დემეტრე I
ერთიანი საქართველოს მეფე 1125-1155-56 წლებში. დავით აღმაშენებლის ძე
მამის, დავით აღმაშენებლის, გარდაცვალების შემდეგ დემეტრე I 30 წელზე მეტ ხანს მტკიცედ და ღირსეულად იცავდა სახელმწიფოს შინაური თუ გარეშე მტრებისაგან.
დემეტრეს ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. ივ. ჯავახიშვილი გულისტკივილით აღნიშნავდა: ”მისი ცხოვრება და თავგადასავალი საიდუმლოებით არის მოცული, ხოლო მოღვაწეობის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამიტომ ხეირიანათ არც კი ჩანს, რაზე იყო დამყარებული ამ მეფის დიდი სახელი”. თავის დროზე არსებობდა იოანე ჭიმჭიმელის თხზულება დემეტრე მეფის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ეს ნაწარმოები არ არის შემონახული. დემეტრეს გარდა, წერილობითი წყაროები დავითის სხვა შვილებსაც იხსენიებენ: ვახტანგს, თამარს, კატას და რამდენიმე ქალიშვილს, რომელთა სახელები, სამწუხაროდ, ცნობილი არ არის.
აზერბაიჯანელ ისტორიკოსს ზ. ბუნიატოვს დემეტრე დაახლოებით 1093 წელს დაბადებულად მიაჩნია, ნ. ასათიანს კი 1095-1096 წლებში დაბადებულად. მისი გარდაცვალების თარიღად ქართულ ისტორიოგრაფიაში აღიარებულია 1155-1156 წლები. რაც შეეხება დემეტრეს დედის ვინაობის საკითხს, ქართულ წყაროებში მასზე არავითარი ცნობა არ შემორჩენილა. XII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის ცნობით, დავითის პირველი ცოლი წარმოშობით სომეხი იყო, მეორე ცოლი კი ყივჩაყთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული - გურანდუხტი. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებიდან ირკვევა, რომ მეორე ცოლი საქართველოს მეფეს ყივჩაყების გადმოსახლებამდე, ანუ 1118 წლამდე შეურთავს.
დემეტრეს ნახევარძმას ვახტანგს, სომეხი ისტორიკოსის, ვარდან დიდის გადმოცემით, დიდ ფეოდალ ივანე აბულეთისძესთან ერთად დემეტრეს ტახტიდან გადაგდება მოუწადინებია, მაგრამ შეთქმულება გამომჟღავნებნულა და მეფეს იგი სასტიკად დაუსჯია _ დაუბრმავებია.
დემეტრეს მეუღლის შესახებ არაფერია ცნობილი, რაც შეეხება მის შვილებს, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანეს გადმოცემით, მას ჰყავდა ორი ვაჟი: დავითი, გიორგი და ერთი ასული, სახელად რუსუდანი. დემეტრეს ვაჟები მოხსენებული ჰყავთ სომეხ ისტორიკოსებს: სტეფანოს ორბელიანს, მხითარ გოშსა და ვარდან დიდს.
სხვა სამეფო ოჯახების მსგავსად, ვერც დემეტრეს სახლი გადაურჩა სატახტო ინტრიგებს. ამ მხრივ საინტერესოა დემეტრეს რთული ურთიერთობა მის უფროს ვაჟ - დავითთან. თამარ მეფის ისტორიკოსის მითითიებით, დავითმა, დემეტრეს უფროსმა ვაჟმა, ”ღალატსა და განდგომილობასა შინა მამისა მის დემეტრესსა, ამოსწყვიტნა ამის სამეფოსა დიდებულნი. რომელნიმე ექსორია-ქმნითა, რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითა”. წყაროთა მონაცემებით, დემეტრე მეფეს დავითი აუჯანყდა 1150 წელს. როგორც ირკვევა, თავის ორ ვაჟთაგან დემეტრე გიორგის ანიჭებდა უპირატესობას. იგი აპირებდა ტახტის გადაცემას გიორგისათვის, რითაც კანონიერ მემკვიდრეს - დავითს ართმევდა მეფობის უფლებას.
1150 წელს, დავითის ცდა - ხელთ ეგდო სამეფო ტახტი, მარცხით დამთავრდა. რამდენიმე წლის შემდეგ 1154-1155 წლებში დემეტრე ბერად აღიკვეცა, ხოლო დავითი იმავე წელს გამეფდა, მაგრამ მხოლოდ ექვსი თვე იმეფა, რადგანაც მალე გარდაიცვალა. ბერად აღკვეცილი დემეტრე კვლავ ტახტზე დაბრუნდა და გიორგიც თანამოსაყდრედ აღიარა. ამით მან დავითის მეფობაც კანონგარეშედ გამოაცხადა და მის ვაჟ დემნასაც სამუდამოდ გადაუღობა გზა სამეფო ტახტისაკენ.
დემეტრეს მეორე ვაჟი გიორგი (გიორგი III) კი 1156 წელს ავიდა ტახტზე და 1184 წლამდე მეფობდა.
