მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                   

 

 

 

 

ბაგრატ III

ერთიანი საქართველოს მეფე 975-1014 წლებში

 

            ბაგრატ III ბაგრატიონი, ერთიანი საქართველოს მეფე, შუასაუკუნოვანი საქართველოს ერთ-ერთი განთქმული პოლიტიკური მოღვაწე, გურგენ მეფეთ-მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილიერთიანი ფეოდალური ქართული სახელმწიფოს პირველი მეფე გახდა.

      ბაგრატ III- განსაკუთრებით მძიმე საგარეო და საშინაო პირობებში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ბაგრატის დროს დასრულდა ხანგრძლივი  ბრძოლა ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნისათვის.

      როგორც ცნობილია, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო. პირველობისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა პოლიტიკურად და სტრატეგიულად, ასევე გეოგრაფიული მდებარეობით საყურადღებო რეგიონს, შიდა ქართლს, რომელსაც X საუკუნის დასაწყისიდანაფხაზთამეფეები ფლობდნენ.

      X საუკუნის 70-იან წლებიდან გახშირდა შინაფეოდალური ბრძოლები, რომლებმაც უფრო მეტად დაასუსტეს ქვეყანა. დაძაბულობამ განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს მეფობის პერიოდში (975-978 წწ.). ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც ბრძოლა დაიწყეს ქართლისათვის. სწორედ ამ დროს საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულმა მოღვაწეებმა, რომელთა მოთავე იყო ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე, ყურადღება შეაჩერეს მცირეწლოვან ბაგრატ გურგენის ძის პიროვნებაზე, რადგან იგი მიიჩნიეს გაერთიანებული ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ხელმძღვანელის ყველაზე უფრო შესაფერის კანდიდატად; ბაგრატი სამი სამეფოს პირდაპირ მემკვიდრედ ითვლებოდა. იგი იყოქართველთა მეფისტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთა-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და დავით III კურაპალატის შვილობილი და გაზრდილი.

      975 წელს იოანე მარუშისძემ დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. დავით III კურაპალატმა ბაგრატის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და ქართლისაკენ გამოემართა, რომელიც კახელებმა ჩუმად მიატოვეს. დავით ტაოელმა ქართველთა მეფე გურგენი და მისი ძე ბაგრატი უფლისციხეში დატოვა, მაგრამ ბაგრატის არასრულწლოვანობის გამო მას თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა.

      “მატიანე ქართლისა”- ცნობით, დავით კურაპალატმა ქართლის აზნაურები გააფრთხილა: “ ბაგრატი არის მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი”.

      დავით კურაპალატმა ბაგრატი ქართლისა და აფხაზეთის ტახტის მემკვიდრედ აღიარა. დავითის ტაოში გაბრუნებისთანავე, კახელები კვლავ შემოვიდნენ ქართლში, დაიპყრეს უფლისციხე, შეიპყრეს ბაგრატი, მამამისი გურგენი და დედა გურანდუხტი. მომხდარი ამბავი იოანე მარუშისძემ დავით კურაპალატს აცნობა, რომელიც დაუყონებლივ გამოემართა. კახელებმა დავითს მოციქული გაუგზავნეს, ტყვეები გაათავისუფლეს და უფლისციხეში დატოვეს. კახელები იძულებული შეიქნენ ქართლის ყველა დაპყრობილი ტერიტორია დაებრუნებინათ და წირქუალის ციხისა და გრუას გარდა.

      უსინათლო თეოდოსის მეფობის პერიოდში ძალიან აირია მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში. იოანე მარუშისძემ გადაწყვიტა ბაგრატის გამეფება აფხაზეთის ტახტზე და მან კვლავ რჩევისათვის დავით კურაპალატს მიმართა, რომელიც თავს იკავებდა, რადგანაც თეოდოსის სიცოცხლეში ბაგრატის გამეფების წინააღმდეგი იყო. იოანე მარუშისძე კი ჩქარობდა ბაგრატის გამეფებას დასავლეთ საქართველოში, მითუმეტეს, რომ ამ დროისათვის იგი უკვე სრულასაკოვანი იყო. საბოლოოდ 978 . დასავლეთ საქართველოს დიდ აზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის მოწადინებითა და დავით დიდი ტაოელის თანხმობით ბაგრატი ქუთაისის სამეფო ტახტს დაეუფლა. უსინათლო თეოდოსი კი დავით კურაპალატთან გააგზავნეს.

