მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ვახტანგ გორგასალი

ქართლის მეფე V საუკუნის მეორე ნახევარში.

 

ვახტანგ გორგასლის სახელთან დაკავშირებულია ქართველი ხალხის გმირული ბრძოლა ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ქრისტიანული ეკლესიის გაძლიერება და მისი ორგანიზაციული რეფორმა, ქალაქთა და ეკლესიათა მშენებლობა, ფართო პოლიტიკური თვალსაწიერი, მოქნილი დიპლომატიური სვლები, რის გამოც იგი საერთაშორისო ასპარეზზე ანგარიშგასაწევ ძალად მიაჩნდათ. ვახტანგის სახელი ხალხის მეხსიერებამ სახალხო გმირის შარავანდედით შემოსა, ამაზე მეტყველებს მისდამი მიძღვნილი ხალხური ლექსები, ქართული საბრძოლო დროშის ეპითეტი _“გორგასლიანი”, საბრძოლო ეპიზოდები მისცხოვრებაშიდა სხვ.

ვახტანგი იყო ძე ქართლის მეფის მირდატისა და რანის ერისთავის ასულის, დედოფალ საგდუხტისა. ვახტანგს ჰყავდა უფროსი და ხუარანძე და უმცროსი _ მირანდუხტი. თავად ვახტანგს პირველ ცოლად ესვა შაჰის ასული ბელენდუხტი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. მისგან ვახტანგს დარჩა ქალ-ვაჟი _ დაჩი და ერთი ასული. ვახტანგმა მეორედ იქორწინა ბიზანტიის კეისრის (სავარაუდოდ, იმპერატორ ლეონის 457-474 წწ.) ასულ ელენეზე, რაც ბიზანტიისაკენ მის მკვეთრ შემობრუნებას გამოხატავდა. ელენე ქართლში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც ვახტანგი ირანის ლაშქრობიდან დაბრუნდა. ელენესთან ვახტანგს შეძენია სამი ძე (ამათგან ცნობილია ორისლეონისა და მირდატის სახელები) და ორი ასული.

ვახტანგი შვიდი წლისა იყო, როდესაც მისი მამა მირდატი გარდაიცვალა. ვახტანგის სრულწლოვანებამდე სამეფოს უძღვებოდა დედოფალი საგდუხტი. ამ პერიოდში ირანის შაჰმა იეზდიგერდ II- (439-457) ხელი აიღო კავკასიის დაპყრობილ ხალხებში სპარსულიწესისქრისტიანობის გავრცელებაზე და პირდაპირ ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას შეუდგა. მან (446 წლიდან) დევნა გამოუცხადა ქრისტიანებს და ასეულობით მოგვი გამოგზავნა  კავკასიის ქვეყნებში მაზდეანობის გასავრცელებლად. შაჰის ამ ღონისძიებას 450-451 წლების სომხეთ-ალბანეთის აჯანყება მოჰყვა, რამაც ირანს ხელი ააღებინა კავკასიის ქვეყნებში მაზდეანობის ძალად გავრცელებაზე. V საუკუნის II ნახევრიდან, ვახტანგ გორგასალის სახელმწიფო მოღვაწეობის  პერიოდში ირანი კვლავ ცდილობს ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას, მხოლოდ  არა მოგვების მასობრივი შემოყვანით, არამედ ადგილობრივ რენეგატ მოხელეებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ირანმა მეტისმეტად გაამკაცრა სამხედრო ბეგარა და გაადიდა ხარკი. დაუცველი იყო ქართლის ჩრდილოეთი საზღვრები _ კავკასიონის ზეკარებიდან მომთაბარე ჰუნების ნაკადები ირანის დასარბევად მოედინებოდნენ და გზადაგზა ქართლის მიწა-წყალს ანადგურებდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემოსევის დროს, ჯუანშერის ცნობით, ოვსები შემოიჭრნენ ქართლში, მოარბიეს ქვეყანა, გაიარეს რანი, მოვაკანი და დარუბანდის გზით ჩრდილო კავკასიაში დაბრუნდნენ. ამ დროს დაატყვევეს ოვსებმა ვახტანგის და მირანდუხტი. ამ შემოსევაში მკვლევარები გულისხმობენ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ჰუნ-სარაგურთა შემოსევას, რომელიც ბიზანტიელთა მიერ უნდა ყოფილიყო პროვოცირებული ირანის წინააღმდეგ.

