მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

კირონ ( კირონ ) I, კათალიკოსი

ქართლის კათალიკოსი 599-614 / 616 წლებში.

 

 

      კირონ (კირიონ) I-ის შესახებ ძველ ქართულ წერილობით წყაროებში თითქმის არაფერია თქმული. სომხური წყაროების თანახმად, იგი წარმოშობით ქართლის ერისთავთა კლარჯულ-ჯავახური შტოს წარმომადგენელად იხსენიება, სოფელ სკუტრიდან (საქუდრია). კირიონის საერისკაცო სახელი სვიმეონი ყოფილა. ყრმობისას იგი 15 წელი ტყვედ თუ მძევლად იმყოფებოდა სომხეთის . ბერძნულ ნაწილში, კოლონიის პროვინციაში, დაბა-ქალაქ ნიკოპოლისში. პირველდაწყებითი განათლება კირიონმა ჯავახეთში მიიღო, 15 წელი კი ნიკოპოლისში სწავლობდა, სადაც საფუძვლიანი საღვთისმეტყველო განათლება შეიძინა. სწავლის დამთავრების შემდეგ კირიონი დამკვიდრდა სომხეთში, . დვინში, სადაც დაუახლოვდა მონოფიზიტ სომეხთა კათალიკოსს მოსეს და თვითონაც აღიარა მონოფიზიტობა. თავდაპირველად კირონი აირარატის გავარის ქორეპისკოპოსისა და დვინის კათოლიკე მონასტრის წინამძღვრის ხარისხებს დაეუფლა. მოსეს კათალიკოსმა იგი ეპისკოპოსად აკურთხა. მას სომხეთში 5 წელი უმოღვაწია.

      X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, უხტანესის გადმოცემით, ქართლის მთავარს სომეხთა კათალიკოს მოსესათვის  უთხოვია ქართლის საკათალიკოსო ტახტზე კანდიდატის შერჩევა. საბოლოოდ ქართლის პრომონოფიზიტურად და სპარსოფილურად განწყობილი ძალების მოწადინებით, 599 წელს კირიონი, ბართლომე კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ, მცხეთის საკათალიკოსო ტახტზე აკურთხეს.

      კირიონის კათალიკოსად კურთხევა დაემთხვა ქართლის სამეფოს გაძლიერების პერიოდს, როდესაც ქართლის ერისმთავრებმაჯერ გუარამმა და შემდგომ სტეფანოზ I-მა ბიზანტია-ირანის დაპირისპირების დაძაბული ფონი მოხერხებულად გამოიყენეს ქვეყნის ასაღორძინებლად. ასეთ პოლიტიკას, რასაკვირველია, ქრისტიანული ეკლესიის თანადგომა ესაჭიროებოდა. ფხიზელი პოლიტიკური ალღოს და ძლიერი ნების კირიონ კათალიკოსი იმთავითვე ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად ქცეულა. როგორც ჩანს, კირიონი დიდ ზეგავლენას ახდენდა ქართლის პოლიტიკური მესვეურების  გადაწყვეტილებებზე. მის დროს ვარაუდობენ მკვლევარნი ქართლისა და ეგრისის ეკლესიების გაერთიანებას.

602 წლიდან, როდესაც ირანსა და ბიზანტიას შორის დაძაბული ბრძოლის სასწორი ირანის სასარგებლოდ გადაიხარა, ქართლი კვლავ ირანის გავლენის ქვეშ მოექცა. თუმცა, რადგან ხოსრო ფარვიზის მთელი ყურადღება ბიზანტიის მცირეაზიური პროვინციებისაკენ იყო მიმართული, ქართლის ერისმთავარი ფორმალურად აღიარებდა ირანის შაჰის უზენაესობას, ფაქტობრივად კი დამოუკიდებლად განაგებდა თავისი ქვეყნის ბედს. ამ დროს ქართლში აქტიურად იღვწიან ადარნასე ერისმთავარი (რომელმაც დაახლოებით 604 წლიდან შეცვალა მონოფიზიტი სტეფანოზ ერისმთავარი) და კირიონ ქართლის კათალიკოსი. ეს იყო ქართლის სახელმწიფოებრივობის აღორძინების ხანა.

