მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

პორფირი მონაზონი , XVIII .

დავითგარეჯის მოღვაწე

 

 

      ცნობები პორფირი მონაზონის  შესახებ შემოგვინახა მისი სულიერი მოძღვრის, გაბრიელ მცირის მოკლე ჰაგიოგრაფიულმა თხზულებამმოკლე მოთხრობა პორფირისათვის”, რომლიც მას დაუწერია თავისი საყვარელი მოწაფის, მონაზონი პორფირის უდროოდ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თხზულება მოღწეულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერით: ბოდლე №8 (XVIII .)

            გაბრიელ მცირის ჰაგიოგრაფიული თხზულების თანახმად პორფირი ათი წლის ასაკში შესწირეს დავით-გარეჯის მონასტერს, სადაც იგი აღიზარდა და განისწავლა. 16 წლის ასაკში პორფირი დიაკვნად ეკურთხა და მარხვით, ლოცვით და მსახურებით ატარებდა დღეებს. იგი იყო შემკული ყოველგვარი სათნოებით, მოწყალე და თავმდაბალი.

20 წლისა რომ შესრულდა და განსწავლა დაასრულა (სრულყოფილად შეისწავლა  მწიგნობრობა და გალობა), პორფირი მონაზვნად აკურთხეს და იგი გაბრიელ მცირის სულიერი შვილი გახდა.

27 წლის ასაკში მის სულიერ მამას, გაბრიელს სურდა პორფირის მღვდლად კურთხევა, მაგრამ მას უკურნებელი სენი შეეყარა და სოფლად წაიყვანეს, სადაც ოთხი თვე დაჰყო. პორფირი მორჩლებითა და ღვთის სიყვარულით ითმენდა თავის ავადმყოფობას. ბოლოს ექიმებმა განკურნების იმედი გადაუწურეს. მაშინ პორფირიმ მიიღო ზიარება, მეორე დღეს კი ღვთისმშობელი იხილა და გარდაიცვალა.

            როდესაც დავით-გარეჯის მონასტერში შეიტყვეს პორფირის გარდაცვალების ამბავი, ყველა დამწუხრდა და მეორე დღიდანვე დაიწყეს პორფირისათვის ლოცვების აღვლენა და წირვის აღსრულება მისი სულის მოსახსენებლად.

ერთ დღეს ერთმა მოხუცეულმა ბერმა, რომელმაც მისთვის ცხრა წირვა აღასრულა და მეათისათვის ემზადებოდა, იხილა ჩვენება, ვითომ იგი ელესიაში იყო და მღვდლად შემოსილი პორფირი გამოეცხადა; პორფირის ხელში წიგნები ეჭირა და უთხრა ბერს აჰა მამაო, ეს წიგნები არის ჩემი დიდება, სიხარული და იმედიო. ამის შემდეგ გამოეღვიძა მოხუც ბერს და ყველაფერი უამბო სხვა ბერებს. ყველამ ღმერთს მადლობა შესწირა, რადგან იცოდნენ, რომ სიცოცხლეში პორფირის დიდი სურვილი იყო წმინდა წერილის ხელნაწერთა გადაწერა და გამრავლება.

            პორფირის წმინდა ნაწილები დავით-გარეჯის მონასტერში მოასვენეს და იქ დაკრძალეს. მის დაკრძალვაზე მღვდელმთავარი სტეფანე სწირადვდა.

 

 

         წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის, გამოსცა ივ. ლოლაშვილმა, თბილისი, 1983, გვ. 55-57, 150-151;

2.         ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, V, თბილისი, 1989, გვ. 122-125.

3.         ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, V, თბილისი, 1989, გვ. 198-200.

 

 

 

მოამზადა  ლელა  ხოფერიამ