მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

დავით III კათალიკოსი

 საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1435/36-1438/39 წლებში.

 

 

      დავით III-ის კათალიკოსოსობის ამსახველი დოკუმენტური მასალა მცირერიცხოვანია, მაგრამ მაინც შესაძლებელი ხდება გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ მისი მოღვაწეობის ზოგიერთ მხარეზე. დავითის კათალიკოსობის წლები ნაწილობივ ფარავს  ალექსანდრე დიდის მეფობის წლებს (1412-1442), ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ დავითი ამ შესანიშნავი მოღვაწე მეფის გვერდით საეკლესიო ხაზით განუხრელად იცავდა საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის კურსს. ჩვენამდე მოღწეული მწირი მასალა უჩვენებს კათალიკოსის ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს, მიმართულს იმ დროისათვის ახლად განახლებული მცხეთის საყდრის კუთვნილი მეურნეობის მოწესრიგებისადმი (ლექსიკონი). 

      ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური მესვეურნი და მისი ეკლესიის საჭეთმპყრობელი კარგად იყვნენ ჩახედულნი საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში და მასთან დაკავშირებულ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების ურთიერთობის რთულ საკითხებში. დავით კათალიკოსი, თავისთავად ცხადია, ალექსანდრე მეფესთან ერთადგამოეხმაურა ბიზანტიის იმპერატორის იოანე VIII პალეოლოგოსის (1425-1448) მოწოდებას და საქართველოდან გაგზავნა ორი დელეგატი (ერთი მიტროპოლიტი, მეორე _საერო პირი, როგორც ჩანს, სამეფო ხელისუფლების წარმომადგენელი) 1438/1439 წლებში მიმდინარე ფერარა-ფლორენციის ცნობილ საეკლესიო კრებაზე. სულ რაღაც 15 წელი იყო დარჩენილი კონსტანტინოპოლის   დაცემამდე და ბიზანტიის იმპერატორები, რომლებიც კარგად გრძნობდნენ მოახლოებულ კატასტროფას, არაერთგზის ცდილან ლათინებთან შერიგების გზით იმპერიის გადარჩენას.

      საქართველოში დელეგატების შერჩევის პრინციპი (სასულიერო და საერო) მოწმობს, თუ რა გულისყურით აკავირდებოდნენ მეფე და კათალიკოსი მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს და მზად იყვნენ თავისი წილი პასუხისმგებლობა, მათ შორის სამხედრო, აეღოთ, თუ კი მხარეთა კონსოლიდაცია მოხერხდებოდა.

      როგორც კრების მსვლელობამ უჩვენა, მის მესვეურთა უნიატური მისწრაფება სინამდვილეში ეკლესიათა შეერთებას გულისხმობდა რომის ეკლესიის პრიმატის აღიარებით. პოლიტიკურ გარემოებათა გამო ბიზანტიის ეკლესიების წარმომადგენლებმა, ანტიოქიის საპატრიარქოს გამოკლებით, ხელი მოაწერეს უნიის დოკუმენტს. ქართველ დელეგატებს, რომლებსაც, როგორც ჩანსწინასწარ ჰქონდათ გათვლილი მოვლენათა შესაძლო განვითარების შედეგები, დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ. მიტროპოლიტმა საერთოდ დატოვა სხდომები, ხოლო მეორე დელეგატი, “საერო პირი”, პირადად შეხვედრია პაპ ევგენიუს IV- (1431-1447) და, როგორც იმდროინდელი წყარო (სილვესტროს სიროპულოსი) გადმოგვცემს, განცვიფრებაში მოუყვანია პაპი თავისი განსწავლულობით და ურყევი ლოგიკით

      ფრაგმენტები სილვესტროს სიროპულოსის მემუარებიდან:  1. იბერიის ხალხთA ორი ელჩი კონსტანტინოპოლიდან ჩვენს ამალაში მოვიდა, ერთი ეპისკოპოსია, მეორეთავადი, ერისკაცი. ეპისკოპოსმა სინოდის სესიები მიატოვა, რადგან კარგად გაიგო, რომ გაერთიანებას ცუდი ხერხით უწევენ პროპაგანდას.... საქართველოს წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ...

      ქართველი თავადის პასუხი პაპისადმი, რომელიც ამაოდ ცდილობდა თავადის დაყოლიებას: ...ჩვენი ეკლესია მოასაწონია და ჩვენს დოგმებს ვემორჩილებით. ჩვენი ეკლესია ძალიან მტკიცედ იცავს თითოეულ  მცნებას ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, ასევე წმინდა მოციქულთა ტრადიციებს... ამისგან არასდროს გადაგვიხვევია და არაფერი დაგვიმატებია ... რომის ეკლესიამ კი მრავალი რამ დაუმატა  და საბოლოოდ წმინდა სამების სწავლების საზღვრები გადალახა.... სიმშვიდეს გამოიტანდა დამატებითი სიმბოლოს ამოგდება, ამისათვის კი არცერთ მოლაპარაკებაში არ მიგვიღწევია...  ამის შემდეგ იბერმა პაპს ურჩია, ხელი არ ეხლო ბარბაროსულ ენებზე არსებული დოგმებისათვის, რომელთაA ძალით წართმევა და მათ ნაცვლად თავისის დანერგვა სურს. პაპმა ფარული სიმწარით მოისმინა და განცვიფრებული გაჩუმდა”. 

 

 

              წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.  პირთა ანოტირებული ლექსიკონი, II,თბილისი, 1993, გვ.12-13.

2.  . ლომინაძე, XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბილისი,

3.  სილვესტროს სიროპულოსი, მემუარები, დაწერლი 1444 წლის ახლო ხანებში. “ბერძნებისა და ლათინების უმართებულო გაერთიანების მართალი ისტორია”, დამოწმებულია . ჟუჟუნაძის სტატიიდან “XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის” / ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, I, თბილისი, 1970, გვ. 14-20.

4.  . აბაშიძე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, “ნეკერი”, 2000, გვ.72.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