აცნობებდა რუსეთში მყოფ თანამემამულეებს ჩრდილო კავკასიაში ოსმალეთის მიერ საფორტიფიკაციო ნაგებობების შენების შესახებ. 1730-იანი წლების დასაწყისში შანშე ერისთავი მიხვდა, რომ ოსმალთა ბატონობის აღსასრული დგებოდა და ვახტანგს საქართველოში იწვევდა. მის წერილებში კარგად იგრძნობა ქართველ თავადთა პოლიტიკური შეგნების ზრდა და გააზრება ადრე დაშვებული შეცდომებისააი, რას სწერს იგი 1733 წელს ვახტანგ VI-: “საქართველოს გაერთებასა ბრძანებდით, რომ შუღლობთო, თქვენ ერთმანეთის მტერნი ხართო...  ვნახეთ, ყველა ყმაწვილობა და სიგიჟე იყო, რაც თქვენზედა დავაშავეთ, ან ჩვენს თავზედ დავინახეთ. ჩვენ სიავკაცისას ნუ გვიზამ, ნუ დაგვაგდებ, ჩვენ შვილებს ჩვენ გათათრებას ნუ აჩვენებთ... თუ ამას ბრძანებთ, ამილახვარი და შენ იმდურვითო, საყვარელ მამა-შვილში გამოერევა სმდურავი... მაგრამ მოიქცევიან და აგრევ ძმა და მამა-შვილი იქნებიან... თვითან ამილახვარმაც წიგნი გაახლათ, შენ ნუ მამიკვდები, დაიჯერეთ, დიდად ერთგული არის თქვენი... არაგვის ერისთავია და ესეც ერთგულია... თქვენი სიძისა აბაშიძისა თქვენ იცით...…”

      რუსეთის მთავრობამ კვლავ შეაფერხა ვახტანგის საქართველოში გამოგზავნა. 1735 წელს აღმოსავლეთ საქართველოში ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა. ნადირმა ქართველების საბრძოლო ენერგია ოსმალთა წინააღმდეგ გამოიყენა და მათი განდევნისთანავე რეპრესიები დაიწყო ქართლ-კახეთის თავკაცების წინააღმდეგ. 1735 წელს ერევანში მყოფმა ნადირმა თავისთან დაიბარა ქართლ-კახეთის დიდებულები. თეიმურაზ IIმისი ძმისწული ალესანდრე, ქიზიყის მოურავი აბელ ენდრონიკასშვილი, გივი ამილახვარი, ვახუშტი აბაშიძე, შანშე ერისთავი, მუხრანისბატონი და სხვები ირანის ძლევამოსილ სარდალთან გამოცხადდნენ. ირანის აგენტურამ კარგად იცოდა, რომ ქართველლებს თვალი ერთმორწმუნე რუსეთისაკენ ეჭირათ და საქართველოში ვახტანგის ან ბაქარ ბატონიშვილის დასაბრუნებლად მიწერ-მოწერას აწარმოებდნენ.

სტუმრად ჩასული ქართველები ნადირმა ერთიანად დააპატიმრა. ერევნიდან ნადირი აიყარა და თბილისისკენ წამოვიდა. პატიმრები გზიდან გაიპარნენ და აჯანყების სამზადისს შეუდგნენ.

      ნადირმა ყიზილბაშთა რაზმები შეუსია არაგვისა და ქსნის საერისთავოებს, აწერის ხევს. დაანგრია გორის ციხე, ეკლესიები. აჰყარა ქართლი, კახეთი, ერევანი, ყარსი, ყაიყული, ფამბაკი და მოსახლეობა ხორასანში გადაასახლა. ქართლ-კახეთს გამგებლად სეფი-ხანი დაუნიშნა, რომელმაც მოსახლეობას 3 ათასი თუმანი და სამხედრო ბეგარა შეაწერა. ასე დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოში ყიზილბაშთა ბატონობა და მასთან ერთად თითქმის უწყვეტი აჯანყებები ახალი დამყრობლების წინააღმდეგ

      ქართლში აჯანყების წინამძღოლები იყვნენ შანშე ერისთავი, გივი ამილახვარი, ვახუშტი აბშიძე, თარხანი ლუარსაბი. ყიზილბაშები განსაკუთრებული სისასტიკით  შეესივნენ ამ თავადების მამულებს. ქსნის საერისთავოდან შანშემ ისინი უკუაქცია, საამილახოროშიც სამჯერ იწვნიეს დამარცხება. სამაგიეროდ ნაკლებად დაცული ბარის მხარეები _ სააბაშიძეო, სურამი, საფალავანდიშვილო, მიწასთან გაასწორეს

