მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი ფარეზასძე

XIII-XIV სს.-is ხუროთმოძღვარი

 

ახალციხიდან 10-12 კმ-ის დაშორებით, ღრმა ხეობაში, ხშირ და დაბურულ ტყეში, რომელიც ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეებითაა დაფარული, მდებარეობს საფარის სახელგანთქმული მონასტერი. ამჟამად მონასტრის ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობა არსებობს. ცხადია, მათი უმეტესობა სხვადასხვა წმინდანთა სახელზე აგებული ეკლესიებია. ამ ნაგებობათა ქრონოლოგია X-XVII სს. მოიცავს. არის სამეურნეო დანიშნულების რამდენიმე თანამედროვე შენობაც. მთის ფერდობზე, ამ ნაგებობათა დასავლეთით, შემორჩენილია ჯაყელთა სასახლის ნანგრევები და მასთან დაკავშირებული საერო-საყოფაცხოვრებო დანიშნულების რამდენიმე შენობა (ისინიც ნანგრევებია). ყველაფერ ამას ჩრდილოეთიდან მაღალი, საკმაოდ კარგად შემონახული, რამდენიმე ასეულ მეტრზე გაჭიმული გალავანი შემოუყვება. საქმე ის არის, რომ შუა საუკუნეებში საფარა, სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ადგილობრივ ფეოდალთა და ამ მხარის გამგებელთაჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენციაც იყო.

სწორედ ჯაყელებს და განსაკუთრებით ამ გვარის ღირსეულ წარმომადგენლებსსარგისს, ბექას და ყვარყვარას უკავშირდება ფართო სააღმშენებლო სამუშაოების ჩატარება საფარის მონასტერში, რასაც ადგილი ჰქონდა XIII -ის 80-იანი წლებიდან XIV -ის დამდეგამდე. კერძოდ, ბექა მანდატურთუხუცესის ბრძანებით, უკვე ხანდაზმული და, როგორც ჩანს, საბას სახელით შემონაზვნებული სარგის ჯაყელის ბოლო დღეების სამყოფელად აუგიათ წმინდა საბას სახელობის დიდი ტაძარი, რომელიც დღეს დომინანტია მთელი სამონასტრო კომპლექსისა. შემონახული წყაროების, ძირითადად, წარწერების მიხედვით, ამ ტაძრის მშენებლობის ხუროთმოძღვარი ყოფილა გიორგი ფარეზასძე. ცხადია, მას მშენებლობა ცარიელ ადგილზე არ დაუწყია. მის მიერ აგებული ტაძარი სამხრეთის კედლით მიტყუპებულია X -ში აგებულ მიძინების ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან. მათ შორის კარია გაჭრილი და რამდენიმე საფეხურიანი კიბის ჩავლის შემდეგ წმინდა საბას ტაძრიდან ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღმოჩნდებით, რომელიც ოდნავ დაბლა მდებარეობს საბას ტაძარზე.

ფარეზასძის სახელი, როგორც ხუროთმოძღვრისა, შემოუნახავს წმინდა საბას ტაძრის დასავლეთი ფასადის ცენტრალური სარკმლის საპირეზე ამოკვეთილ და წითელი საღებავით ამოვლებულ ასომთავრულ წარწერას: `სრულ იქმნა საყდარი ესე საძირკუელითვე ყოვლითა ფერითა, ელითა ფარეზასძისათა, შეუნდვენ ღმერთმან~. ამრიგად, ტაძარი აუგია ხუროთმოძღვარ ფარეზასძეს. ეს წარწერა ჯერ კიდევ ბროსეს დროიდანაა ცნობილი სამეცნიერო ლიტარატურაში და ვახტანგ ბერიძის მონოგრაფიაშიც სამცხის XIII-XVI სს-ის ხუროთმოძღვრების შესახებ ტაძრის მშენებლად ფარეზასძეა მიჩნეული, რომლის სახელი უცნობი იყო.

საფარის მონასტრიდან ჯერ კიდევ 1982 წელს ახალციხის მუზეუმში გადატანილ იქნა ეკლესიის ქვის მოდელი, რომელიც თავის დროზე სახურავის კეხზე იქნებოდა შემოდგმული. ეს მოდელი მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან მასზე მოთავსებულ წარწერაში მიკვლეულ იქნა ტაძრის ხუროთმოძღვრის ფარეზასძის სახელიგიორგი. ეკლესიის ქვის მოდელი ორფერდა სახურავიანია, გამოთლილია მონაცრისფრო მონოლითისაგან. მის სამ მხარეს წარმოდგენილია ადამიანის რელიეფური გამოსახულებები, რომელთაგან ორი მამაკაცი ნიმბითაა და ერთი მამაკაცი ნიმბის გარეშე; მეოთხე მხარე სადაა და აქ სარკმელია გამოჭრილი. როგორც ჩანს, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს მხარე ეკლესიის აღმოსავლეთის კედელია. მისი მოპირდაპირე, ანუ მოდელის დასავლეთი კედელი მთლიანად შევსებულია მამაკაცის წელსზევითი გამოსახულებით, მკერდთან მიტყუპებული ხელის მტევნებით. მოდელის სამხრეთ კედელზე წარმოდგენილია წმინდა საბას გამოსახულება ნიმბით, ხოლო ჩრდილოეთის კედელზემამაკაცის წელსზევითი გამოსახულებაა მარცხენა ხელში გონიოთი და მარჯვენაში ჩაქუჩით. ცხადია, ამ ატრიბუტების მიხედვით, აქ ხუროთმოძღვარია გამოსახული.Mმის ზურგს უკან ფილის თავისუფალი ზედაპირი შევსებულია ასომთავრული წარწერით `ფარეზს შეუნდვენ ღმერთმან~, ხოლო მარჯვენა ნაწილში, გამოსახულების კისრის გასწვრივ, ამოკვეთილია ორი ასო `გი~ თავზე ქარაგმის ხაზით, .. აქ იკითხება `გიორგი~. ეს სიტყვა ადრინდელ გამომცემლებს შეუმჩნეველი დარჩენიათ.

ამრიგად, საფარის მონასტერთან დაკავშირებული ეპიგრაფიკული მასალის სრულად შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მონასტრის წმინდა საბას ტაძრის მშენებელია ხუროთმოძღვარი გიორგი ფარეზასძე და არა უბრალოდ ფარეზასძე, როგორც აქამდე იყო მიღებული.

გიორგი ფარეზასძეს ნამუშევარს ვახტანგ ბერიძე კარგი დონის ნაწარმოებად მიიჩნევს. თვლის, რომ იგი ბექა ჯაყელის კარის ხუროთმოძღვარი იყო. მისი აზრით, იმ დროისაა საფარაში აგებული სამრეკლო და ჯაყელთა სასახლის ნანგრევი. როგორც თვითონ წერს, საფარის წმინდა საბას ტაძარი პირველი ნიმუშია იმ საფეხურისა, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებაში XIII -ის მიწურულიდან მუშავდება. ამასთანავე, ფასადთა კომპოზიციის მხრივ, ძეგლი მოკლებულია მთლიანობას. მართალია, ტაძრის ორნამენტები ძალიან მდიდარია მოტივებით, მაგრამ მათში ერთგვარი მოდუნება იგრძნობა. თავისი ხუროთმოძღვრული არტისტიზმით იგი შორსაა XI-XIII სს-ის ორნამენტებისაგან. ისიც მისაღებია მხედველობაში, რომ ჩუქურთმების შესრულება მაღალ დონეზე დგას. ამასთანავე, გიორგი ფარეზასძეს რთული სამშენებლო-საინჟინრო ამოცანის გადაწყვეტაც დასჭირდა. აღმოსავლეთის მხრიდან ტაძარი ზედ ციცაბო კლდეზეა დადგმული. აქ საჭირო გამხდარა საგანგებო სუბსტრუქციის ამოყვანა. ეს ფასადი ფაქტიურად მიუდგომელია. მისი აღქმა ახლოდან შეუძლებელია და ამიტომაცაა, რომ იგი ტაძრის სხვა ფასადებისაგან განსხვავებით თითქმის მთლიანად მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას

 

 

მოამზადა ვალერი სილოგავამ