ამავე პერიოდში ასევე რთული მდგომარეობა ჩანს ეგრისში _ ეგრისის მეფე გუბაზი რომს ურჩობას უცხადებს. საპასუხოდ ბერძნებმა დაიპყრეს ეგრისის ტერიტორია ეგრის-წყლიდან ვიდრე ციხე-გოჯამდე.

ახალგაზრდა მეფემ პირველი დიდი სამხედრო ოპერაცია მოაწყო ჩრდილო კავკასიაში. ამ ბრძოლაში ვახტანგმა დახმარება სთხოვა თავის ბიძასქართლ-ალბანეთის სპარს მარზპანს ვარაზ ბაკურს. ვახტანგის მხარეზე იბრძოდნენ აგრეთვე  “კავკასიანნიმეფენიც. ამ ლაშქრობაში ქართლ-ირანელთა ლაშქარმა დიდი უპირატესობით დაამარცხა მოწინააღმდეგე. ვახტანგმა ტყვეობიდან გამოიხსნა თავისი და გააგზავნა მცხეთაში, ხოლო თავად ლაშქრითურთ გადავიდა დასავლეთ საქართველოში და დაიწყო ბერძენთა მიერ მიტაცებული ციხეების უკან დაბრუნება (“ვიდრე ციხე-გოჯამდე”). დასავლეთ საქართველოში ქართველ-ირანელთა ერთობლივი სამხედრო მოქმედებანი იმდროინდელ პოლიტიკურ რეალობაში ნიშნავდა ირანის ბრძოლას ეგრისში გავლენის აღსადგენად, პრაქტიკულად კი ამ ომის შედეგად ქართლის სამეფომ შეიერთა დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი.

მორიგი დიდი ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ ვახტანგმა ირანელებთან ერთად გადაიხადა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ამ ბრძოლის შედეგად ვახტანგმა დაიბრუნა ბიზანტიის მიერ წინა საუკუნეში მიტაცებული კლარჯეთი. ჯუანშერის გადმოცემით, ვახტანგი სწორედ ამ ლაშქრობის ბოლოს უზავდება ბიზანტიას _  “უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი, ზღვითგან ვიდრე არსიანთამდე...” ზავის ერთ-ერთი პირობა იყო ვახტანგის დანიშვნა კეისრის ასულზეც. ვახტანგის მოქმედებამ, ცხადია, ირანის შაჰის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მცხეთაში დაბრუნებული ვახტანგი ირანის მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადება. მაგრამ ირანის შურისძიებამ დააყოვნა, რადგან ვახტანგის პოლიტიკური ფერისცვალება დაემთხვა ირანის ტახტის გამო დაწყებულ (457 .) სამწლიან არეულობას. ამ წლებში ვახტანგმა ცეცხლმსახურნი განდევნა ქვეყნიდან. 460 წელს პეროზმა დამსჯელი ლაშქრობა მოაწყო ქართლში. ომი ოთხ თვეს გაგრძელდა, მაგრამ სპარსელებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამასობაში ქართლში ვახტანგის დასახმარებლად ბიზანტიელთა ჯარი შემოსულა. ამიტომ სპარსელები ვახტანგს დაზავებიან. ზავის თანახმად, ირანი უარს ამბობდა ქართლის საეკლესიო საქმეებში ჩარევაზე, სამაგიეროდ ირანმა ვახტანგისაგან შაჰისმამად და უფლადაღიარება და მისი უმცროსი დის ცოლად მიცემა მოითხოვა. ამ ზავის შემდეგ შაჰმა ვახტანგი გაიწვია ხანგრძლივ და შორეულ ლაშქრობაშიაბაშთა, ელამთა, ჰინდოთა და სინდთაწინააღმდეგ (ირანის მოსაზღვრე შუა აზიასა და ინდოეთში მდებარე ქვეყნები).

მხოლოდ სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ იწყებს ვახტანგი დიდ ქვეყნის თავდაცვით და აღმშენებლობით საქმიანობას. ქვეყნის უპირველესი საზრუნავი იყო კავკასიის ზეკარების გამაგრება. მეფემაღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და დაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი”. ვახტანგი აქტიურ პოლიტიკას ატარებს ქართლის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით _ შემოიერთა ჰერეთი და იგი საერისთავოდ აქცია, ხოლო კამბეჩოვანი _ საუფლისწულო მამულად, ააშენა უჯარმა. ვახტანგს ქართლის საზღვრებში მოუქცევია წუქეთიც. ფაქტობრივად გაერთიანებული ქვეყანა ვახტანგმა ცხრა საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ დაყო. ვახტანგის ადმინისტრაციული ღონისძიებები და ითვალისწინებდა მთისა და ბარის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და მათ შორის საგზაო კომუნიკაციების განვითარებას. საბოლოო ჯამშიყოველივე ეს ხელს უწყობდა მთიანეთისა და ბარის ინტენსიურ კავშირებს და ამ რეგიონებში ეთნოკულტურული პროცესების  გაღრმავებას (. მუსხელიშვილი). 

სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ვახტანგის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო ახალი დედაქალაქის თბილისის საფუძვლის ჩაყრა. მის დასრულებას, მართალია, ვახტანგი ვერ მოესწრო, მაგრამ მეფის არჩევანის გონივრულობა სულ მალე დაადასტურა იმ სტრატეგიულმა, ეკონომიკურმა თუ კულტურულმა მნიშვნელობამ, რომელიც თბილისმა შეიძინა მთელი ქვეყნისათვის.

ქვეყნის ცენტრალიზაციის და მისი შინაგანი მთლიანობის განსამტკიცებლად ვახტანგმა უმთავრეს პირობად ეკლესიის ორგანიზაციული სრულყოფა მიიჩნია. ირანის მუდმივი ზეწოლის პირობებში ვახტანგმა გაბედული ნაბიჯები გადადგა ქართლის ეკლესიის გაძლიერების და ორგანიზაციული სრულყოფის მიზნით. ქართული საისტორიო ტრადიცია მის სახელს უკავშირებს  ქართლის ეკლესიის მეთაურად კათალიკოსის თანამდებობის შემოღებას და ახალი 12 ეპარქიის დაარსებას.

ქართლში კათალიკოსობის დაწესებას, ჯუანშერის მიხდვით, თან ახლდა კონფლიქტი ვახტანგ გორგასალსა და მიქელ მთავარეპისკოპოსს შორის. ვახტანგმა კათალიკოსად მოიწვია პონტოში გაცნობილი ბერძენი პეტრე, რამაც ქართლის იმჟამინდელი მთავარეპისკოპოსი მიქელი (ასევე ბერძენი) ისე გაანაწყენა, რომ ამხედრებულმა მთავარეპისკოპოსმა მასთან ქვეითად მიახლოებულ მეფეს წიხლი ჩასცხო და კბილი ჩაუმტვრია. ამას მოჰყვა მიქელის გაგზავნა ბიზანტიაში და მისი მღვიძარეთა მონასტერში გამწესებაკონფლიქტის მიზეზების ძიებამ მკვლევარებს უბიძგა ქართლში კათალიკოსობის დაწესების საკითხი განეხილათ საერთაშორისო პოლიტიკურ და რელიგიურ-კონფესიურ მოვლენათა კონტექსტში. ამ ძიებათა შედეგად დაიბადა კონფლიქტის მეცნიერული ინტერპრეტაციები, რომლებიც, მიუხედავად ურთიერთისაგან განსხვავებულობისა, უჩვენებენ იმ პროცესების სირთულესა და მასშტაბს, რასაც V საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ეკლესიაში ჰქონდა ადგილი. კონფლიქტის მიზეზთან ერთად დავას იწვევს კათალიკოსობის დაწესების თარიღიც და ვახტანგ გორგასლის აღმსარებლობითი მრწამსი

კათალიკოსობის დაწესების შესაძლო თარიღად ქართულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია  472-484 წლები (ივ. ჯავახიშვილი, . ალექსიძე), 486-487 წლები (. თუმანოვი), 466-468 წლები (. ლომინაძე) 487/488 წელი (. გოილაძე), 484 წელი (. მამულია).

მეცნიერთა ნაწილი კონფლიქტს აღმსარებლობით ნიადაგზე აღმოცენებულად მიჩნევს _ არსებობს მოსაზრება, რომ ქართლის კათალიკოსად პეტრეს მოწვევა ასახავს ქართლის სამეფოში მონოფიზიტებსა და ქალკედონის მოძღვრების დამცველთა შორის დაპირისპირებას. ვახტანგი და მიქელი ერთმანეთს აღმსარებლობით დაუპირისპირდნენ _ ვახტანგი მონოფიზიტურ ფრთას გამოხატავდა, მიქელი _ ქალკედონიტურს (ივ. ჯავახიშვილი, . თარხნიშვილი).  სხვა მოსაზრებით, ვახტანგი ქალკედონიტი იყო, მიქაელიმონოფიზიტი და მისი  ჩამოშორება ვახტანგს ანტიირანული პოლიტიკის გატარებისათვის ესაჭიროებოდა (. ჯანაშია).  ვახტანგი ჰენოტიკონის დამცველი იყო, რასაც არ ეთანხმებოდა მიქელ ეპისკოპოსი (ვან ესბროკი), კონფლიქტი არ ატარებდა კონფესიურ ხასიათს, იგი გამოიწვია მიქელის ვერცხლისმოყვარეობამ, რაზედაც ლაპარაკობს ჯუანშერი (. ალექსიძე, . ლომოური).

დღეს ყველა მეცნიერი თანხმდება იმ აზრზე, რომ კათალიკოსობის შემოღება იმავდროულადAჱჱქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას ნიშნავდა. 12 ეპარქიის დაფუძნება, რაც თან ახლდა კათალიკოსობის შემოღებას, დამატებითი მოწმობად არის მიჩნეული ქართლის ეკლესიის აავტოკეფალურობისა (.ლომინაძე, .ლომოური, . ლორთქიფანიძე, .გოილაძე, .მამულია). ეკლესიაში ჩატარებულ ფართომასშტაბიან რეორგანიზაციას უკავშირდება ვახტანგ გორგასლის მიერ სვეტიცხოვლის ახლად აღშენება თორმეტი მოციქულის სახელზე.

პრობიზანტიური პოლიტიკის ერთგვარ ოფიციალურ დადასტურებას ქართველი მეფეები ახდენდნენ წმინდა მიწაზე მოგზაურობებით და იქაური სიწმინდეების თაყვანისცემით და შეწირულობების გაღებით. ეს ტრადიცია, როგორც ჩანს, მირიანიდან იღებს სათავეს. ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგი დედასთან და დასთან ერთად მოგზაურობს იერუსალიმში, მოილოცავს წმინდა ადგილებს და უხვ შეწირულობებს გაიღებს. შესაძლებელია, არ იყოს სიმართლისაგან შორს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მახლობლად მცხოვრებ მალქიტებს შორის გვიანობამდე შენარჩუნებული ცოდნა, რომ მათი წინაპრები მალხაში დაასახლა ვახტანგ გორგასალმა ჯვრის მონასტრის მტერთაგან დასაცავად.

V საუკუნის 80-იანი წლების დასწყისში ვახტანგი სპარსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა. იმ დროს, როდესაც ირანის ძირითადი ჯარები შუა აზიაში იყო გადატყორცნილი, ალბანეთი  და ქართლი აჯანყდნენ. ვახტანგმა უპირველეს ყოვლისა, იერიში მიიტანა ირანის მომხრე დიდაზნაურებზე, 482 წელს მისი ბრძანებით მოკლეს ვარსქენ პიტიახში, ირანელთა მთავარი დასაყრდენი ქვემო ქართლშიქართლის აჯანყებას მიემხრნენ სომხებიც, ვახტანგი დახმარებას ელოდა ჰონთა ბელადებისაგანაც, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჰონთა ჯარი არ მიუვიდა. სომეხ-ქართველთა გაერთიანებული ჯარი სპარსელებს გადამწყვეტ ბრძოლაში შეება სომხეთში, ჭარმანაინის ველზე. ლაზარ პარფეცის ცნობით, სომეხთა შორის ღალატმა იჩინა თავი, რამაც ირანელებს გაუადვილა გამარჯვება. ამ მარცხის შემდეგ ირანელებმა ვახტანგის შესაპყრობად ჯარი გამოგზავნეს ქართლში. ვახტანგი ეგრისში გადავიდა. ამ დროს, პეროზის დაღუპვის ამბავი მოვიდა და ირანელთა სარდლობა გაბრუნდა. აჯანყებულებმა აიძულეს ირანი დათმობებზე წასულიყო. სომხეთსა და ალბანეთში შეწყვიტეს ქრისტიანთა დევნა, ანგარიში გაეწიათ ადგილობრივი ტრადივციებისადმი.

