მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ლევან II დადიანი

ოდიშის მთავარი 1611_1657 წლებში

 

დადიანების ფეოდალური საგვარეულო ქართულ წერილობით წყაროებში XI -ში მოიხსენიება (“მატიანე ქართლისა”). ჩვენთვის ცნობილი ამ გვარის პირველი წარმომადგენელი იყო ოდიშის ერისთავი ბედიანიოდიშის საერისთავო მხოლოდ ნაწილი იყო შემდეგდროინდელი ოდიშის სამთავროსი, რომელმაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ბრძოლაში XVI საუკუნის შუა ხანებში ფაქტობრივ დამოუკიდებლობას მიაღწია. ამასიის ზავის (1555) შედეგად ოდიშის სამთავრო მთელ დასავლეთ საქართველოსთან ერთად ოსმალეთის გავლენის სფეროში მოექცა. ეს ზავი, რომლითაც ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ხელს უშლიდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლას და კიდევ უფრო აღვივებდა ფეოდალურ სეპარატიზმს. იმ დროს, როდესაც შავიზღვისპირეთის ქალაქებში ოსმალური ჯარი იდგა, გურიელი და დადიანი ცალ-ცალკე თუ ერთად იმერეთის მეფეს უპირისპირდებოდნენ. XVI საუკუნის 90-იან წლებში იმერეთში გამეფებულმა ანარქიამ უბიძგა ქართლის მეფეს სვიმონს ჯარით გადასულიყო იმერეთში და იგი ქართლისათვის შემოეერთებინა. თავიდან სვიმონმა  გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ ოდიშის იმდროინდელმა მთავარმა, მანუჩარ დადიანმა სვიმონს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და აიძულა ხელი აეღო თავის გეგმაზე.

სწორედ ამ მანუჩარ დადიანის მემკვიდრე იყო ლევან II დადიანი, რომლის დროსაც ოდიშის სამთავრომ დიდი აღმავლობა განიცადა. დედა ლევან დადიანისა იყო კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ასული ნესტანდარეჯანი. ლევანი უნდა დაბადებულიყო 1591 წელს. დედოფალი ნესტანდარეჯანი ლევანზე მშობიარობას გადაყვა. მანუჩარ დადიანმა 1598 წელს მეორედ იქორწინა. ამ დროიდან  ალექსანდრე მეფემ თავისი შვილიშვილი აღსაზრდელად კახეთში წაიყვანა. ასე რომ, მცირეწლოვანი ლევანი კახეთის სამეფო კარზე იზრდებოდა. 1602 წელს  კახეთის სამეფო კარზე დაწყებული არეულობის შემდეგ (დავით ბატონიშვილმა მამა _ ალექსანდრე ტახტიდან გადააყენა და კახეთის მეფედ ეკურთხა), მანუჩარმა თავისი ვაჟი ოდიშში დააბრუნა. ამრიგად, მოზარდობის წლებში ლევანმა კახეთსა და ოდიშში შეიძინა იმდროინდელ არისტოკრატულ ოჯახებში მიღებული ცოდნა-განათლება, გაიწაფა ფეოდალურ ეტიკეტში და სამხედრო საქმეში.

1611 წელს მანუჩარ დადიანი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ლევანი ოდიშის მთავარი გახდა, მაგრამ თავდაპირველად სამთავროს საქმეებს მასთან ერთად უძღვებოდა ლევანის ბიძა გიორგი ლიპარტიანი. დაახლოებით 1615 წლიდან ლევანი დამოუკიდებელი მმართველი ხდება.

ლევან დადიანის მმმართველობის დასაწყისში  დასავლეთ საქართველოში სიმშვიდე სუფევდა, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს შაჰ აბასის შემოსევები ანადგურებდა. 1612 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა და ქართლის მეფე ლუარსაბ II- იმერეთის მეფე გიორგისთან ჰპოვეს თავშესაფარიდასავლეთი საქართველოს მეფე-მთავრები, რომელთა შორის იმყოფებოდა ლევან დადიანიც, გეგუთში შეკრებილან და მტკიცე უარი შეუთვლიათ შაჰისათვის, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ლუარსაბისა და თეიმურაზის გადაცემასთეიმურაზ I ერთხანს ოდიშშიც აფარებდა თავს (ლევან II დადიანი თეიმურაზს მამიდაშვილად ერგებოდა).

1615 წლის გაზაფხულზე ოსმალეთმა სამხედრო ოპერაციები განაახლა ირანის წინააღმდეგ. იმავე წლის სექტემბერში დავით ჯანდიერის მეთაურობით კახეთში დიდი აჯანყება დაიწყო. როდესაც ამ აჯანყებით წაქეზებული თეიმურაზი კახეთში დაბრუნდა, იგი იმერთა მეფე გიორგიმ, ლევან დადიანმა და მამია გურიელმა სამხედრო რაზმებითურთ ერთად მიაცილეს არაგვის საერისთავომდე. ირან-ოსმალეთის ზავის პირობებით ოსმალეთის ხელდებული მეფე-მთავრებს აღმოსავლეთ საქართველოსათვის ამაზე მეტის გაკეთება არ შეეძლოთ. დასავლეთი საქართველოს მეფე-მთავართა ერთსულოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1622 წლიდან გამოიკვეთა ლევან II დადიანის პრეტენზიები _ ერთპიროვნული ლიდერი გამხდარიყო მთელ დასავლეთ საქართველოში. მის ამ სწრაფვაში შერწყმული იყო ჭკვიანი და ენერგიული მმართველის ზრახვებიც და დაუოკებელი ვნებების, შურისმაძიებელი ფეოდალის პირადული მოტივებიც.

XVI საუკუნეში ოდიშის დაქვემდებარებაში მყოფი აფხაზეთის სამთავრო XVII საუკუნის 10-იანი წლებიდან დამოუკიდებლობას ამჟღავნებს. დასავლეთიდან ოდიშს აფხაზ-ჯიქთა შემოსევების მუდმივი საფრთხე შეექმნარომლის აღსაკვეთად ლევან დადიანმა დაახლოებით 1614/1615 წელს ცოლად შეირთო სეტემან შერვაშიძის ასული. 1621 წელს ლევანმა თავისი და მარიამი ცოლად მისცა მამია გურიელის ძეს სვიმონს. სწორედ ამ ხანებში ალექსანდრე იმერთა მეფე გაეყარა მამია გურიელის ასულს, რამაც გურია-იმერეთის ურთიერთობა დაძაბაასეთ პირობებში ოდიშის, აფხაზეთის და გურიის მთავართა დამოყვრება პოტენციურად იმერეთის საწინააღმდეგო შეკავშირებას გულისხმობდა. ამ კავშირის ლიდერად აშკარად ლევან დადიანი გამოდიოდა, რომელსაც სამთავროს ტერიტორიის გაფართოება უნდოდა იმერეთის ხარჯზე. 1622 წელს ლევან დადიანმა ქუთაისის ახლოს, გოჭაურასთან, ბრძოლა გაუმართა ალექსანდრე მეფეს და დაამარცხა იგი (ამ ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებაზე ლაპარაკია  ილორის ხატის წარწერაში). იმავე წელს ლევანი თავის ცოლს, რომელთანაც ორი ვაჟი და ორი ასული ჰყავდა, ეჭვიანობის ნიადაგზე გაშორდა _ ღალატში მხილებულ ქალს ცხვირი მოაჭრა და აფხაზეთში დააბრუნა. ამასთანავე სეტემან შერვაშიძის სამფლობელო სასტიკად დაარბია. ისვეზირიკი, ვისთან ღალატშიც ცოლს ბრალი ედებოდა, (ეს იყო სავარაუდოდ მერაბ ქორთოძე),  დააპატიმრა და  გურიის მთავარს გადასცა. ამ ამბიდან სულ მალე  ლევანმა იქორწინა თავისი ხანდაზმული ბიძის, გიორგი ლიპარტიანის ახალგზარდა მეუღლეზე _ ჭილაძის ასულ ნესტანდარეჯანზე.