კირიონის მეცადინეობით და საზოგადოების მხარდაჭერით ქართლში ოფიციალური ქრისტიანული მრწამსი დიოფიზიტური გახდა. იმ დროისათვის ბუნებრივ ქრისტიანულ აღმსარებლობათა სიჭრელეს კირიონი მკვეთრად არ დაპირისპირებია. მათ მიმართ კათალიკოსმა  შემწყნარებლური პოლიტიკა გაატარა, სამაგიეროდ, მკაცრად მოითხოვა ღვთისმსახურებაში ქართული ენის დამკვიდრება. კირიონის პოლიტიკურ გამჭრიახობასა დარკინისებურსიმტკიცეზე მიუთითებენ სომხური წყაროები. თვით ყველაზე უფრო შერეული მოსახლეობის ცურტავის ეპარქიაში კირიონმა ღვთისმსახურების სავალდებულო ენად ქართული გამოაცხდა.

კირიონის ამ პოზიციამ და აგრეთვე მისმა შეურიგებლობამ  მონოფიზიტობის წინააღმდეგ წარმოშვა კონფლიქტი კირონსა და ცურტავის ქართულ-სომხურენოვან სამწყსოს ეპისკოპოს მოსე ელივარდელს შორის. კონფლიქტში სომხეთის ეკლესიის იერარქებიც ჩაერთვენ. საბოლოოდ წარმოიშვა საეკლესიო განხეთქილება, რომელიც კავკასიის ეკლესიების გათიშვით დამთავრდა: ქართული ეკლესია დიოფიზიტურ მრწამსს დაადგა, სომხური მონოფიზიტურს, ალბანური კი ერთხანს მათ შორის მერყეობდა. კონფლიქტი დაიწყო 605 წელს, როდესაც ცურტავის სომეხი ეროვნების მონოფიზიტმა ეპისკოპოსმა მოსემ ამხილა ადგილობრივი წარჩინებულები ქალკედონიტური აღმსარებლობის გამო. ასეთი ნაბიჯი ქალკედონიტების წინააღმდეგ მან სომხეთის ეკლესიის წაქეზებით გადადგა, მაგრამ დამარცხება განიცადა და სომხეთში გაიქცა. ამიერიდან ცურტავის ეპისკოპოსად სხვა დაადგინეს და ცურტავის სომხურენოვან თემში მღვდელმსახურების აღსრულება ქართულ ენაზედაც სავალდებულო გახადეს. საქართველოდან გაქცეულმა მოსე ეპისკოპოსმა სომეხთა კათალიკოსის მოადგილეს ვრთანეს ქერდოლს კირონ კათალიკოსისა და ქართლის მთავრების საქციელზე წერილობით შესჩივლა. სომხური ეკლესიის მესვეურებმა და მთავრებმა კირიონ კათალიკოსთან ფართო წერილობითი პოლემიკა წამოიწყეს მოსე ეპისკოპოსისა და მონოფიზიტობის დასაცავად. საბოლოოდ აბრამ სომეხთა კათალიკოსმა 608  “საყოველთაო ეპისტოლეგამოსცა, რომელიც სომხებს ყოველგვარ კავშირს უკრძალავდა ქართველებთან და ალბანელებთან, გარდა ყიდვა-გაყიდვისა.

იერუსალიმის აღების შემდეგ (614 ) ხოსრო II- მოიწვია ქრისტიანული საეკლესიო კრება, რომელმაც მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადშაჰის მორჩილ ყველა ქრისტიანს სომეხთა სარწმუნოების (.. მონოფიზიტობის) აღიარება ევალებოდა. ასეთ ვითარებაში კირონ კათალიკოსი, ადარნასე ერისმთავარი და სხვა მთავრები იძულებული შეიქნენ დაეტოვებინათ ქართლი. ამ პერიოდიდან კირონ ქართლის კათალიკოსის შესახებ წყაროებში არაფერია მითითებული. . ალექსიძის აზრით, კირონი ეგრისში გადავიდა და იქ ფაზისის მიტროპოლიტობა მიიღო. იმავე ავტორის ვარაუდით, “კირონ ქართლის ეპისკოპოსი და კიროს ფასისელი ალექსანდრიელი, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი გამოჩენილი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, თეოლოგი და მონოთელიტური წვალების იერარქი, ფასისის მიტროპოლიტი _ ერთი და იგივე პიროვნებაა”.

