მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ფარსმან თმოგველი

XI . პოლიტიკური მოღვაწე

 

XI -ის შუა ხანების საქართველოს ერთერთი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეა ფარსმან თმოგველი. იგი მეფე ბაგრატ IV დროს ჯავახეთის ერითავთ-ერისთავი, მისი გამგებელი იყო. ფარსმან თმოგველზე ცნობები შემოუნახავთ `მატიანე ქართლისას~ და ჯავახეთის რამდენიმე ეპიგრაფიკულ ძეგლს. ამ მასალების მიხედვით აშკარაა, რომ ურთიერთობა მეფესა და ფარსმან თმოგველს შორის არაერთგვაროვანი იყო. `მატიანე ქართლისაის~ ავტორის ცნობით XI -ის 40-იან წლებში, როდესაც ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავსა და ბაგრატ IV შორის ურთიერთობა გამწვავდა, `ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცედ იყვნეს ერთგულებასა ზედა ბაგრატისსა, თვინიერ ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისის ერისთავისა. ავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდესა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო~. მაგრამ, უკვე XI -ის 60-იანი წლების დასაწყისისათვის, ფარსმანი მეფის ერთგულია, როგორც ჩანს, მის მიერვეა აგებული ახალქალაქის ზღუდე და იგი ამ ქალაქის მფლობელია, შეიძლება პირობით, ანუ დროებით. როგორც ხელისუფალი, არ ღალატობს მეფეს, და, როგორც ეს მირაშხნის წარწერაშია აღნიშნული, ციხის სხვა დამცველებთან ერთად თავს სწირავს ქვეყნის დასაცავად. მირაშხნის წარწერაში ალფ-არსლანის საქრთველოში შემოსევის, ფარსმან თმოგველისა და მესხი აზნაურების ახალქალაქის გმირული დაცვის შესახებ შემდეგია აღნიშნული:

`სახელითა ღმრთისაითა. მე, გიორგა ხუცესმან, დავწერე მას ჟამს, ოდეს გას მოვიდა ხორასანი ქალაქით. ჰოი, მე, გიორგაი ფრიად ცოდვილს. მეწიფა მოვიდა ჯავახეთს და შეჰრისხა ყოველი ყოველს ქრისტესდა. მეტად ახალქალაქით წაიღო, ასწყუიდა და ტუყუედ წაიღო. ყოველი მესხი აზნაური შიგან დგა. ფარსმან პირ ექმნა მეფეს. მოკლეს და ყოველი ასწყუიდეს. უფალო, შეუნდვნენ გოჰარის ცოდვანი, ამენ და მირაშხნელთა ყოველთა შეუნდვენ, უფალო, ამენ. მეცა ფრიად ცოდვილი მომიხსენეთ, გიორგა ბერი~.  

ფარსმანის კვალი ჯავახეთში სხვაგანაც ჩანს; კერძოდ, იგი იხსენიება სათხის და ზედა თმოგვის წარწერებში. სათხის წარწერა ამჟამად გადაშლილ გადათლილია, მაგრამ მისი ტექსტი შემონახულია . როსტომაშვილის გადმონაწერით (1898). იგი ასეთი ყოფილა: `ადიდენ ღმერთმან ფარსმან ერისთავთა-ერისთავი. აღაშენა ესე ეკლესია სადიდებელად მათდა და მშობელთა მათდა სალოცველად~; ხოლო, ზედა თმოგვის ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის არქიტრავზე ამოკვეთილია შემდეგი წარწერა: `ქრისტე, შეიწყალე სული ფარსმან ერისთავთ-ერისთავისაი, იოანეს ძისაი, ჭიმჭიმელისაი~. აქედან, ცხადია, რომ ზედა თმოგვის ეკლესიის აშენების დროისათვის ფარსმან თმოგველი გარდაცვლილი ყოფილა, ხოლო ფარსმანი, მირაშხნის წარწერის მიხედვით 1064 წელს გარდაიცვალა, რადგანაც იგი დაიღუპა ახალქალაქის დაცვისას თურქ-სელჩუკებისაგან, რასაც ადგილი ჰქონდა სწორედ ამ წელს.    

ფარსმან თმოგველს გარკვეული სამსახური გაუწევია ათონის ქართველთა მონასტერ ივირონისთვისაც; 8 ივლისს, წმ. პროკოპის ხსენების დღეს, ფარსმან თმოგველისთვის აღაპი დაუწესებიათ ათონის ქართველთა მონასტერში:

`თუესა ივლისსა 8, წმიდისა პროკოპისი. აღაპად განგვიწესებია ფარსმან თმოგველისადა. ყოვლითა მოსწრაფებითა აღესრულებოდენ რამეთუ მრავალნი წყალობანი ქმნნა ჩვენ ზედა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა~. აქედან ჩანს, რომ ფარსმანი ერთერთი ყოფილა იმ ქართველ დიდებულთა შორის, რომელთაც ბაგრატ მეფის წინაშე მრავალგზის გაუწევიათ შუამდგომლობა მონასტრისათვის.

საინტერესოა, რომ აღაპი ფარსმან თმოგველისათვის დაწესებულია წმინდა მეომრის პროკოპის ხსენების დღეს, რაც შემთხვევით არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, რომ ფარსმან თმოგველი თავისი დროის გამოჩენილი სამხედრო პირი და მეომარი იყო.

ეს აღაპი ფარსმანისთვის დაწესებულია ივირონში გიორგი მთაწმინდლის წინამძღვრობის დროს. ფარსმან თმოგველი და გიორგი მთაწმინდელი, როგორც ჩანს, პირადად იცნობდნენ ერთმანეთსგიორგი მთაწმინდელმა ხომ ახალქალაქი სამი დღით ადრე დატოვა, სანამ იქ სხვა მეციხოვნეებს შორის ფარსმან თმოგველიც დაიღუპებოდა.

არც ერთ წარწერასა და სხვა საისტორიო წყაროში, ფარსმან თმოგველის შვილები არ იხსენიებიან. როგორც ჩანს, თმოგვის ციხისა და ჯავახეთის ამ ნაწილის მფლობელთა საგვარეულო მისით შეწყდა

 

 

 

მოამაზადა ვალერი სილოგავამ