ლევანის მეორე ქორწინებამ დიდი მღელვარება გამოიწვია ოდიშში და დაძაბულობა მხოლოდ გიორგი ლიპარტიანის გარდაცვალებამ შეანელა. აფხაზთა მთავარი ლევანმა საბოლოოდ გადაიმტერა, მალე გურია-ოდიშის კავშირიც დაირღვა. 1625 წელს ლევანის სიძემ, სვიმონმა, საკუთარი მამა მოკლა და გურიელობა დაიპყრა. ამ ამბის შემდეგ გურიელს, იმერეთის მეფეს და აფხაზეთის მთავარს ლევან დადიანის წინააღმდეგ დაუგეგმავთ შეთქმულება  (გეგმის ავტორი  ოდიშიდან განდევნილი მერაბ ქორთოძე უნდა ყოფილიყო). შეთქმულებს განზრახული ჰქონდათ ლევანის მოკვლა და მისი ნახევარძმის, იესეს გამთვრება. შეთქმულება გამჟღავნდა, რასაც მოჰყვა ლევან დადიანის ლაშქრობა გურიაში. ლევანმა დაატყვევა მამისმკვლელი სიძე, დააბრმავა იგი და ბერად აღკვეცა. თავისი და მარიამი და და დისწული ოტია კი ოდიშში წამოიყვანა. გურიის მთავრობა ლევანმა კათალიკოს მალაქიას _ მოკლული მამიას ძმას მისცა. ფაქტობრივად, ლევანმა გურია ოდიშისპოლიტიკურ დანამატადაქცია (წალენჯიხის ეკლესიის წარწერაში ლევანი დადიან-გურიელად იხსენიება). იმ დროს როდესაც დადიანი გურიის საქმეებით იყო დაკავებული, აფხაზეთის მხრიდან გახშირდა თავდასხმები კოდორს გადმოღმა, ოდიშის დასავლეთ ნაწილებზე. ამ თავდასხმების შესაჩერებლად დადიანი იძულებული გახდა დამცავი კედელი აეშენებინა ( კელასურის კედელი).

ლევან დადიანი საკმაოდ მოქნილ პოლიტიკას ატარებდა ოსმალეთთან და ირანთან. ფორმალურად ოსმალეთის მორჩილი ოდიშის მთავარი ფაქტობრივად მისგან დამოუკიდებლად იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებების. არქანჯელო ლამბერტის ცნობით დადიანი ყოველ წელიწადს სულთნის ვეზირებს ფეშქაშებს უგზავნიდა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სულთანს მცირე ხარკს უხდიდა. სამაგიეროდ თურქების ჯარს სამთავროს ტერიტორიაზე არ უშვებდალევანმა ისე დაანგრია თურქების მიერ 1578 წელს აშენებული ფოთის ციხე-სიმაგრე და იქიდან 25 ზარბაზანი წამოიღო, რომ გარნოზონის თურქ ჯარისკაცებს ეს ამბავი არც უცნობებიათ  პორტაში, რადგან დადიანისაგან ჯამაგირს იღებდნენ. ოსმალეთის აგენტებს დადიანი უმალავდა ინფორმაციას ოდიშში არსებული საბადოების შესახებ, საგანგებოდ ცუდ გზებზე ატარებდა, ცუდად კვებვდა და ყოველი საშუალებით არწმუნებდა ოდიშის სიღარიბეში.

 1632 წელს, როდესაც თეიმურაზ I-მა დროებით ქართლ-კახეთის ტახტი დაიპყრო, ლევანი თეიმურაზის მხარეზე მონაწილეობს განჯა-ყარაბაღის დალაშქვრაში ყიზილბაშთაA(ირანის) წინააღმდეგ. ქართლში როსტომის გამეფების შემდეგ კი ლევან დადიანი როსტომს დაუმოყვრდა _ როსტომმა ცოლად შეირთო ლევანის და მარიამი, რაც ახალ ალიანსში შესვლას  ნიშნავდა ამჯერად უკვე ირანის მხარეზე იმერეთის მეფისა და თეიმურაზის წინააღმდეგმარიამ-როსტომის  დაქორწინებას მტრულად შეხვდა გიორგი იმერთა მეფე. მან სცადა ამ ქორწინების ჩაშლა. სამხედრო რაზმით წინ გადაუდგა ლევან დადიანს კაკასხიდთან, მაგრამ დამარცხდა და ლევანს ტყვედ ჩაუვარდა. ირანთანმეგობრულიკავშირი ირანს შავ ზღვაზე ვაჭრობის პერსპექტივას უხსნიდა. ამ კავშირის საზღაურად შაჰ სეფიმ ლევანს ყოველწლიური ჯამაგირიც დაუნიშნა.  