      1736 წელს ირან-ოსმალეთს შორის ახალი ზავი გაფორმდა. ამჯერად ოსმალეთმა სამხრეთ კავკასიის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი ირანსდაუთმო”. ქართლ-კახეთი ირანს დარჩა და ნადირ-შაჰიც ამ ქვეყნის მოსახლეობის გაჩანაგებასკანონიერადშეუდგა. 1736 წელს ნადირმა ისედაც წელში გაწყვეტილ ქვეყანას უზომოდ გაუზარდა ხარკი. ახლა უკვე მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მოედო აჯანყების ტალღა. 1736 წელს ვახუშტი აბაშიძემ ძლიერი დარტყმები მიაყენა ყიზილბაშებს ციხისძირში, ნუნისსა და ვახანში. აჯანყებულებმა ისეთი შეტევა განავითარეს, რომ სეფი-ხანი აიძულეს თბილისში ჩაკეტილიყო.

      სეფი-ხანმა მაინც მოახერხა ფიცით მონდობილი აჯანყების მოთავეების შეპყრობა და ისპაჰანში გაგზავნა. ნადირ-შაჰმა დაპატიმრებული ქართველები თან იახლა ყანდაარის ლაშქრობაში. შანშე ერისთავი გადარჩა, რადგან არ მისულა ხანთან შეკრებაზე. მაშინ ყიზილბაშები ქსნის ხეობას შეესივნენ, მაგრამ ერისთავმა კვლავ მოიგერია. უკან გამობრუნებულმა მტერმა გორი აიკლო. რუსეთიდან სანუგეშო არაფერი ისმოდა. ქართველები, საკუთარ ძალებს დანდობილნი, განაგრძობდნენ არათანაბარ ბრძოლას.

        ადგილზე დარჩენილი შანშე ერისთავი და ვახუშტი აბაშიძე განაგრძობდნენ ბრძოლას. მათ არაერთხელ დაამარცხეს ყიზილბაშთა დამსჯელი რაზმები. 1737 წელს შაჰმა აჯანყებულთა წინააღმდეგ თავისი ძმა იბრეიმ-ხანი გამოგზავნა დიდი ჯარით. მეთაურებმა ქართლი დატოვეს. შანშე ერისთავი იმერეთის მეფეს ალექსანდრე V- შეეხიზნა. ამ დროს იმერთა მეფეს შეტყობილი ჰქონდა თურქების წინააღმდეგ რუსების სამხედრო წარმატების ამბავი აზოვთან. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ჩაუსახა ჩიხში მომწყვდეულ ქართველ მოღვაწეებს რუსეთის იმედი და, აი, 1737 წლის სექტემბერში იმერთა მეფის რჩევით, შანშე ერითავი ტიმოთე ქუთათელთან ერთად რუსეთში მიდის. შანშეს განზრახვა ჰქონდა  დაერწმუნებინა რუსეთის მთავრობა ბაქარ ბატონიშვილის დაბრუნების აუცილებლობაში, მაგრამ შანშეს გულუბრყვილო დიპლომატიური მისია უშედეგოდ დამთავრდა _ რუსეთის დიპლომატიურმა სამსახურებმა მას მიღებაზე უარი უთხრეს. რუსეთის მთავრობას არ სურდა ირანის წინააღმდეგ ამბოხებული თავადის მიღება. გაწბილებული ერისთავი  საქართველოში დაბრუნდა და თავის მამულში გამაგრდა. აქედან კიდევ სამი წლის განმავლობაში ლეკების დაქირავებული რაზმებით  შიშის ზარს სცემდა ყიზილბაშებს.