1125 წელს გარდაცვლილმა დავით აღმაშენებელმა თავის მემკვიდრეს დემეტრე I-ს ძლიერი ქვეყანა დაუტოვა. იმდროინდელი საქართველოს საზღვრებში შედიოდნენ მეზობელი ქვეყნები: შარვანი და ჩრდილოეთი სომხეთი, ხოლო ოსეთი, ყივჩაყეთი და ჩრდილოეთი კავკასიის სხვა ტომების მთავრები საქართველოს ყმადნაფიცებად აღიარებდნენ თავს.
1117 წელს სრულიად ახალგაზრდა დემეტრემ აიღო ციხე ქალაძორი და ძლევამოსილი, ”სავსე ალაფითა და ტყვეთა ურიცხვთა” მოვიდა თავისი მამის წინაშე. დიდგორის ბრძოლაში კი დემეტრე, როგორც უკვე გამოცდილი სარდალი, ლაშქრის ერთ-ერთ ფრთას ხელმძღვანელობდა. მაგრამ ხანდახან, განსაკუთრებით დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდგომ, მაჰმადიანი მეზობლების გააქტიურებისა და ყივჩაყების ლაშქრის უკან გაბრუნების შედეგად დემეტრე წარუმატებლობასაც განიცდიდა. როგორც ცნობილია, 1121 წელს დავით აღმაშენებელმა ქ. ხუნანი შეიერთა, 1123 წელს - დმანისი, მაგრამ 1125 წელს დემეტრე იძულებული შეიქნა კვლავ ელაშქრა დმანისზე. სომეხი ისტორიკოსი ვარდან დიდ გადმოგვცემს, რომ დემეტრემ საქართველოს დაუბრუნდა ქ. ხუნანი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაკარგა. ბოლოს მაინც დაუბრუნებია, ხუნანი 1128 წელს, დმანისი კი - ცოტა მოგვიანებით.
ანისის შედადიანი მმართველები XII ს. 50-იან წლებშიც საქართველოს მეფის დემეტრეს ერთგულები იყვნენ. მოკლე დროში დემეტრემ მოახერხა საქართველოს ლაშქრის რეორგანიზაცია, მოწინააღმდეგის მიერ მიტაცებული მხარეების დაბრუნება და ზოგიერთი ძლიერი მეტოქის დამარცხება. სწორედ ეს საქმეები უხვეჭდა მას სახელს.
დემეტრე მეფის დიდ დიპლომატიურ ნიჭსა და უნარზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებლის დროს საქართველოსთან ყმადნაფიცობით შეკრულ ქვეყანათა შორის კვლავ რჩებოდა დარუბანდის საამირო და მისი მმართველები დემეტრესთან ძველებურ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.
XII საუკუნის 40-იან წლებში დემეტრემ ქალაქი განჯა საქართველოს მოხარკე ქვეყნად აქცია. განჯისა და ბელაყნის დახარკვა დემეტრე მეფის დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. დავით აღმაშენებლის დროს არცერთი მათგანი საქართველოს მეფეს ხარკს არ უხდიდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს დემეტრეს, როგორც სახელმწიფო მოღვაწის ნიჭსა და უნარზე.
ამრიგად, დემეტრეს შესახებ დღემდე შემორჩენილი მასალების საფუძველზე, იგი ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისი ქვეყნის ბედ-იღბლის გამგებელი ხელმწიფე ჩანს.
დემეტრეს, როგორც განათლებულ პიროვნებასა და პოეზიის მოყვარულს ქართული ფეოდალური ისტორიოგრაფიის წარმომადგენლებიც იცნობდნენ მაგალითად, XVIII საუკუნის გამოჩენილი მოღვაწე ანტონ კათალიკოსი დემეტრე პირველის შესახებ წერდა, რომ იგი იყო ”სიბრძნის მოყვარე, ღვთისმეტყველი, ბრძენი, რიტორი და პიიტიკოსი”, “გამომთქმელი იყო სტიხთა, მაღალშაირთა, რომელნიც დღეს ჩანან აღწერილად”. დემეტრე მეფეს ეკუთვნის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ყველასათვის კარგად ცნობილი საგალობელი “შენ ხარ ვენახი”.
დემეტრეს პირადი თვისებები შეუმჩნეველი არ დარჩენია სომეხ ისტორიკოსს მათე ურჰაელს, რომელიც შემდეგს აღნიშნავდა: ”ხოლო სომეხთა წელთაღრიცხვის 574 წელს გარდაიცვალა ქართველთა ქვეყნის კეთილმსახური და წმინდა მეფე დავითი. მის ტახტზე დასვეს მისი ძე დემეტრე, კაცი მხნე და ღვთისმოყვარული, მსგავსი თავისი მამის დავითისა ყოველი კეთილი საქმით”.
წყაროები da samecniero literatura:
moamzada ეlene ცაგარეიშვილma