      980 წლიდან ბაგრატ III დამოუკიდებლად შეუდგა ქართული ფეოდალური სამეფოს მართვას. იმავე წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოვიდა, რადგანაც აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება მხოლოდ ნომინალური იყო, სინამდვილეში კი ქართლს დიდი აზნაურები: ტბელები, ძამელები, ფავნელები, ფხვნელები, კორინთლები განაგებდნენ.

      80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III- მოღრისთან ბრძოლაში დაამარცხა ქავთარ ტბელი, რომელიც შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებდა პრეტენზიას. მან დედისაგან ჩაიბარა უფლისციხე და ისევ დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამიერიდან ბაგრატ III მტკიცედ დაიმკვიდრა თავისი ძალაუფლება დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლზე.

      989 წელს ბაგრატ III კლდეკარის საერისთავოს ( თრიალეთი, მანგლისის ხევი, სკვირეთი ) გამგებელი რატი რატის ძე ბაღვაში დაიმორჩილა და მისი სამფლობელო თავის ერთგულ მოხელე-ერისთავს, ზვიად მარუშიანს გადასცა.

      1001 , როდესაც დავით კურაპალატი გარდაიცვალა, ტაოს ბიზანტიის იმპერატორი ბასილი კეისარი (976-1025 წწ.) დაეპატრონა და იქ მისულ ბაგრატ III-სა და გურგენ მეფეს მემკვიდრეობის მიღების ნაცვლად ბიზანტიის გამგებელმა ტიტულები დაურიგა _ ბაგრატს კურაპალატობა, გურგენს კი მაგისტროსობა უბოძა.

      ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ წართმეულ მიწა-წყალზეიბერიის თემიდააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა.

      1008 წელს გურგენ მეფეთა-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატს, როგორც მემკვიდრეს, გადაეცა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), კლარჯეთი, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამ დროიდან, ბაგრატ III “აფხაზთა და ქართველთამეფედ იწოდებოდა. ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს ქართლის მიტაცებული ციხეების მშვიდობიანად დათმობა მოსთხოვა, მაგრამ კახეთის გამგებელმა მას დაცინვით უარი შემოუთვალა. ბაგრატმა უკან არ დაიხია, მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთში ჩავიდა, ბრძოლით შემოიერთა იგი, დაეუფლა ჰერეთს და იქ მთავარი აბულალი დანიშნა. ბაგრატის წასვლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ გამგებელს და მიემხრო დავით ქორეპისკოპოსს. საბოლოოდ 1010 წელს ბაგრატ III შემოიერთა კახეთ-ჰერეთი.

      თავისი მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III- სომეხთა მეფე გამიკ I-თან ერთად გაილაშქრა რანის მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად თავს ესხმოდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატმა იგი აიძულა ყოველწლიურად გადაეხადა ხარკი და მონაწილეობა მიეღო საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლებში.

      ქვეყნის მთლიანობისა და სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბაგრატ III ზოგჯერ იძულებული იყო უკიდურესი ზომებისათვისაც მიემართა. მან თავისი ნათესავები, ბაგრატ არტანუჯელის ძენი, სუმბატი და გურგენი, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავალნი ურჩობისათვის მკაცრად დასაჯა: ვითომ შერიგების მიზნით სადარბაზოდ ფანასკერტში მიიწვია, შეიპყრო და გამოკეტა თმოგვის ციხეში, სადაც ისინი გარდაიცვალნენ.

      კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეთაგან ბაგრატმა ნაწილი პატიმრობაში ამოხოცა, ნაწილი ბიზანტიაში გახიზნა. წინანდელი მემკვიდრეობითი მფლობელები ყველგან მეფის მოხელე ერისთავებით შესცვალა.

 ერთიანი ფეოდალური საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო. ასე ჩაუყარა ბაგრატ III საფუძველი საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. მის დროს აიგო ქართული არქიტექტურის დიდებული ძეგლები: ბედიის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, ნიკორწმინდა და სხვა.

      ბაგრატ III გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხე-სიმაგრეში 1014 წელს, დაკრძალულია ბედიაში.

 

 

              წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ქართლის ცხოვრება 1, ტექსტი, დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.

2.     ლაპიდარული წარწერები, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა . შოშიაშვილმა, თბილისი, 1980.

3.     . კოპალიანი, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბილისი,1969;

4.     . ლორთქოფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX-X) თბილისი, 1963;

5.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წგნ.II, თბილისი, 1983.

 

 

მოამზადა ელენე  ცაგარეიშვილმა