      აჯანყებას ბოლო არ უჩანდა. ქვეყანა გაპარტახდა. ნადირ-შაჰმა ქრთამით, მოსყიდვით, თანამდებობების ბოძებით აჯანყებულთა რიგებში ბზარი შეიტანა. ძალით რომ ვერაფერი გააწყო შანშესთან, დამპყრობელთა ნაცად ხერხს მიმართა _ Kშანშეს მისივე თანამემამულენი დაუპირისპირა. შანშეს ქართლში არყოფნის დროს მის ძმას იესეს ნადირის მომხრე არაგვის ერისთავებმა მოსტაცეს ცოლი და ყიზილბაშებს მისცეს. შანშემ სასტიკად იძია შური. ლეკების ჯარით მიადგა ანანურს, შემუსრა ციხე და ამოწყვიტა ერისთავთა მთელი ოჯახი. ამ ამბავმა შანშეს ბრძოლას მორალური სახე დაუკარგა. მის სახელს ჩრდილს ჰფენდა აგრეთვე ლეკთა რაზმების ჩამოყვანა, რომელთა გაკონტროლება არავის შეეძლო და ისინი ახალ მრისხანე ძალად მოედვნენ მეზობელ სამფლობელოებს. დაღესტანში მყოფმა ნადირ-შაჰმა შანშეს სამტროდ მისი პირადი მოწინააღმდეგენი გამოიყენა, მათ შორის გივი ამილახორი, რომელსაც  ქსნის საერისთავო უბოძა. არაგვის საერისთავო კი გივის სიძეს, ბეჟანს მისცა.

      1740 წელს შანშე ერისთავს უკავშირდება  ვინმე ასლამ-მირზა, რომელიც თავს ირანის ტახტის მემკვიდრედ ასაღებდა და შანშეს სტამბოლში გაშვებაში დახმარებას სთხოვდა. ამის შესახებ შანშე მოახსენებდა  რუსეთის პირველ მინისტრს ოსტერმანს და სთხოვდა რჩევას, როგორ მოქცეულიყო. შანშეს კავშირი თვითმარქვია უფლისწულთან ნადირისათვის უცნობი არ დარჩენილა. მან დიდი ჯარი გამოგზავნა შანშეს წინააღმდეგ, რომელსაც წინ გივი ამილახვარი უძღოდა. ამილახვარი ავღანთა ჯარის დახმარებით აწერის ციხეს, სადაც შანშე იყო გამაგრებული, გარს შემოეწყვნენ და უთანაბრო ბრძოლაში მოწინააღმდეგე დაამარცხეს. შანშემ და მისმა ძმამ, იესემ, მოახერხეს  ახალციხეში გაპარვა. შაჰის მოთხოვნით ახალციხის ფაშამ შანშე და იესე  ყიზილბაშებს გადასცა. დატყვევებულები ხორასანში წაიყვანეს, აქ მათ  თვალები დათხარეს და 1745 წლამდე პატიმრობაში ჰყავდათ. ასე მოიშალა ქართლში აჯანყების ერთი ძლიერი კერა, მაგრამ ულ მალე, შანშეს საქმე მისმა მოწინააღმდეგემ, გივი ამილახორმა გააგრძელა.

 

 

 

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     სეხნია ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, თფილისი, 1913.

2.     ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, /ქართლის ცხოვრება თბილისი, . IV, 1973,

3.     დავით გურამიშვილი, დავითიანი, წინასიტყვაობა . ბარამიძისა, თბილისი, 1980.

4.     გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი, თურქული შენიშვნებით გამოსცა . აბულაძემ, თბილისი, 1975.

5.     პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და კომენტარები დაურთო ელ. ცაგარეიშვილმა, თბილისი, 1981.

6.     .ქიქოძე, გივი ამილახვარის პოლიტიკური მოღვაწეობა, თბილისის უნივერსიტეტის ასპირანტთა სამეცნიერო შრომების კრებული, I, 1950.

7.     . გვრიტიშვილი,ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქ და სპარს დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII . პირველ ნახევარში. მიმომხილველი, 1953, ნაკვ. 30, 109-131.

8.     აღმოსავლეთ საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში /საქართველოს ისტორიის ნარკვევეი, IV, 1973.

9.     . ბერძენიშვილი, ირან-ოსმალეთის ომი და საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში / საქართველოს ისტორიის საკითხები, . VI, 1973.

10.    . ლომიძე, მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის XVIII . მეორე მეოთხედში, მაცნე,ისტორიის სერია, 1, თბილისი,1978.

11.    . ლომიძე, გივი ამილახორის პოლიტიკური მოღვაწეობის დოკუმენტები/ საისტორიო მოამბე, 49-50, თბილისი, 1984.

12.    . ლომიძე, ყიზილბაშობა 1735-1749 წლების აღმოსავლეთ საქართველოში, არტანუჯი, 2007.

13.    Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения в 1725-1735 гг. Тбилиси, 1965.

 

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