მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ეფრემ მაწყვერელი

IX საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, აწყურის მთავარეპისკოპოსი

 

 

       ეფრემ მაწყვერელი ჩვენთვის ცნობილია გიორგი მერჩულისგრიგოლ ხანძცთელის ცხოვრებიდან”. იგი და ქართული ეკლესიის მეორე გამოჩენილი პირი, ქართლის მომავალი კათალიკოსი არსენ  დიდი პატარაობიდანვე გრიგოლ ხანცთელისა და მისი მოწაფეების მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა საეკლესიო მოღვაწეობისათვის. ბოლოს, ეფრემი, რომელსაც გიორგი მერჩულედიდ ეფრემს უწოდებს, აწყურის ეპისკოპოსი გახდა _ “იქმნა ეპისკოპოს აწყურისა საყდარსა სამცხეს”, ნათქვამია  “გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში”. აქვე, მოთხრობილია ერთი ეპიზოდი, ჯავახეთში გამართული საქართველოს ეკლესიის კრების შესახებ, რომელსაც უნდა გაერჩია ეფრემის უმცროსი მეგობრის _ არსენის კათალიკოსის, ტახტზე დასმის კანონიერების საკითხი. “ცხოვრებაში ნათქვამია, რომ ქართლის ეპისკოპოსები არსენის მამის, მირიანის მიმართ გულმწყრალად იყვნენ, რადგან მან თავისი ძე არსენი კათალიკოსად დაადგინამძლავრ სამცხისა ერითა დათანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთათა”. საქმის გასარჩევად შეკრებილან ჯავახეთს, სადაც მოელოდნენ გრიგოლ ხანცთელის მოსვლასაც.

     წმ. გრიგოლის მისვლის შემდეგ კრებაზე მისულა ეფრემ ეპისკოპოსი, რომელმაც პირველად მოიკითხა თავისი მოძღვარი მამა გრიგოლი დამერმე ძმანი თვისნი ეპისკოპოსნი”, ნათქვამიაცხოვრებაში”; იქვე აღნიშნულია, რომ წმ. გრიგოლმა ფარულად გვერდზე გაიყვანა ეფრემი და უთხრა: _ შვილო, წმიდა მღვდელმთავრობის პატივს გაფიცებ, ნუ უშლი შენს სულიერ ძმას არსენის, . დათანხმდი მის კათალიკოსობასო.

           ეფრემს მიუგია: _ წმინდაო მამაო, სამართლიანობის გამო მე წინააღმდეგობას ვერ გავუწევ ჩემს მოძმე ეპისკოპოსებს, ეგ საქმე არ იქნება და მეც შემინდეო, “რამეთუ არა ვარ ამიერითგან არსენის ცხოვარი და არცა იგი ჩემი მწყემსიო”. ამის გამგონე წმ. გრიგოლს მრისხანედ უპასუხნია: “უკეთუ ამას იქმნ ეფრემ, მე უვარ მყავ, ვითა არა შენი მოძღვარი ვარ”. ეფრემი გრიგოლ ხანცთელის ამ სიტყვებზე ატირებულა და უთქვამს: “ფიცხელ არს ბრძანება ესე, გამკუეთელ უფრო მახვილისა. Aაწ ნება შენი იყავნ და ნუ ნება ჩემი, წმინდაო ღმრთისაო”. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ, ადგილობრივი ხელისუფალი  გუარამ მამფალიც არსენის წინააღმდეგი იყო, იგი  ქართლის კათალიკოსის ტახტზე მაინც დაამტკიცეს.

     გავიდა ხანი და მეგობრობა ეფრემსა და არსენს შორის კვლავ განახლდა, ორივე საქართველოს ეკლესიის ღირსეული მწყემსთავარი გახდა _ არსენი კათალიკოსის ტახტზე, ხოლო ეფრემი აწყურის საეპისკოპოსო კათედრაზე; უფრო მეტიც, ეფრემი გახდა ის, ვინც ქართლის ეკლესიას მირონის ხარშვის უფლება მოუპოვა. ამის შესახებგრიგოლ ხანძცთელის ცხოვრებაში შემდეგია ნათქვამი : “დიდი ეფრემ მრავლისა კეთილისა მომატყუებელ ექმნა ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ პირველად აღმოსავლისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალმით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტსმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევა ქართლს განაწესა იერუსალმისა პატრიარქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით”.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.      გიორგი მერჩულე, ცხორება გრიგოლ ხანცთელისა, იხ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I (V_Xსს.), დასაბეჭდად მომზადებული ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბ., 1963.

 

 მოამზადა ვალერი სილოგავამ