კირიონი ყოველთვის იცავდა ქალკედონის კრების ქრისტოლოგიას და ამით ქართული ეკლესიის თვითმყოფადობას. იგი აღიარებდა 5 პატრიარქის ავტორიტეტს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოარჩევდა იერუსალიმის პატრიარქს, რომელთანაც მიწერ-მოწერაც ჰქონდა. მან რომის პაპსაც გაუგზავნა წერილი ნესტორიანობასთან დაკავშირებით. შემონახულია პაპის, გრიგოლ დიდის საპასუხო წერილი (ლათინურ ენაზე) კირონის ერთ-ერთ ეპისტოლეზე. არსებობს აგრეთვე კირიონის ეპისტოლეები სპარსეთის სამეფოს უმაღლეს მოხელეებთან. ყველა ეპისტოლეში ჩანს კირიონის დიდი განათლება, დიპლომატია, ერუდიცია, თავდაჭერილობა.

      კირონის (კირიონ) ერთ მთავარ დამსახურებად ითვლება ის, რომ VII საუკუნის დასაწყისში მან პირველმა გამიჯნა ქართული ეკლესია მონოფიზიტური ეკლესიისაგან, გადაიყვანა ქალკედონურზე და ეროვნულ ინტერესების დაცვა დააკისრა.

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. ეპისტოლეთა წიგნი, თფლისი, 1901 (სომხურ ენაზე).
2. უხტანესი, ისტორია ქართველთა და სომეხთა განყოფისა. ვაღარშაპატი, 1871 (სომხურ ენაზე).
3. “სარწმუნოების ბეჭედი” (“კნიქ ჰავატო”) ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ, ლ. მელიქსეთ-ბეგის გამოცემა, I, 1934 (სომხურ ენაზე).
4. იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია მ. ემინის გამოცემა. მოსკოვი. 1853 (სომხურ ენაზე).
5. სტეფანოს ტარონეცი (ასოღიკი). მსოფლიო ისტორია. ტფლისი, 1887, (სომხურ ენაზე).
6. კირაკოზ განძაკეცი, სომხეთის ისტორია, კ. მელიქ-ოჰანჯანიანის გამოცემა. ერევანი, 1961 (სომხურ ენაზე).
7. იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია, ი. აბულაძის თარგმანი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალისა. თბილისი. 1937.
8. იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და საძიებლით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბილისი. 1965.
9. ქართლის ცხოვრება, ტ. I ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1955.
10. ეპისტოლეთა წიგნი, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ, თბილისი. 1968.
11. ვახუშტი ბაგრატიონი, ტომობა და შთამომავლობა ქართველთა, ხელნაწერთა ინსტიტუტი. A-756.
12. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, გამოსცა ილია აბულაძემ, თბილისი. 1953.
13. მ. თამარაშვილი, ისტორია კათალიკობისა ქართველთა შორის, თბილისი, 1902.
14. სებეოსი, ისტორია, ერევანი, 1939 (სომხურ ენაზე).
15. სტეფანოს ორბელიანი, სისაკანის სახლის ისტორია, თიფლისი, 1910 (სომხურ ენაზე).
16. ვარდან აღმოსავლელი, მსოფლიო ისტორია, 1861 (სომხურ ენაზე).
17. ლიტერატურა:
18. ნ. აკინიანი. ქართველთა კათალიკოსი კირიონი. ვენა. 1910.
19. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, თბილისი, 1960.
20. Н. Адонц, Ампелий, епископ Херсонский (К критике армянской Книги посланий), Христианский Восток , II, 1913.
21. И. Джавахов, История церковного разрыва между Грузией и Арменией в начале VII века. Известия Императорской Академии наук VI, №5, 1908.
22. Ив. Джавахишвили, Государственный строй древней Грузии и Армении. С.Петербург. 1905.
23. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, , თბილისი, 1928.
24. პ. კარბელაშვილ, იერარქია საქართველოს ეკკლესიისა, კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი, თფილისი, 1900.
25. ს. ჯანაშია. ფეოდალური რევოლუცია საქართველოში. თბილისი, 1935.
26. ვ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბილისი, 1960.
27. ლეო. სომხეთის ისტორია. II. ერევანი. 1947 (სომხურ ენაზე).
28. გ. ზარბანალიანი, ძველი სომხური მწერლობის ისტორია, ვენეცი, 1897 (სომხურ ენაზე).
29. ილია აბულაძე, მხითარ გოშის ტრაქტატი “ქართველთათვის” და მისი ლიტერატურული წყაროები, თსუ შრომები. VII, 1938

 


მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა