მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

თევდორე, მეფის მხატვარი, XI-XII სს.

 

 

 

XI-XII სს-ის მიჯნაზე მეფის კარზე მოღვაწეობდა შესანიშნავი ქართველი მხატვარი თევდორე. მისი მოხატულია ზემო სვანეთის ოთხი ეკლესია: იფრარის მთავარანგელოზთა (სვანურად - `თარინგზელ~) (1096 .); კალის ლაგურკა, ანუ წმინდა კვირიკეს და ივლიტას ეკლესია (1111 .); ნაკიფარის წმინდა გიორგის (1130 .) და წვირმის მაცხოვრის. ამ ეკლესიების მოხატულობათა წარწერებში, თევდორე თავის თავს `მეფის მხატვარს~ უწოდებს, .. XI საუკუნის ბოლოს და XII -ის 30-იან წლებში დავით აღმაშენებლის და დემეტრე I დროს საქართველოს სამეფო კარზე არსებულა `მეფის მხატვრის~ თანამდებობა. ის, რომ თევდორეს მხატვრობა მხოლოდ ზემო სვანეთში შემორჩა, მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ იგი სვანი უნდა იყოს წარმოშობით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მის მიერ დახატულ ტიპებში სვანური სახეები გამოსჭვივის. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ თევდორეს ცხოვრება ხანგრძლივი შემოქმედებითი საქმიანობით ყოფილა აღბეჭდილი _ ქრონოლოგიური ჩარჩოები მის მიერ შესრულებული მონუმენტური ფერწერული ძეგლებისა თითქმის ნახევარ საუკუნეს მოიცავს. მათ შორის, ყველაზე ადრინდელია იფრარის მთავარანგელოზთა ეკლესიის მხატვრობა შესრულებული 1096 წელს. ეს ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. მისი მხატვრობა თითქმის მთლიანად და თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. ცხადია, მხატვრობის თემატიკა წმინდა წერილითაა შთაგონებული. მათ შესახებ ცოტა ქვემოთ იქნება აღნიშნული. ამ ეკლესიის კანკელის ანტაბლემენტზე ანუ თაღების შემკვრელ გრძელ ჰორიზონტალურ ძელზე, მოთავსებულია ორ სტრიქონად შესრულებული მრავალმხრივ ღირსშესანიშნავი ასომთავრული წარწერა:

`სახელითა ღმრთისაითა. მოიხატა და შეიმკო წმიდაი ესე ეკლესიაი სალოცველად ამის ევისა ყოველთადიდთა და მცირეთა, შვილთა და მომავალთა მათთა, და სულისა მიცვალებულთა მათისა. წმიდანო მთავარანგელოზნო, შეიწყალენ ორითავე ცხორებითა, ამენ.

მოიხატა და შეიმკო დასაბამითგანთა წელთა , ქრონიკონსა ტივ, ელითა თევდორე მეფისა მხატვრისაითა. წმინდანო მთავარანგელოზნო, შეიწყალეთ~.

ძალზედ საინტერესოა და მნიშვნელოვანი იფრარის თარინგზელში თევდორეს მიერ შესრულებული მხატვრობის ფერწერის რეპერტუარი. მთელი მხატვრობის აზრობრივი და კომპოზიციური ცენტრია საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი სამფიგურიანი ვედრება ანუ დეისუსიქრისტე, ღმრთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. აბსიდის ქვედა რეგისტრში მამამთავართა ოთხფიგურიანი რიგია წარმოდგენილი. ამ რეგისტრს ასრულებს კანდელების გამოსახულება ანთებული სანთლებით. ტაძრის კედლებზეც მხატვრობა ასევე ორრეგისტრიანია. დასავლეთის კედელზე ზედა რეგისტრში წარმოდგენილია ხარების სახარებისეული სცენამარცხნივ გაბრიელ მთავარანგელოზი და მარჯვნივ ღმრთისმშობელი, ხოლო ქვედა რეგისტრში, შესასვლელი კარების ორივე მხარეს თითო ფრონტალური მაღალი ფიგურაა ერთმანეთისადმი სიმეტრიულად განლაგებულიმარცხნივ წმინდა ბარბარე და მარჯვნივ წმინდა ეკატერინე.

მეტად საინტერესოდაა გადაწყვეტილი ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლების მოხატულობა. საქმე ის არის, რომ ჩრდილოეთის კედლის ქვედა რეგისტრის მარცხენა მონაკვეთი უკავია მხედარ წმინდა გიორგის გამოსახულებას, რომელიც კლავს მიწაზე განრთხმულ დიოკლეტიანეს, ხოლო სამხრეთით მის სიმეტრიულად, ასევე მხედარი თევდორე კლავს მიწაზე განრთხმულ ვეშაპს. წმინდა გიორგის წინ დარჩენილი მონაკვეთი შევსებულია მიქაელ მთავარანგელოზის ფრონტალური გამოსახულებით, რომლის ფეხებთან ასევე განრთხმულია ისუ ნავე; წმინდა თევდორეს გამოსახულების წინ ასევე დარჩენილი კედლის მონაკვეთი შევსებულია წმინდა დედების ორი ფრონტალური ფიგურითმარცხნივ `დედაი ღმრთისა~ ჩვილით ხელში, ხოლო მარჯვნივ `წმიდაი ანა, დედაი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაი~. ვრცელი განმარტებითი წარწერა ახლავს მიქაელ მთავარანგელოზისა და ისუ ნავეს ფრესკულ გამოსახულებას: `მთავარანგელოზი მიქაელ გამოუჩნდა ისუ ნავესა ჰომსა შინა, რაჟამს მოსრნა წარმართნი~. აქ გამოსახულია ეპიზოდი ისუ ნავეს ისტორიიდან, რომელიც განეკუთვნება ძველ აღთქმაში მოთხრობილ ამბებს: იერიქონის აღების წინ, ისუს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაშიშვლებული ხმლით ხელში და გამოუცხადა ღვთის ნება. ისუ მიწაზე დავარდა ანგელოზის წინ. იფრარში მთავარანგელოზის ასეთი გამოსახულებადიდი ფიგურა ხელში მაღლა აღმართული ხმლით, ხოლო მის წინ მიწაზე განრთხმული ისუს შედარებით პატარა ფიგურა განპირობებულია იმით, რომ ეს ეკლესია აგებულია მთავარანგელოზის სახელზე.

ფრესკული გამოსახულებები წარმოდგენილია ასევე ტაძრის საკურთხევლის კანკელზე: `წმიდაი დემეტრე~ ხელში ჯვრით, `წმიდაი კვირიკე~ და `ივლიტა~ და `წმიდა სტეფანე~.

იფრარის მოხატულობა არის თევდორეს ადრინდელი შემოქმედების ნაყოფი და ერთ-ერთი გამორჩეული ფერწერული ძეგლი მთელ ქართულ ფრესკულ მხატვრობაში.

ქრონოლოგიურად, მომდევნოა ლაგურკის ანუ წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიის მოხატულობა. ეს ეკლესიაც დარბაზულია, როგორც სვანური ეკლესიების აბსოლუტური უმრავლესობა და აგებულია XI-XII სს-ის მიჯნაზე. ეკლესიას სამი შესავსლელი აქვსდასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის.; ორი სარკმელიერთი საკურთხეველში და მეორე დასავლეთ კედელში. ამჟამად მოქმედია დასავლეთის შესასვლელი. ეკლესიის კედლების ასეთი დანაწევრება შესასვლელებითა და სარკმლებით განაპირობებს სწორედ მისი მოხატულობის კომპოზიციებს. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრების წელზევითი გამოსახულებაშუაში მაცხოვარი მაკურთხეველი მარჯვენით და მარცხენა ხელში დიდი კოდექსით, რომელზედაც მოთავსებულია ცნობილი ციტატი სახარებიდან (იოანე 8,12): `მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე არავიდოდეს ბნელსა~. მაცხოვრის მარცხნივ ღვთისმშობელი, ხოლო მარჯვნივ იოანე ნათლისმცემელია. მართალია, ეს გამოსახულებები დაზიანებულია, მაგრამ მათი განმარტებითი წარწერები კარგადაა შემორჩენილი. კიდევ უფრო დაზიანებულია საკურთხევლის ქვედა რეგისტრის მხატვრობა. აქ გაირჩევა წმინდა პეტრე, წმინდა იოანე მახარებელი, ხოლო სულ ქვედა, ზემოდან მესამე რეგისტრის მხატვრობა თითქმის მთლიანად გადასულია.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე წარმოდგენილია ოთხი ფიგურა, რომლებიც სიმეტრიულადაა განლაგებული სარკმლისა და კარის ორივე მხარეს: ზემოთ წმინდა კვირიკე და წმინდა ივლიტა, ხოლო ქვემოთ წმინდა ბარბარე და წმინდა ეკატერინა. ტაძრის საკურთხევლის კანკელზე, მის ზედა ნაწილში, მოცემულია წელსზევითი გამოსახულებები შემდეგი თანმიმდევრობით მარცხნიდან მარჯვნივწმინდა სტეფანე, წმინდა კვირიკე, შემდეგ აღსავლის კარები და შემდეგ წმინდა ივლიტა და წმინდა ქრისტინა

თევდორეს შემოქმედების მწვერვალად ითვლება ლაგურკის ჩრდილოეთ კედელზე წარმოდგენილი მხატვრობა, განსაკუთრებით ამ ორრეგისტრიანი მხატვრობის ქვევმოთ წმინდა მეომრების სიმეტრიული გამოსახულებანი, რომლებიც გაჭენებულ ცხენებზე შემსხდარნი სხვადასხვა მხარეს მიემართებიანგველეშაპის გამგმირავი წმინდა თეოდორე საკურთხევლისკენ, ხოლო დიოკლეტიანეს გამგმირავი (მისი ფიგურა წაშლილია) წმ. გიორგი დასავლეთის კარებისაკენ. წმ. გიორგის ზემოთ წარმოდგენილია მეტად დინამიკური კომპოზიცია ჯოჯოხეთის _ წარმოტყვევნა, ხოლო წმინდა თევდორეს გამოსახულების ზემოთნათლისცემა.

სამხრეთის კედელი დათმობილი აქვს წმინდა კვირიკესა და ივლიტას ცხოვრების ორ ეპიზოდსპატარა კვირიკეს სასახლის კედლიდან გადმონარცხებას და წმინდა ივლიტას სიკვდილით დასჯას. მათ ზემოთ გამოსახულია ანგელოზი მოწამოებრივი ნიმბით ხელში. ამ გამოსახულებებს ახლავს წარწერები: `წმინდაი ივლიტა ჰმადლობს ქრისტესა ღმერთსა, რომელმან სრულყო წამებაი წმიდისა კვირიკესი, ძისა თვისისა~, ხოლო მეორე კომპოზიციაზე: `თუესა ივლისსა იე (15) წამებაი წმიდისა კვირიკესი. Aმან უღმრთომან მეფემან გარდამოაგდო წმიდაი კვირიკე საყდართაგან~. წამების დღე აღნიშნულია წმინდა ივლიტეს თავის კვეთის გამოსახულებაზეც: `თუესა ივლისსა ივ (16) წამებაი წმიდისა ივლიტასი~. ცხადია, ორივე თარიღი აღნიშნულია ძველი წელთაღრიცხვითამჟამად კვირიკობა და ივლიტობა აღინიშნება 28-29 ივლისს.

წმინდა ივლიტას თავის კვეთის ქვემოთ, კედელი თავისუფალია მხატვრობისაგან, რადგან ძველ დროს აქ გაჭრილი ყოფილა ამჟამად ამოშენებული კარი, ხოლო ზემოთ წარმოდგენილია ჯვარცმის ხუთფიგურიანი კომპოზიცია: ქრისტეს ორივე მხარეს ღმრთისმშობელი და იოანე მახარებელი; ხოლო ჯვრის ვერტიკალური მკლავების ზემოთ ორივე მხარესთითო ანგელოზი. მეტად შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი ქრისტეს მარჯვენა ფერდიდან გამომავალი სისხლის ნაკადი, რომელიც მიწაზე დადებულ თასში ჩაედინება; თასი წარმოადგენს შუაში გამობერილ მაღალ ლარნაკს. ამ სცენისგან მარცხნივ, კედლიდან გადმოგდებული და ქვებზე დანარცხებული პატარა წმინდა კვირიკეს ზემოთ, წარმოდგენილია შობის მრავალფიგურიანი კომპოზიცია: ღმრთისმშობელი, პატარა იესო სახვევებში, იოსებ მართალი, აღმოსავლელი მოგვები და სულ ზემოთ ანგელოზთა დასი საყვირებით ხელში.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე, შესასვლელი კარების ზემოთ, კედლის მთელ სიგანეზე მოთავსებულია ლურჯ ფონზე თეთრი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერა სამ სტრიქონად:

`სახელითა ღმრთისაითა. მოიხატა და შეიმკო წმიდაი ესე ეკლესიაი წმიდისა კვირიკესი სადიდებელად და სალოცველად ამის ევისა აზნაურთა ყოველთა, რომელნი აშენებენ ამას წმიდასა ეკლესიასა; წმიდაო კვირიკე, ადიდენ და შეიწყალენ ყოველნი, ამენ.

მოიხატა დასაბამითგანთა წელთა ხღიე ქრონიკონსა ტლა, ელითა თევდორე მეფისა მხატვრისაითა.~ ორივე თარიღი გვაძლევს 1111 წელს.

მეტად საინტერესო სიუჟეტებითაა წარმოდგენილი თევდორეს მხატვრობა ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიაში. თევდორეს იგი მოუხატავს 1130 წელს, როგორც ეს აღნიშნულია კანკელის კარნიზზე მოთავსებულ ვრცელ ასომთავრული წარწერაში:

`სახელითა ღმრთისაითა. მოიხატა და შეიმკო საყდარი ესე წმიდისა გიორგისი, სადიდებელად და სალოცველად სულისა აზნაურთა ამის ევისათა, ყოველთა ერთობით. წმიდაო გიორგი მთავარმოწამეო, შეიწყალენ და ააშენენ, ამენ.

მოიხატა დასაბამითგანთა წელთა ხღლე, ქრონიკონსა ტნ, ელითა თევდორე მეფისა მხატვრისაითა~.

პირველი თარიღი გვაძლევს 1131, ხოლო მეორე 1130 წელს. ფაქტია, რომ თევდორეს მხატვრობა ამ წლებში შეუსრულებია. საკურთხევლის აბსიდში მხატვრობა წარმოდგენილია ორ რეგისტრად. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე მაცხოვარი მაღლა ამართული მაკურთხეველი მარჯვენით, ხოლო მარცხენა ხელით უჭირავს მუხლზე დადებული გაშლილი წიგნი. მის ორივე მხარეს ღმრთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელია, ასევე მთელი ტანით და ქრისტესადმი მიმართვით. მათ უკან თითი მთავარანგელოზია საიმპერატორო შესამოსლით, ხოლო უკანანგელოზთა დასი. ქრისტეს ტახტთან გამოსახულია მარცხნივსერაფიმი და მარჯვნივქერობიმი. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია მახარებლები და ეკლესიის მამები: წმიდაი ბასილი, წმიდაი მათე, წმიდაი იოანე მახარებელი, წმიდაი პეტრე, წმიდაი ნიკოლოზისულ ხუთი ფიგურა.

დასავლეთ ფასადზე ზედა რეგისტრში წარმოდგენილია წმ. გიორგის ერთერთი სასწაულიკერპთა მსხვრევა, ხოლო მის ქვემოთ წმ. გიორგის ბორბალზე წამება. მეტად საინტერესოა ჩრდილოეთის კედლის ქვედა რეგისტრის მოხატულობა. აქ ჰერალდიკურ პოზაში ერთმანეთისკენ მიმართვით გამოსახულია ორი წმინდა მხედარიმარცხნივ წმ. გიორგი, რომელიც დიოკლეტიანეს კლავს და მარჯვნივ წმ. თევდორე, რომელიც გველეშაპს კლავს. ამ კედლის ზედა რეგისტრის მხატვრობა უჭირავს ორ სცენას _ მარცხნივ ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ხოლო მარჯვნივ ნათლისცემა. ამ კედლის მთელი მხატვრობა სამ კომპოზიციად განაწილებული, მეტად დინამიურია.

სამხრეთ კედელზე, ასევე სიმეტრიულად, სამი სცენაა წარმოდგენილიორი ზემოთ და ერთი ქვემოთ. ზედა მარცხენა სცენა უჭირავს სულიწმინდის მოფენას, ხოლო მარჯვნივ ჯვარცმაა გამოსახული. ქვემოთ წარმოდგენილია წმ. გიორგის წამების სამი სცენამარცხნივცემა, შუაშირკინის ფოცხით ხვეტა და მარჯვნივკირის ორმოში ჩაგდება.

როგორც ვხედავთ, მთელს მხატვრობაში დომინირებს წმ. გიორგის წამების სცენები, რაც ბუნებრივია, რადგან ეკლესია მისი სახელობისაა. საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ თითოეულ სცენას ახლავს თეთრი საღებავით შესრულებული მოზრდილი ასომთავრული წარწერები. აშკარაა მათი დეკორატიული დანიშნულება ეკლესიის მოხატულობაში: 1. `უღმრთოი დეოკლეტიანე მეფე სტანჯავს წმიდასა გიორგის~; 2. `წმიდამან გიორგი დალეწნა კერპნი~; 3. `წმიდისა გიორგის ხვეტა ფოცხითა რკინისითა~; 4. `წმიდაი გიორგი შთააგდეს ორმოსა კირისასა~. აღსანიშნავია, რომ წარწერებში ორგან არის აღნიშნული წმ. გიორგის წამების დღეები: 1. `თუესა ნოენბერსა (10) წამება წმიდისა გიორგისი, რაჟამს დაამშჭვალეს ურმის თვალზედ~; 2. `თუესა აპრილსა კგ (23) სრულ იქმნა წამებაი წმიდისა გიორგისი~. აქედან, ცხადია, რომ გიორგობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდაერთი 10 (23) ნოემბერს, როდესაც ის ურმის თვალზე დააკრეს და მეორე 23 აპრილს, ანუ 6 მაისს (ახ. სტ.), როდესაც მას თავი მოჰკვეთეს.

თევდორეს ან მის სკოლას მიაწერენ წვირმის მაცხოვრის ეკლესიის მოხატულობასაც, მაგრამ მას განსხვავებით ზემო სამი ეკლესიისაგან საამისო წარწერები არ შერჩენია

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

  1. C. Fvbhfyfidbkb? Bcnjhbz uhepbycrjq vjyevtynfkmyjq ;bdjgbcb? I, 1957, 143.

  2. H//J/Ivthkbyu/Vfkst ajhvs fh[bntrnehs chtlytdtrjdjq Uhepbb/ 1962, 234.

  3. Y/ Fkflfidbkb, U/Fkb,tufidbkb? F/ Djkmcrfz? Hjcgbcb [elj;ybrf Ntdljht d dth[ytq Cdfytnb? N,bkbcb? 1966 6-7.

  4. Y/ Fkflfidbkb, U/Fkb,tufidbkb? F/ Djkmcrfz?:bdjgbcyfz irjkf Cdfytnb? 1983, c/32.

  5. v. silogava, svaneTis werilobiTi Zeglebi, II, 1988, gv. 29-48.

 

 

 

 

moamzada valeri silogavam