მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

იოსებ ბაგრატიონი, კათალიკოსი

დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1769-1776 წლებში.

 

            იოსებ ბაგრატიონი, სამეფო ოჯახის შვილი, იყო სოლომონ I-ის ძმა  და მისი უახლოესი თანამებრძოლი. იოსებმა საეკლესიო წოდების ყველა  საფეხური დიაკვნობიდან კათალიკოსობამდე გელათში გაიარა. ამიტომაც განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენდა გელათისადმი. 1745 წლიდან გახდა გენათელი, რამდენიმე ხანში  მიტროპოლიტის წოდებაც მიიღო.

            იოსები ქმედითად მონაწილეობდა სოლომონს პოლიტიკურ საქმიანობაში.        

            1766 წელს ჰასან ფაშა იმარეთს შეესია, სვერის ციხეში გამაგრებული სოლომონი დაამარცხა და ქუთაისში შევიდა. მისი დახმარებით იმერეთის ტახტზე თეიმურაზ მამუკას ძე ავიდა. მართალია, მას ადგილობრივ თავადთა უმრავლესობა არ ცნობდა, მაგრამ სოლომონს დიდად შეუშალა ხელი იმერეთის გაერთიანებაში. სოლომონმა ერეკლე II- მიმართა თხოვნით ეშუამდგომლა ოსმალებთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში. იოსები მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჯერ ერეკლეს ელჩთან, შემდეგ მასთან ერთად სტამბულში ჩავიდაერეკლეს შუამდგომლობას ოსმალეთის მთავრობამ ანგარიში გაუწია, თანაც კარზე იყო მომდგარი რუსეთ-თურქეთის ომი, ამიტომ ოსმალეთი დაინტერესებული იყო იმერეთთან ომის დასრულებაში. წინასწარი შეთანხმებისამებრ, ქართველი ელჩების სულთანს შეჰპირდნენრომ სოლომონი იკისრებდა ყოველწლიურ ხარკს 60 ქალის რაოდენობით (მხოლოდ ქალები მაინცადამაინც ქართველები არ იქნებოდნენ), იმ პირობით, რომ ოსმალეთი არ ჩარეულიყო იმერეთის საშინაო საქმეებში. ოსმალეთი  საზავო პირობების გაფორმებას აჭიანურებდა. 1767 წელს ოსმალეთმა ხელი მაინც სოლომონისათვის მიუღებელ ხელშეკრულებას მოაწერა: იმერეთის ძველი მოხარკეობა აღადგინა და თეიმურაზიც იმერეთის ტახტზე დატოვა. სოლომონი ამ პირობებს დროის გაყვანის მიზნით დაეთანხმა, სინამდვილეში ბრძოლისათვის ემზადებოდა. 1768 წელს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა ოსმალეთის კანდიდატურას _ თეიმურაზ მამუკას ძეს და მის მომხრე თავადებს.

            ოსმალეთის წინააღმდეგ მეფის ბრძოლას განსაკუთებით უშლიდა ხელს როსტომ რაჭის ერისთავი. მის მხარეზე იყო ოდიშის მთავარი კაცია დადიანიც, რომლისთვისაც რაჭის ერისთავის დამარცხება მიტაცებული ლეჩხუმის დაკარგვას ნიშნავდა. დადიანმა და რაჭის ერისთავმა ახალციხის ფაშას კათალიკოსი ბესარიონი მიუგზავნეს, რომელიც როსტომის ძმა და მისი თანამზრახველი იყო. სწორედ ამ დროს ახალციხის ფაშასთან სოლომონმა იოსებ გენათელი მიაგზავნა. ასე აღმოჩნდა ერთი ეკლესიის ორი მღვდელმთავარი განსხვავებული მისიით საქართველოს მტერთან. იოსები ატყობინებდა ახალციხის ფაშას სოლომონის თანხმობას ზავზე იმ პირობით, თუ ახალციხის ფაშა კათალიკოს ბესარიონს დააპატიმრებდა და სოლომონს გაუგზავნიდა. რადგან უკვე დაწყებული იყო რუსეთ-თურქეთის ომიოსმალეთისათვის სოლომონისწყენინებაარ იყო მომგებიანი და რაჭის ერისთავის მოციქული კათალიკოსი ახალციხის ფაშამ ციხეში დაამწყვდია. კათალიკოსი ციხიდან გაიპარა, ოდიშში ჩავიდა, სადაც კაცია დადიანმა იგიოდიშის კათალიკოსადდაადგინა).