საკუთარი სამთავროს პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ლევან დადიანს აიძულებდა მისი პაპის, ალექსანდრე II-ის მსგავსად, ორი ბატონის მსახური ყოფილიყო, მაგრამ მას კარგად ესმოდა ასეთი მდგომარეობის არასაიმედოობა. ვერცერთი მხარე ვერ ურიგდებოდა რომელიმე ქართული პოლიტიკური ერთეულის გაძლიერებას. ოსმალეთის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ლევანის დაკავშირებამ ირანთან და დონელი კაზაკების მფარველობამ, რომლებიც თურქეთის ფლოტს არბევდნენ შავ ზღვაზე. 1634 წელს ოსმალები ზღვით შემოიჭრნენ კოდორის მიდამოებში და ააოხრეს დრანდა. მომდევნო წელს ოსმალთა არმია მურად IV-ის მეთაურობით ერევანს შემოერტყა და ლევან დადიანს ჯარით მიშველება მოსთხოვა. ლევან დადიანმა მტკიცე უარი შეუთვალა. ოსმალეთთან ურთიერთობის დაძაბვამ ლევან დადიანს უბიძგა რუსეთში ელჩი გაეგზავნა მფარველობაში შესვლის თხოვნით. ამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ რუსეთმა ოდიშიის გაცნობის მიზნით, საპასუხო ელჩობა ოდიშში მაინც გამოგზავნა.

XVII საუკუნის 20-ანი წლებიდან საქართველოში კათოლიკე მისიონერები იწყებენ ჩამოსვლას. მათ აგზავნიდაპროპაგანდა ფიდე”, რომელიც მოწოდებული იყო კათოლიციზმის ქადაგებით გაეზარდათ რომის პოლიტიკური გავლენა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და ადგილებზე შეესწავლათ ირანთან დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტები. მისიონერებმა თავდაპირველად გორში დაიდეს ბინა, მაგრამ ქართლში როსტომის გამეფების შემდეგ ოდიშში გადაინაცვლეს, სადაც ლევან დადიანი მათ საუკეთესო პირობებს ჰპირდებოდა. მისიის ოდიშში გადატანის იდეა, როგორც ჩანს, ნიკიფორე ჩოლაყაშვილს ეკუთვნოდა. ლევან დადიანს კათოლიკე მისიონერების დახმარებით სურდა ერთი მხრივ, მოსახლეობის კულტურული დონის აწევა, მეორე მხრივ, ოსმალეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა და ევროპასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება. კათოლიკე მისიონერებმა ოდიშში დიდი პოპულარობა მოიპოვეს, რადგან მათ მოჰქონდათ იმდროინდელი მსოფლიოს მოწინავე ცოდნა, ნერგავდნენ სამკურნალო, სამეუნეო, საინჟინრო და სხვ. სიახლეებს, ასწავლიდნენ უცხო ენებს.

დადიანმა ნიკოლოზ ჩოლაყაშვილთან და მისიონერებთან ერთად შეიმუშავა  ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო პროექტიმას სურდა ოდიშის სამთავროზე გავლით ევროპელებისათვის შეეთავაზებინა სპარსეთთან დამაკავშირებელი უმოკლესი სავაჭრო გზა, რაც მისაღები უნდა ყოფილიყო ირანისათვისაც და ევროპული ქალაქებისათვისაც, ხოლო თავად ოდიშს დიდ ეკონომიკურ მოგებას და კულტურულ წინსვლას მოუტანდაარსებითად, ლევან დადიანის პროექტი ანტიოსმალური პროექტი იყო. პროექტის განხორციელებისათვის ლევან დადიანმა რუხში პატარა სატრანზიტო სავაჭრო ქალაქი ააგო, სადაც დაასახლა იმერეთის მეფის გიორგის გამოსასყიდად ჩიხორიდან და ჩხარიდან გადმოყვანილი სომეხი და ებრაელი ვაჭრები. ვაჭრობის გამოსაცოცხლებლად გახსნა ზარაფხანაც, სადაც ირანული ფულის მინაბაძი მონეტები იჭრებოდა. ამასთანავე დადიანმა მოლაპარაკება გამართა სტამბოლში მყოფ ვენეციის წარმომადგენელთან. მიუხედავად იმისა, რომ დადიანის ინიციატივები ყველა მხარისათვის მიმზიდველი ჩანდა, პროქეტი მაინც ვერ განხორციელდა, რადგან ოსმალეთი შავ ზღვაზე ვაჭრობის მონოპოლიას არავის უთმობდა.

ლევან დადიანი იმერეთის დაპყრობის გეგმაზე ხელს არ იღებდა. მისმა გაუთავებელმა თავდასხმებმა იმერეთის სამეფო მეტისმეტად დააუძლურა. დადიანი აჩანაგებდა სოფლებს, ტყვედ ერეკებოდა ხალხს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაატყვევა ალექსანდრე მეფის უმცროსი ძმა მამუკა ბატონიშვილი, რომელსაც თვალები დათხარა. მამუკა ტყვეობაში გარდაიცვალა. 1657 წელს. იგი დაკრძალეს წალენჯიხის ეკლესიაში.

      ლევან II დადიანის სახელთან დაკავშირებულია ოდიშის ტერიტორიაზე დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა. ლამბერტის ცნობით, ოდიშის ტერიტორიაზე მას აღუდგენელი არ დაუტოვებია არცერთი დანგრეული ეკლესია. მოახატვინა ხობის, წალენჯიხის ეკლესიები, ააშენა და შეამკო კორცხელის ტაძარი. დადიანის სახსრებით ნიკიფორე ჩოლაყაშვილმა იერუსალიმში განაახლა ჯვრის მონასტერი. ლევანის კარზე მოღვაწეობდა მხატვარ-კალიგრაფი მამუკა თავაქარაშვილი, რომელმაც ლევანის დავალებით გადაწერა და დაასურათავეფხისტყაოსანი”. დადიანს თავის კარზე ჰყავდა მოწვეული ოქრომჭედლობის საუკეთესო ოსტატები, რომელთა მიერ მოჭედილი შესანიშნავი ხატების წარწერები მოგვითხრობენ ლევან დადიანის საბრძოლო წარმატებებზე.

ლევან დადიანი გარადაიცვალა 1657 წელს. წყაროები იუწყებიან, რიმ იგი დააკვდა თავისი უდროოდ გარდაცვლილი შვილის, მანუჩარის ცხედარს.

ლევან დადიანი რთული, წინააღმდეგობრივი ხასიათის _ სასტიკიც და სამართლიანიც, ღვთისმოსავიც და შურისმაძიებელიც, გამჭრიახი გონების, მასშტაბური აზროვნების პოლიტიკოსი, თავისი ეპოქის ღვიძლი შვილი იყო.

 

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება/ქართლის ცხოვრება,II, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1959.

2.     ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსი, . ყაუხჩიშვილის გამოც. თბილისი, 1973.

3.     ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, . კაკაბაძის გამოც. საისტორიო მოამბე, II, 1925.

4.     ევლია ჩელების მოგზაურობის წიგნი, თურქულიდან Aრგმნა, კომემტარები და გამოკვლევა დაურთო . ფუთურიძემ, I-II, თბილისი, 1971, 1973.

5.     ისქანდერ მუნში, აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება, სპარსულიდან თარგმნა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო . გელაშვილმ, თბილისი, 1981. 

6.     კასტელი ქრისტოფორო, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო . გიორგაძემ, თბილისი, 1976.

7.     .კეკელიზე, ნიკიფორე ირბახი, ეტიუდები, \I\, თბილისი, 1945.

8.     არქანჯელო ლამბერტი, სამრგრელოს აღწერა, თბილისი, 1938.

9.     Mუსტაფა ნაიმა, ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თურქული ტექსტი ქართული თთარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსაცემად მოამზადა . შენგელიამ, თბილისი, 1979.

10.    . ნაკაშიძე, საქართველოს საკითხი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, II, თბილისი, 1973.

11.    . სოსელია, სამეგრელოს სამთავრს წარმოშობის თარიღისათვის, მიმომხილველი, II, თბილისი, 1951.

12.    ბერაძე, ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, III, თბილისი, 1967,

13.    . ბერაძე, ვახუშტი ბაგრატიონი და ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, IV, თბილისი, 1971.

14.    . ჩოჩიევი, ირან-ოსმალეთის 1639 წლის ზავი და საქართველო, ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბილისი, 1957.

15.    . ბერძენიშვილი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, საქართველოს ისტორიის საკითხები, IV, თბილისი, 1967.

16.    . ხუსკივაძე, ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო, თბილისი, 1974.

17.    ილია ანთელავა, ლევან II დადიანი,თბილისი, “მერანი”, 1990.