მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
        

 

 

 

 

 

 

ბაქარ მირიანის ძე


ქართლის მეფე 342-264 წლებში (ვახუშტის მიხედვით), უმცროსი ძე ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანისა.

 

 


                მცირეწლოვანი ბაქარი მირიან მეფემ იმპერატორ კონსტანტინესთან დაზავებისას მძევლად გააგზავნა (ლეონტი მროველი, “მეფეთა ცხოვრება”). მირიანის მიერ ქრისტიანობის აღიარების შემდეგ ბაქარი სამშობლოში დააბრუნეს.
              ბაქარის ტახტზე ასვლას თან ახლდა დაძაბულობა მირიანის მემკვიდრეებს შორის. ჯერ კიდევ მირიანის სიცოცხლეში რევს, მირიანის უფროს ვაჟს, რომელიც დაქორწინებული იყო სომეხთა მეფის თრდატის ასულ სალომეზე (“მოქცევაი ქართლისაის” სალომე უჯარმელი), სამემკვიდრეო წილად ხვდა ქართლის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციები, კახეთ-კუხეთი. რევის გარდაცვალების შემდეგ სალომეს სომხეთის სამეფო კარის დახმარებით უცდია ქართლის ტახტზე თავისი ძის დასმა. ბაქარს დიდი ბრძოლის გადახდა მოუწია ტახტის დასაუფლებლად. მეტოქის ჩამოსაცილებლად ბაქარმა კავშირი შეკრა სპარსეთთან და თავის ირანელ სიძესთან (დის ქმარი), რანის გამგებელ ფეროზთან. მათი დახმარებით სომხებს სძლია (ქც I, 131). ბიზანტიელთა და სპარსელთა შუამავლობით ბაქარმა თავის მეტოქე ძმისწულს სამფლობელოდ დაუტოვა მხოლოდ კუხეთი და “დასხნა რუსთავს ერისთავად”. ამასთანავე ჩამოართვა წერილობითი პირობა, რომლის თანახმად, რევის შთამომავლები სამუდამოდ ამბობდნენ უარს ქართლის ტახტზე.
                  როგორც ცნობილია, ქართლის გაქრისტიანებას (ამ დროს ირანის შაჰი იყო შაბურ II (309-379), ირანის მხრიდან მოკლე ხანში რაიმე საომარი მოქმედებები არ მოჰყოლია. ბაქარი ახერხებდა რომთანაც და ირანთანაც მშვიდობიანი ურთიერთობა შენარჩუნებინა. (ვახუშტის მიხედვით მან 22 წელს იმეფა). 338 წელს შაჰს დაუწყია ხანგრძლივი ომი სომხეთთან, დაუმორჩილებია ალვანეთი, მაგრამ ქართლამდე აღარ მოსულა, რადგან შუამდინარეთში ჰქონია მთავარი ფრონტის ხაზი გახსნილი. 363 წელს ირანსა და რომს შორის ახალი ზავი დაიდო. ამ ზავით მხარეები ისევ ნიზიბინის ზავის პირობებს უბრუნდებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართლი კვლავ რომის გავლენის სფეროდ რჩებოდა.
                   მშვიდობიანობის პერიოდი ბაქარმა გამოიყენა ქრისტიანობის განსამტკიცებლად. ლეონტი მროველი მას მიაწერს ქართველ მთიელთა მოქცევას და წილკნის ეკლესიის აშენებას მემატიანე გადმოგვცემს, რომ იგი გამოირჩეოდა მორწმუნეობით, სწყალობდა სამღვდელოებას, მის დროს მღვდელნი და დიაკონნი დიდად გამრავლებულან.
 

 

 

 


წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:


1. ლეონტი მროველი, მეფეთა ცხოვრება/ ქართლის ცხოვრება I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955, 130-131.
2. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ქართულ-სომხური ტექსტი გამოკვლებვითა და ლექსიკონით გამოსცა ი.აბულაძემ, .თბილისი, 1953, 130-131.
3. მოქცევაი ქართლისაი/ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1963.
4. გ. მელიქიშვილი, ქართლის, იბერიის სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის სრომები, ტ.IV, ნაკვ. I, 1958, გვ.162.
5. ნ. ჯანაშია, ქართლი IV ს. პირველ ნახევარში, ქრისტიანობის გამოცხადება სახელმწიფო სარწმუნოებად/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები II, 1973, 71,82.
6. ვ.გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბილისი, 1990, 334-334.

 

 

 


მოამზადა მზია სურგულაძემ