რამდენიმე წლის შემდეგ ახლად გამეფებულმა ირანის შაჰმა როდესაც ბიზანტიაზე ლაშქრობა გადაწყვიტა, ვახტანგს ირანის სარდლის სარდლობა დაავალა. ვახტანგმა უარი შეუთვალა. ეს გახდა მიზეზი ირანის ახალი შემოსვლისა ქართლში. ბრძოლა მოხდა ივრის ნაპირას. ამ ბრძოლისას მიღებული სასიკვდილო ჭრილობის შედეგად ვახტანგი გარდაიცვალა. სხვადასხვა გამოანგარიშებით, ეს უნდა მომხდარიყო 491 ან 502 წელს. სიკვდილის წინ ვახტანგმა კათალიკოსს, ოჯახის წევრებს და წარჩინებულებს უანდერძა: “ თქუენ, მკვიდრნო ქართლისანო, მოიხსენეთ კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო, და მე ხორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქუენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ”. ვახტანგი დაუსაფლავებიათ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ძირითადი წყაროა ჯუანშერის ავტორობით ცნობილი თხზულება, რომელიც შესულიაქართლის ცხოვრებაში”. ეს თხზულება მრავალ საინტერესო  ფაქტს შეიცავს, მაგრამ იმდენად უხვად არის ზღაპრულ-ლეგენდარული ამბებით ამბებით შეზავებული, რომ ზოგი მკვლევარი ვახტანგ გორგასალს ლეგენდარულ პირად მიიჩნევს. ჯუანშერის ტექსტის კრიტიკულმა შესწავლამ მისი მრავალი ცნობის ჭეშმარიტება დაადასტურა, მაგრამ ასევე გამოავლინა მრავალი ანაქრონიზმი. პირველხარისხოვანი  ცნობები ვახტანგის დროინდელი მოვლენების შესახებ დაცულია აგრეთვე V საუკუნის სომეხ ისტორიკოსთან, ლაზარ პარფეცთან.

 

 

წყაროები და samecniero ლიტერატურა:


1. ჯუანშერი, “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა/ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. I, თბილისი, 1955;
2. ლ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველო შესახებ, თბილისი, 1962;
3. ლ. ჯანაშია, ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში/ საქართველოს ისსტორიის ნარკვევები, ტ. II, თბილისი, 1973;
4. ივ. ჯავახიშვილი, ქართველის ერის ისტორია, I;
5.
C.Toumanoff, Christian Caucasia between Byzantium and Iran: new Light from old sources , T. t.10, 1954. 163-164).
6. ბ. ლომინაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაიული ორგანიზაცია V საუკუნეში, საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, VII, გამომცემლობა “ცოტნე”;
7. ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991;
8. მ. თარხნიშვილი, საქართველოს ეკლესიიის წარმოქმნა და განვითარება/ წიგნში: წერილები, კრებული შეადგინა და გამოკვლევა დაურთო თ. ჭუმბურიძემ,თარგმნეს ც. ბიბილეიშვილმა და მ. ებანოიძემ, თბილისი, 1994;
9. ს. ჯანაშია, შრომები I;
10.
Les plus anciens  homéliaires géorgiens, étude descriptive et historique par Michel van Esbroeck. Publication de l’institut orientaliste de Louvain, 10. Luvain-la-neuve, 1975;
11. ზ.ალექსიძე, ვახტანგ გორგასალსა და მიქაელ მთავაეპისკოპოსს შორის კონფლიქტის გამო/ ძიებანისაქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, 1976;
12. ნ. ლომოური, საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა V საუკუნეში,1989, გვ. 52;
13. კ. კეკელიძე, კანონიკური წყობილება ძველ საქართველოში, ეტიუდები, IV, თბილისი, 1957;
14. პ. კონჭოშვილი, მოგზაურობა წმ.ქალაქ იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ, ტფილისი, 1901;
15. ბ.ლომინაძე, საქართველოს მართმადიდებლური ელესიის ადმინისტრაციული ორგანიზაცია V ს-ში/საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, VII, 1999;
16. დ. მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2003;
17. ვ. მ. ლორთქიფანიძე, ქართლი V საუკუნის მეორ ნახევარში, თბილისი, 1979;
18. თ. მგალობლიშვილი, კლარჯული მრავალთავი;
19. ვ. გოილაძე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, გვ. 147-150, გ. მამულია, ქართლის ეკლესია V-VI საუკუნეებში, თბილისი, 1992.

 


მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა