მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

პიპა ქვენიფნეველი

 

XIV საუკუნის პირველი ნახევრის ქვეიფნეველთა (ქსნის ერისთავთა) საგვარეულოს წარმოადგენელი, გიორგი ბრწყინვალის თამამებრძოლი, დიპლომატი

 

 

 

      პიპა ქვენიფნეველი იყო წარმოადგენელი ქვეიფნეველ ერისთავთა ფეოდალური საგვარეულოსი, რომელიც XIII საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული, XIV-XV  საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან თანამდებობეს ფლობენ სამეფო კარზე და აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში. XVI საუკუნიდან თავიანთი სამფლობელო მხარის მიედვით ქვენიფნევლები ქსნის ერისთავებად იწოდებიან.

      XIV საუკუნის დასაწყისში დავით VIII-ის (1293-1310) და მისი ძმის, ვახტანგ III-ის (1298,1202-1208) დაპირისპირებისას ვახტანგს ერთგულობდა შალვა ქვენიფნეველი, რომელმაც ვახტანგისაგან მრავალი წყალობაც მიიღო. სწორედ ამ შალვას ძეა პიპა ქვენიფნეველი, გიორგი ბრწყინვალის თანამებრძოლი

      ამ პერიოდში ქართველი მეფეებს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად იქცა ზრუნვა მეჩეთად გადაკეთებული ჯვრის მონასტრის დაბრუნებისათვის. XIII საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მამლუქებმა ჯვრის მონასტრის ქართველ ბერებს მონღოლების ჯაშუშობა დასწამეს, მონასტერი დააარბიეს და ჯავარისმამა ლუკა მუხაისძე სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ სულთან ბაიბარსის (1260-1277) განკარგულებით ჯვრის მონასტერი მეჩეთად გადაკეთეს. ჯვრის მონასტრის დასაბრუნებლად ეგვიპტესთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აწარმოებნენ ვახტანგ III, დავით III, დასავლეთ საქართველოს მეფე, დავით ნარინის ძე კონსტანტინე I (1293-1327). მოლაპარაკებების რაოდენობა და ხანგრძლივობა უჩვენებს, რომ მეჩეთად გადაკეთებული ჯვრის მონასტრის დაბრუნებას რთული პროცედურები ახლდა თან. ჯვრის მონასტრის და იერუსალიმის სხვა წმინდა ადგილების დაბრუნების ისტორია და ქართველ მეფეთა ცალკეული დიპლომატიური წარმატებები ასახულია ჯვრის მონასტრის აღაპებში, რომლებშიც დოკუმენტური სიზუსტითაა აღნუსხული ამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების მონაწილენი და მათი ღვაწლი.

      1305-13011 წლების შუალედში  ქართველებმა ნაბიჯ-ნაბიჯ აღიდგინეს იერუსალიმში თავიანთი ძველი უფლებები: ჯვრის მონასტერი, აღდგომის ეკლესიაში უფლის საფლავი (უფლის საფლავისკლიტენი”) და  გოლგოთას სამლოცველო და გათავისუფლდნენ ქრისტიანთათვის დაწესებული დამამცირებელი ვალდებულებისაგან ცხენზე არასწორად (ორივე ფეხი ერთ მარეზე) მსხდარიყვნენ. მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა, ქართველთა მდგომარეობა წმინდა მიწაზე მერყევი იყო, რადგან საბოლოოდ არ იყო გადაწყვეტილი მათი სამართლებრივი სტატუსი. ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა გიორგი ბრწყინვალემ.