            საპასუხოდ სოლომონმა 1769 წელს ბესარიონ კათალიკოსი გადააყენა და იოსები აიყვანა საკათალიკოსო ტახტზე. იმავე წელს სოლომონმა იოსებ კათალიკოსი ურჩ რაჭის ერისთავთან მიაგზავნა მასთან მორიგების მიზნით. იოსები ბარაკონში ჩავიდა, სადაც როსტომ ერისთავმა მას საუკეთესო მიღება მოუწყო. კათალიკოსმა ერისთავს ბარძიმზე დაფიცებით მეფისაგან უვნებლობა აღუთქვა.

            მაგრამ სოლომონმა ფიცი დაარღვია, შესარიგებლად ჩასული რაჭის ერისთავი შვილებიანად შეიპყრო და თვალები დათხარა. კათალიკოსისათვის ეს ერთობ მძიმე მორალური დარტყმა აღმოჩნდა.

            ამის შემდეგ, 1771-1773 წელებში, იოსებ კათალიკოსი შეეცადა კაცია დადიანთან მოლაპარაკებას, რათაოდიშის საკათალიკოსოგაეუქმებინა. მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყოლია. 1773 წელს ბესარიონ კათალიკოსი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოდიშის მთავრებს აღარ უცდიათ ოდიშში კათალიკოსის დასმა.  

            გენათლობის პერიოდში, 1760 წელს, იოსებმა გელათის მონასტერს შემოავლო გალავანი, ღმრთისმშობლის ტაძარში სამღვდელმთავრო ქვის ტახტი დადგა, რომელიც  მარმარილოს პერანგით მოაპირკეთა. მონასტერს  დაუბრუნა ბევრი მიტაცებული ყმა-მამულიკათალიკოსოსად კურთხევის შემდეგ 1770 წელს ყმები შესწირა ბიჭვინტის ღმრთისმშობელს.

            შემორჩენილია იოსებ კათალიკოსის დაკვეთით შესრულებული ხელნაწერები. მან მოიპოვა დადაიხსნადაკარგული იოანე ქსიფილინოსის შრომების ხელნაწერი კრებული და გელათის წმინდა გიორგის ტაძარს შესწირა (K 1-3);  იოსებ კატალიკოსს გადაურჩენია სამუდამო დაკარგვას  აგრეთვე  ქართული ენისა და ქართული სამწიგნობრო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ძეგლი .. ვანის სახარება  ( A 1335). ცნობილია აგრეთვე მისი დაკვეთით გადაწერილი  სჯულისკანონი, იოანე სინელის კლემაქსი და სხვ. 1772 წელს იმერეთში გადმოხვეწილმა ზაქარია გაბაშვილმა იოსებ კათალიკოსის დაკვეთით გადაწერა იოანე ოქროპირისსაღმრთო ჟამის წირვა”, რომლის რედაქციულ გამართვაში _ ბერძნულ დედანთან და რუსულ თარგმანთან შეჯერებაში იოსებსაც მიუღია მონაწილეობა (Q 331).

            იოსებ კათალიკოსმა გარდა წიგნებისა, გელათის საგანძურს შეჰმატა ძვირფასი სამღვდელმთავრო შესამოსელი და საეკლესიო სამსხურებელი ჭურჭელი.

            იოსებ კათალიკოსი გარდაიცვალა 1776 წელს, 37 წლის ასაკში, დაკრძალულია გელათში.

 

 

          წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         . ჟორდანია, ქრონიკები, II, თფილისი, 1898.

2.         ქართული სამართლის ძეგლები, . დოლიძის გამოც. თბილისი, III,გვ.883-85.

3.         . კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, II, თბილისი, 1920.

4.         . ლომინაძე, მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, ნაკვ.31.

5.         . მენაბდე, ძველი ქართული კულტურის კერები, I, ნაკვ. II, თბილისი, 1962.

6.         . ქორიძე, იოსები (ბაგრატიონი) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, ნეკერი,2000.

 

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