ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი (1468-1478წწ.)
XVს.-ის II ნახ.-ის კულტურული მოღვაწე, მეჭურჭლეთუხუცესი, ერისთავთ-ერისთავი, მეცნიერი და მკურნალი, “სამკურნალო წიგნის” ავტორი
ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი ტაოს ცნობილი ფეოდალური გვარის ფანასკერტელთა შთამომავალი, რომელიც ქართლში XIV საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრდა. ზაზას მამა თაყა ალექსანდრე დიდის (1412-1442) თანამოღვაწე, ატენის მოურავი იყო. ალექსანდრეს მემკვიდრეებს შორის შექმნილი დაძაბული ურთიერთობების დროს თაყა განუდგა ვახტანგ IV-ს (1443-1446წწ) და ეყმო მის ძმას, დიმიტრის, რომელიც მალე გარდაიცვალა. შემდგომში თაყას სახლი ერთგულად ემსახურებოდა გიორგი VIII-ს. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ თაყას ძე ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი ქართლის მეფის, კონსტანტინე II-ის სამსახურში ჩადგა. XV საუკუნის 60-იან წლებში ციციშვილთა სათავადო უკვე ჩამოყალიბებული იყო. მათ ეკუთვნოდათ მამულები მძოვრეთისა და ნიჩბისის ხეობებში, ხვედურეთში. კონსტანტინემ ზაზას დამატებით უწყალობა უფლისციხე, ქვახვრელი და კარალეთი. ზაზას შვილს, ციცის კი თავადობა. ზაზას აღუდგენია ყინცვისის მონასტერი და მიუშენებია ეგვტერი.
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ შედგენილია ვრცელი სამედიცინო ნაშრომი “სამკურნალო წიგნი - კარაბადინი”, რომელშიც განხილულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მედიცინის საკითხები. ნაწილობრივ ეს არის უცხოენოვან ნაშრომთა (მათ შორის აღმოსავლურ ენებზე შესრულებულ სამედიცინო ნაშრომთა) კომპილაცია; ავტორი ძირითადად ემყარება ძველი ქართულ სამედიცინო გამოცდილებას.
ქართულ სამედიცინო აზროვნებას საკმაოდ მდიდარი და ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი ეფუძნება ეროვნულ-ხალხურ ტრადიციებს, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური მონაცემები, აგრეთვე ძველი მსოფლიოს ისტორიკოსთა შრომებში (მაგ. სტრაბონი), ქართულ აგიოგრაფიულ ძეგლებში დადასტურებული ცნობები. ამ ძეგლებმა შემოინახა სატაძრო, მაგიური, ხალხური და საერო ცოდნა. (ლ. კოტეტიშვილი, “იადიგარ დაუდის” შესავალი). შუასაუკუნეებში იგი ისევე, როგორც მეცნიერების სხვა დარგები, განიცდის ძლიერ არაბულ-ირანულ გავლენას - პოპულარული ხდება აღმოსავლურ სქემებზე აგებული სამედიცინო თხზულებები და კრებულები _ კარაბადინები, რომლებიც ეხება როგორც ზოგადსამედიცინო, ისე ანატომიის, ფიზიოლოგიის, ფარმაციის, დიაგნოსტიკის ცალკეულ საკითხებს და შეიცავს “ძველ” და “ახალ” სამედიცინო ცოდნას.
ფანასკერტელის “სამკურნალო წიგნი” განეკუთვნება ე. წ. აღდგენის პერიოდს, როდესაც კულტურისა და მეცნიერების სხვა დარგებთან ერთად გამოცოცხლდა სამედიცინო აზროვნება და პრაქტიკული მედიცინა. “სამკურნალო წიგნი” პრაქტიკოს ექიმთათვისაა გამიზნული. მასში მოკლედაა განხილული ზოგადი მედიცინის საკითხები, ანატომიურ-ფიზიოლოგიური ცნობები, დიაგნოსტიკური და კონკრეტულ დაავადებათა მკურნალობასთან დაკავშირებული მეთოდები.
ნაშრომში დეტალურადაა საუბარი ადამიანის ანატომიაზე; აღწერილია გარემოს ზემოქმედების ცალკეული შემთხვევები ადამიანის ჯანმრთელობაზე, განიხილება ძილის მიმართება ადამიანის მდგომარეობასთან, სადიაგნოზო საშუალებანი, ავადმყოფთა გასინჯვის მეთოდები და სხვ. შუა საუკუნეებში პოპულარული ჰუმორალურ-პათოლოგიური სისტემის მიხედვით, ადამიანის სიცოცხლისათვის საჭიროა მის ორგანიზმში ოთხი “წვენის”, ჰუმორალური კომპონენტების (სისხლი, საფრა, ბალღამი და სევდა) სრულყოფილად არსებობა. ავტორი განიხილავს ამ კომპონენტთა აღრევის შედეგად გამოწვეული პათოლოგიების ნიშნებსაც. აგრეთვე არის საუბარი შეძენილ თვისებათა მემკვიდრეობითობაზე.
“სამკურნალო წიგნში” ცალკე თავადაა წარმოდგენილი მოწამვლები, მათი კლინიკა და ანტიდოტები. ძეგლი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ქირურგიისა და ფარმაციის დონეზე საქართველოში. მასში განიხილება სამკურნალო საშუალებათა 14 ძირითადი ფორმა და მათი 405 სახეობა.
ზაზა ფანასკერტელის ნაშრომი საყურადღებო მოვლენაა ქართული მეცნიერული აზრის, საბუნებისმეტყველო-სამედიცინო ცოდნის ისტორიისა და კულტურული კავშირების შესწავლის თვალსაზრისით.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. ზაზა ფანასკერტელი, “სამკურნალო წიგნი - კარაბადინი”; გამომცემელი მ. შენგელია, თბილისი, 1959წ.
2. ზაზა ფანასკერტელი, “სამკურნალო წიგნი - კარაბადინი”; გამომცემლები: ი. აბულაძე, კ. გრიგოლია; მ. სააკაშვილის რედაქტორობით; თბილისი, 1950წ.
3. ს. მაკალათია, ძამის ხეობა, თბილისი, 1961წ.
4. დ. ბერძენიშვილი, ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან, “საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კრებული”, ტ.I, თბილისი, 1960წ.
5. მ. შენგელია, ქართული მედიცინის ისტორია, თბილისი, 1980წ.
მოამზადა თამარ აბულაძემ