      გიორგი ბრწყინვალემ ეგვიპტეში ორჯერ გააგზავნა ელჩობა _ 1316 და 1320 წელს. კაიროში ელჩობა, რა თქმა უნდა, მუსლიმურ და ქრისტიანულ კანონმდებლობაში კარგად ჩახედული პირისათვის შეიძლებოდა მიენდო მეფეს. ასეთი კი ყოფილა  პიპა ქვენიფნეველი. პიპას თან ახლდა იოვანე ბანდაისძე, მისი ერთგული მღვდელი ქსნის ხეობიდან. ქართველი მემატიანენი ამ ხანგრძლივსა და არც თუ უხიფათო მოგზაურობას ჩვეული სიტყვაძუნწობით გადმოგვცემენ: “ამა ჟამსა მოვიდა ამბავი, კლიტენი იერუსალემისანი (=უფლის საფლავის სამლოცველოს გასაღები) სპარსთაA(ქართულ წყაროებშისპარსიაღნიშნავს ზოგადად მაჰმადიანსდაიპყრნესო. და დიდად შეწუხნა მეფე გიორგი. მაშინ წარგზავნა ძე შალვა  ერისთავისა, რომელსა ერქუა პიპა, გზასა მელთასა მრავლითA ძღუენითა წინაშე ნისრელისა (=ეგვიპტის სულთანი) და წარჰყვაA Aთანა ბანდასძე დეკანოზი იოვანე. და მივიდა პიპა წინაშე ნისრელისა. და მან სიხარულით შეიწყნარა ძღუენი იგი და მისცნა კლიტენი იერუსალეიმისანი...” (ძეგლი ერისთავთა). პიპას პირნათლად შეუსრულებია თავისი მისია. სულთნისაგან მიუღია წერილობითი თანხმობა (იერლაყი შეწყალებისაი), რომელიც სამშობლოში დაბრუნებისას გიორგი მეფისათვის მიურთმევია. “ფრიად განიხარა გიორგი მეფემან, რამეთუ მოეცნეს კლიტენი ქართველთა” (ძეგლი ერისთავთა).

       უკანა გზაზე პიპა გაჩერებულა იერუსალიმში. რასაკვირველია, მოინახულებდა წმინდა ადგილებს, რომლთა დაბრუნებაში ესოდენ დიდი წვლილი შეიტანა. მოუნახულებია ჯვრის მონასტერი, სადაც ქართველმა ბერებმა მონასტრის სვინაქსარში პიპასა და მისი მშობლების მოსახსენებლად რამდენიმე სააღაპე მოსახსენებელი შეიტანეს: “სამარიტელისა ოთხშაბათსა, წირვა და აღაპი საუკუნო ერისთვისა შალვას ქენიფნეველსა, შვილსა პიპასი და მისისა მეუღლისა თამარისი, შეუნდვენ ღმერთმან... “

      გიორგი ბრწყინვალის ეს დიპლომატიური გამარჯვება ქართველთა პოლიტიკური პრესტიჟის ამაღლებას ნიშნავდა. საქართველომ დაიბრუნა ძველი გავლენა წინდა მიწაზე და საერთაშორისო პოლიტიკური წონა. ეგვიპტის სულთანმა ქართველებს გამონაკლისი უფლება მიანიჭა _ იერუსალიმში ჩასული ქართველი მომლოცველებისულთანს ხარკს არ უხდიდნენ და ცხენებზე ამხედრებულები გაშლილი დროშებით შედიოდნენ წმინდა ქალაქში. ამგვარი მდგომარეობა გრძელდებოდა წმინდა მიწაზე XV საუკუნის შუა ხანებამდე.

 

 

               წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ჟამთააღმწერელი, ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოც. თბილისი, 1959.

2.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია/თხზულებანი თორმეტ ტომად, .III. თბილისი, 1982.

3.     . მესხია, ძეგლი ერისთავთა, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 30, თბილისი, 1954.

4.     . მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბილისი, 1963.

5.     XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ, არაბულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო . გოჩოლეიშვილმა, თბილისი, 1988.

6.     . ჯაფარიძე, სულტან ბარკუკის ორი ბრძანებულება იერუსალიმის  ფრანცისკანელთა სამეუურვეოს არქივიდან/ ქართული დიპლომატია, წელიწდეული,9, თბილისი, 2002.

7.     . ჯაფარიძე, როდის დაუბრუნეს ქართველებს მამლუქების მიერ მიტაცებული ჯვრის მონასტერი? კრ. “შოთა მესხია, 90”, საიუბილეო კრებული, თბილისი, 2006.

8.     . მამისთვალაშვილი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია, გორი, 2002.

9.     . მამისთვალაშვილი, მეჩეთი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, კრ. “ნოდარ შენგელია” 75, თბილისი, 2008, გვ. 25-35.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